ახალი ამბები

გარემოს დამცველი ორგანიზაციები ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ

(თბილისი, 1 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გარემოსა და ადამიანის უფლებათა დამცველი ბრიტანული და საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი სერიოზულად დააზიანებს რეგიონის ისედაც დასუსტებულ ეკოლოგიას.

სააგენტო როიტერის ცნობით, მათ შორის არიან ბრიტანული და საერთაშორისო ორგანიზაციები “დედამიწის მეგობრები”, “პლათფორმ ენდ ქორნერ ჰაუს”. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ არ დააფინანსონ მრავალმილიარდიანი პროექტი, რომლის აქციათა დიდი ნაწილი კომოპანია “ბრითიშ პეტროლიუმს” ეკუთვნის.

“პროექტი 3,3 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება და მისი უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივი ფულით უნდა დაიფაროს”, იუწყება სააგენტო როიტერი ორგანიზაცია “დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელის ტონი ჯუნიპერსის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც მან ბრიტანეთის პარლამენტში გააკეთა.       

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, ერთი თვის წინ დაიწყო. ნავთობსადენი ყოველდღიურად მილიონ ბარელ ნავთობს კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაზე გაიტანს.   

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 30 ოქტომბერს მოწვეულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნავთობსადენთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სხდომას თბილისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დირექტორთა საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.

“ჩვენმა მეგობრებმა (ნავთობსადენის მშენებლობაში ჩართული კომპანიები) სრული გარანტია მოგვცეს, რომ რეგიონის ეკოლოგია დაცული იქნება”, აღნიშნა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

“ბრითიშ პეტროლიუმმა” დაამშვიდა გარემოს დამცველი ორგანიზაციები, , რომ ნავთობსადენი მიწათმოქმედებს ზიანს არ მიაყენებდა. “ნავთობსადენი არ ავნებს მოსახლეობას, ვინაიდან მილი მიწის ქვეშ იქნება გაყვანილი”, იუწყება როიტერი “ბრითიშ პეტროლიუმის” ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

“ბრითიშ პეტროლიუმი” ნავთონსადენის აქციების 33-პროცენტიან პაკეტს ფლობს. სხვა კომპანიებზე აქციათა წილი შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარი” – 25 პროცენტი; “უნოკალი” – 8,9 პროცენტი; ნორვეგიული “სტატოილი” – 8,7 პროცენტი. აქციათა დარჩენილი რაოდენობა ფრანგულ, იაპონიურ და საუდის არაბეთის ფირმებზე მოდის. ცოტაოდენი ხნის წინ ამერიკულმა კომპანია “კონოკოფილიპსმა” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის აქციათა 2,5 პროცენტის შეძენის სურვილი გამოთქვა. 

მსგავსი/Related

Back to top button