ახალი ამბები

ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გაუქმება ემუქრება

სახელმწიფო კანცელარიაში აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმაზე მომუშავე კომისია, რომელიც სამინისტროებისა და დეპარტამენტების შემცირებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, როგორც დამოუკიდებელი სამინისტროს გაუქმების ვარიანტს განიხილავს.

კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაერთიანებას. კომისიამ პროექტის საბოლოო სახე ოქტომბრის ბოლოს უნდა წარუდგინოს მთავრობას განსახილვევლად, რის შემდეგაც ის პარლამენტში შევა დასამტკიცებლად. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს დარჩენა-გაუქმების საკითხიც საბოლოოდ ამის შემდეგ გაირკვევა.

სამუშაო პროექტში გათვალისწინებულია 17 სამინისტროს 14-მდე და 10 სახელმწიფო დეპარტამენის ხუთამდე შემცირება. შემცირებები ძირითადად სოციალური პროფილის უწყებებს შეეხება. მათი გაუქმებით ჯანდაცვის სამინისტროს გამსხვილებაა დაგეგმილი.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 8 წლის წინ შეიქმნა. მინისტრი პირველივე დღიდან ვალერი ვაშაკიძეა. ის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგია და უკმაყოფილია იმის გამო, რომ სახელმწიფო კანცელარიის კომისიას მის უწყებასთან კონსულტაციები არ უწარმოებია.

“პროექტზე ისე მუშაობენ, რომ ჩემთვის აზრი არ უკითხავთ. არც არანაირი დოკუმენტი არ მინახავს. ინსტიტუციონალური რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ეს ბრიყვულად არ უნდა გაკეთდეს. აქამდე რამდენიმე სამინისტრო შეამცირეს, მაგრამ ბევრი რამ ნამდვილად ბრიყვულად გაკეთდა.” _ დაუფარავი უკმაყოფილებით განაცხადა მინისტრმა ვალერი ვაშაკიძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.

აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმების კომისიის წარმომადგენლის, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აკაკი ზოიძის თქმით, კომისია ყველა დაინტერესებულ პირს შეხვდება, მაგრამ ყველაზე მეტად ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რომელიც აგრეთვე ინსტიტუციონალურ რეფორმებზე მუშაობს.

აკაკი ზოიძე “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ “კომისიას ლტოლვილთა და განახლების სამინისტროს შესახებ რამდენიმე მოსაზრება აქვს, რომელთაგან ოპტიმალურ ვარიანტად მისი ჯანდაცვის სამინისტროსთან გაერთიანება მიიჩნევა”.

თვისობრივად განსხვავებულ პროექტს ამუშავებს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული ბიურო.  ბიუროს იურისტი პალეკო კუბლაშვილი აცხადებს, რომ მათი პროექტით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოვალეობები სამ სამინისტროზე გადანაწილდება. ლტოლვილთა რეგისტრაციის უფლება იუსტიციის სამინისტოს გადაეცემა, მათი განსახლება და გადაუდებელი ღონისძიებები _ განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს კი ლტოლვილთა შემწეობებისა და დახმარებების გაცემა დაეკისრება.

თუმცა, შესაძლოა ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ფუნქციების სამ სხვადახვა უწყებაზე გადანაწილებისას გარკვეული სირთულეები შეუქმნას ლტოლვილთა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს საქართველოში.

“როგორც წესი ქვეყნის ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებზე ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ, მაგრამ რადგან საქმე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცვლილება ჩვენს სამუშაოს ოდნავ გაართულებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თავისუფლად შევძლებთ სამივე სამინისტროსთან თანამშრომლობას და ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პატრიკ ტეზიემ, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელის მოადგილემ. 

“ჩვენ სხვა ვარიანტებსაც ვამუშავებთ, მაგრამ ლტოლვილთა სამინისტროს უფლებების სამ სამინისტროზე გადანაწილების ვარიანტი ოპტიმალურად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, პრობლემები არავის შეექმნება. საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს,” აღნიშნა “სივილ ჯორჯიასთან” პალეკო კუბლაშვილმა.

ანტიკორუფციულ საბჭოს სურდა, რომ ინსტიტუციონალური რეფორმის განსახორციელებლად საჭირო თანხები 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებულიყო და რეფორმას არ დაეგვიანა. თუმცა, ქვეყანაში პანკისის ხეობის გარშემო განვითარებული დრამატული მოვლენების გამო, რეფორმის პროექტზე მუშაობა ჯერ არ დამთავრებულა და შესაბამისად, მისი დაფინანსების საკითხი არც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ჩაიდო.

მინისტრ ვაშაკიძეს მისი სამინისტროს გაუქმების არ ჯერა. მისი აზრით, ქვეყანაში უამრავი იძულებით გადაადგილებული პირია და სახელმწიფოს შესაბამისი პოლიტიკის გასატარებლად ცალკე უწყება სჭირდება.

ჩვეულებრივი დევნილებისთვის ხელისუფლებაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. “სულ ერთია სად გააერთიანებენ სამინისტროს, ჩემთვის მთავარია აფხაზეთში დაბრუნება და დახმარებების დროულად მიღება,” ამბობს აფხაზეთიდან დევნილი, ოჩამჩირელი ლეილა გურგულია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში   261 ათასი დევნილი და 3 ათას 837 ლტოლვილია აღწერილი. 11 ათას 800 დევნილი  სამაჩაბლოდან (ცხინვალის რეგიონი) არის, დანარჩენები აფხაზეთიდან. მათ ყოველთვიურად 12 ლარის (5,6 დოლარი) შემწეობა ეძლევათ. ლტოლვილებს რაც შეეხებათ, მათი დიდი ნაწილი ჩეჩნეთიდან კონფლიქტის გამო მოხვდა საქართველოში. პანკისის ხეობაში 3 ათას 760, თბილისში კი 162 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

მათ გარდა საქართველოში დროებითი თავშესაფარი 16 აზიელმა (ავღანეთი, პაკისტანი, ირანი) ლტოლვილმა იპოვა. ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ფირცხალავას თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო ვინმესთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს არ განიხილავს.

ისევე როგორც მინისტრი ვალერი ვაშაკიძე, სამინისტროს თანამშრონლებიც მიიჩნევენ, რომ დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არ უნდა გაუქმდეს.

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

Back to top button