ახალი ამბები

თურქეთის პოზიცია გადამწყვეტი იქნება გაზსადენის მშენებლობის დაწყებაში

თურქეთმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები რუსეთთან და ირანთან ბუნებრივი აირის ფასების შემცირების თაობაზე. ირანიდან და რუსეთიდან გაზის მოწოდების დამატებითი წყაროების გაჩენამ, შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მომავალი ეჭვქვეშ დააყენოს.

1994 წლიდან მოყოლებული, როდესაც საუკუნის კონტრაქტს მოეწერა ხელი და კასპიის ზღვის რესურსების ათვისება დაიწყო, თურქეთმა საკვანძო ფუნქცია შეიძინა, როგორც ამ რესურსების სატრანზიტო, ასევე მომავალში მათი გასაღების ერთ-ერთი ძირითადი ბაზრის თვალსაზრისით.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში არსებული გათვლებით თურქეთში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მკვეთრად უნდა გაზრდილიყო, ამიტომ, ერთი მხირვ, თავად თურქეთი იყო დაინტერესებული გაზის მოწოდების უსაფრთხოებისა და მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებით, ხოლო, მეორე მხრივ, რეგიონში ბუნებრივი აირით მდიდარი სახელმწიფოები ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ თურქულ ბაზარზე საკუთარი წილის დასამკვიდრებლად.

სწორედ 1996 და 1997 წელს გაფორმდა კონტრაქტები იარანთან 10 მლრდ. კუბური მეტრის მიწოდებაზე, ხოლო რუსეთთან ერთად შემუშავდა ამბიციური პროექტი “ცისფერი ნაკადი”, რომელსაც რუსული “გაზპრომის” 16 ლრდ. კუბური მეტრის მოცულობის გაზი შავი ზღვის ფსკერზე გამავალი სადენის მეშვეობით თურქეთში უნდა ჩაეტანა. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ორივე სახელმწიფოსთან გაზის გარანტირებული შესყიდვა იკისრა.

ოდნავ მოგვიანებით, 2001 წელს თურქეთმა აზერბაიჯანთან გააფორმა გაზის გრძელვადიანი შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან წამოვა. 2002 წლის ბოლოს დაიწყება ბაქო_თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობა, რომელმაც 2005 წლიდან უნდა დაიწყოს გაზის ექსპორტი თურქეთში.

თუმცა, 2001 წელს თურქეთში დაწყებულმა ფინანსურმა კრიზისმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გაზის მოხმარების მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა. თურქული ყოველდღიური გაზეთის “რადიკალის” ცნობით, 2002 წლის იანვარში თურქეთმა კონტრაქტებით გათვალისწინებული რაოდენობის მხოლოდ 80%-ის შესყიდვა შეძლო, მომდევნო თვებში ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო შემცირდა.

შესაბამისად, თურქეთმა მომდევნო წლებში გაზის მოხმარების ხელახალი გათვლა მოახდინა და 2005 წლისათვის დაგეგმილი 43.9 მლრდ. კუბური მეტრი 32.2 მილიარდ კუბურ მეტრამდე შეამცირა. ექსპერტების თქმით, 2005 წელს, როდესაც აზერბაიჯანული გაზი თურქეთის ბაზარს მიაღწევს, თურქეთმა აღებული ვალდებულებების თანახმად, 40.3 მლრდ. უნდა შეისყიდოს. თუმცა, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ეკონომიკის სასწაულებრივად გამოჯანსაღების პირობებშიც კი თურქეთს ჭარბი მიწოდების პრობლემები შეექმნება.

რამდენიმე დღის წინ თურქეთმა დაასრულა მოლაპარაკებები ირანათან და რუსეთთან გაზის მოწოდების პირობების შეცვლის თაობაზე. “როიტერის~ ცნობით, 10 ოქტომბერს თეირანში თურქეთისა და ირანის მთავრობის წევრებმა შეთანხმებას მიაღწიეს. თურქეთის ეკონომიკის მინისტრიეს ზეკა ჩაკანის განცხადებით,  24 ივნისის შემდეგ შეწყვეტილი გაზის მოწოდება ირანიდან აღდგება “გაცილებით შეღავათიანი და მოქნილი პირობებით”. 

მისივე თქმით, “გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსულ გაზზე 9%-იანი ფასდაკლება იქნა მიღწეული. რუსეთმა 2002 წელს თურქეთს მოხმარებული ბუნებრივი აირის ორიმესამედი მიაწოდა.

შექმნილ ვითარებაში თურქეთი გამოსავლის მოძებნას რეექსპორტის გზით შეეცადა. ანკარამ ხელშეკრულება 2002 წლის მარტში საბერძნეთთან გააფორმა მისი ტერიტორიის გავლით გაზის მიწოდებაზე. თურქეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ჭარბ ბუნერბივ აირს სწორედ ასე “დააღწევს” თავს და ვალდებულებებსაც პირნათლად შეასრულებს. თუმცა, “სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში” მიიჩნევენ, რომ თურქეთი ვერ შეძლებს შაჰ-დენიზის გაზის გარანტირებულ შესყიდვას, რადგან მისი ბაზარი გადავსებულია, ხოლო დასავლეთ ევროპაში რეექსპორტის პერსპექტივები ბოლომდე გაურკვეველი.

დასავლელი ექსპერტების პესიმიზმს არ იზიარებს ალექსანდრე თვალჭრელიძე, ექსპერტი კასპიის ნავთობის საკითხებში. “2010 წლისათვის თურქეთის მოხმარება 40 მლრდ. კუბირ მეტრს ნებისმიერ შემტხვევაში მიარწევს. დღეს არსებული კონტრაქტების გათვალისწინებითაც სულ მცირე 10 მლრდ. თავისუფალი რჩება ბაზარზე. ამას გარდა, აზერბაიჯანულ გაზზე იაფი და მაღალი ხარისხის მქონე ბუნებრივი აირი არც ირანს და არც რუსეთს არ აქვს”, განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.

თუმცა, შაჰ-დენიზთან დაკავშირებული სიტუაცია ბოლომდე გაურკვეველია. ამერიკელთა განსაკუთრებულ შეშფოთებას თურქეთის ბაზარზე რუსეთის მზარდი წილი იწვევს. დღესდღეობით “გაზპრომი” თურქეთის მოთხოვნის ორმესამედზე მეტს უკვე აკმაყოფიელებს და ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლირდება. რამდენიმე თვის წინ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში სტივ მანმა დასავლეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო წრეებში არსებული შეშფოთება, ფაქტობრივად, გაახმოვანა და თურქეთს შაჰ-დენიზის პროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

ქართულ ყოველდღიურ გაზეთ “რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში სტივ მანმა შაჰ-დენიზის შესახებ არაორაზროვანი განცხადება გააკეთა,: “ძალიან მნიშვნელოვანია გაზის პროექტის შესახებ თურქეთის პოზიცია და მისი დაინტერესება ამ პროექტით…ამ საკითხზე პასუხი რამდენიმე თვეში იარსებებს”.  

ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ევრაზიის ენერგეტიკული დერეფანი რეალურად ამოქმედდეს, რაც კასპიისპირა სახელმწიფოების დამოუკიდებლობასა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს.     

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

Back to top button