
კორუფცია თურქეთთან ვაჭრობას აბრკოლებს
საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის მთავრობას ჯერ კიდევ 1997 წელს მიმართა თხოვნით საქართველოსათვის ვაჭრობაში შეღავათების მინიჭების თაობაზე. თუმცა, თურქულმა მხარემ 2002 წლამდე ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან თავი შეიკავა. თურქეთი 1996 წლიდან ევროპის საბაჟო კავშირის წევრია, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფუძნებული. ევროკავშირმა ერთი წლით ადრე საქართველოს სავაჭრო შეღავათები მიანიჭა, ამიტომ ქართულმა მხარემ ანალოგიური თხოვნით თურქეთსაც მიმართა. აღსანიშნავია, რომ პრეფერენციების სისტემა მხოლოდ სამრეწველო პროდუქციაზე, ნედლეულსა და ნახევარფაბრიკატებზე ვრცელდება, რაც დაახლებით 2500 დასახელების საქონელს მოიცავს. თუმცა, სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის სისტემასთან თურქეთის სავაჭრო რეჟიმის ჰარმონიზაცია უფრო ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, ვიდრე – მრეწველობიას სექტორში. ამდენად, სოფლის მეორნეობის პროდუქტებზე აღნიშნული შეღავათები არ გავრცელებულა. ქართველი ექსპერტების თქმით, საქართველოსათვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე შეღავათების დაწესება, ვინაიდან ამჟამად ქართული ეკონომიკის ძირითად საექსპორტო პოტენციალს სწორედ სოფლის მეურნეობა ქმნის. საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში “სივილ ჯორჯიას” განუცხადეს, რომ უკანასკნელი წლების განამვლობაში ორმხრივი ვაჭრობა საქართველოსა და თურქეთს შორის განუხრელად იზრდება. საელჩოს მონაცემებით, 1995 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ სახელმწიფოს შორის 118283 ათ. აშშ დოლარიდან 270127 ათ. აშშ დოლარამდე გაიზარდა 2001 წელს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის საბაჟოსა და საქართველოს საბაჟოს მონაცემები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისაგან. 2001 წლის თურქეთის მიერ აღრიცხული 270127 ათ. აშშ დოლარის ნაცვლად, ქართულმა მხარემ 173127 ათ. აშშ დოლარის ბრუნვა დააფიქსირა. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ დაახლოებით 100 მილიონ დოლარში განსხვავება საქართველო-თურქეთის გამშვებ პუნქტზე არსებული კორუფციით არის გამოწვეული და ცენტრალური ბიუჯეტისათვის განკუთვნილი უზარმაზარი თანხებით ქართველი ჩინოვნიკების საფულეები ივსება. თურქეთს საქართველოში ძირითადად შაქარი, ქაღალდი, ტროპიკული ხილი და ტკბილეული შემოაქვს, ხოლო საქართველოდან თურქეთში ჯართი, ალუმინი, ხე-ტყე და დაუმუშავებელი ნავთობი გადის. საქართველოდან ჯართისა და ალუმინის ექსპორტი პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ხშირად შეხლა-შემოხლას იწვევს. მათი მტკიცებით, საქართველოში რკინისა და ალუმინის სერიოზული საბადოები არ არსებობს. ამდენად, მათი მოპოვება, როგორც წესი, ქარხნებიდან მანქანა-დანადგარების დაშლითა და ლითონის ბიუსტების მოპარვის ხარჯზე ხდება, ხე-ტყის ჭრა კი საკურორტო ზონებსა და მეწყერსაშიშ ზონებში მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას დიდ ზიანს აყენებს. ვაჭრობის გარდა, თურქეთი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მხრივ მესამე ადგილზე დგას შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. თურქეთის საელჩოს მონაცემებით, დღემდე თურქულ მხარეს დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება აქვს განხორციელებული, მათ შორის, ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო სფეროსა და სამხრეთ კავკასიაში უდიდეს მინის ტარის ქარხანაში. “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ვაჭრობასა და საქართველოს გავლით საერთაშორისო გადაზიდვებს განსაკუთრებით ხელს უშლის ქართველი მებაჟეებისა კორუმპირებულობა და გზებზე მდგარი ინსპექტორების სიმრავლე. საელჩოს მონაცემებით, 4-5 წლის წინ თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიას 20 000-მდე სატვირთო მანქანა გაივლიდა. ახლა ეს რაოდენობა წელიწადში 10 000-მდე დაეცა. ამჟამად, თურქი მძღოლები ირანისა და ცენტრალური აზიის გავლით დადიან. თურქ მძღოლებს ქურთებით მჭიდროდ დასახლებული პროვინციების გავლა უწევთ, რაც, მათივე თქმით, გარკვეულწილად სახიფათოა. “ქურთებმა შეიძლება დაგიჭირონ, შეიძლება – არა, მაგრამ ქართველ პოლიციელებს ნამდვილად ვერსად გაექცევი”, ამბობს 47 წლის ბერანი, თურქი მძღოლი. რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯიასამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობასთან ერთად საქართველო და თურქეთი ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობებს აღრმავებენ. 2002 წლის 1 იანვრიდან თურქეთმა საქართველოს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით გათვალისწინებული სავაჭრო შეღავათები მიანიჭია. თუმცა საქართველოში არსებული კორუფცია თურქეთთან არსებულ ხელსაყრელ სავაჭრო ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აფერხებს.