
გაერო-ში საქართველოს ელჩის რევაზ ადამიას მინართვა
გაეროს 57-ე გენერალური ასამბლეა საკითხი # 160: საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრის ღონისძიებები ბატონო თავმჯდომარე, რადგან ჩემი დელეგაცია პირველად გამოდის სიტყვით, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ და ბიუროს წევრებს არჩევა ამ თანამდებობაზე. ჩემი დელეგაცია დარწმუნებულია, რომ თქვენი პირადი შესაძლებლობებისა და პროფესიონალიზმის წყალობით წარმატებულად წარგვიძღვებით მეექვსე კომიტეტის მუშაობაში. ბატონო თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შდემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ ცხადად დაინახა მის წინაშე არსებული საფრთხის ჭეშმარიტი სიდიდე. ამ სულის შემძრავმა ტრაგედიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ქვეყანაზე, რომელმაც რამოდენიმეჯერ იწვნია ტერორისტული აქტების გამანადგურებელი შედეგები. უფრო მეტიც, ამ თავდასხმებმა შეგვახსენეს ტერორისაგან თავისუფალი და ათასწლეულის დეკლარაციის ღირებულებებზე – თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, შემწყნარებლობა, გარემოს პატივისცემა და პასუხისმგებლობის განაწილება – დამყარებული ახალი საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბების გზაზე არსებული სირთულეების შესახებ. ეს ის ფასეულობებია, რომლებიც საფუძვლად უდევს მრავალმხრივ ძალისხმევას გლობალური ანტიტერორისტული კოალიცია, რომლის აქტიური წევრიც გახლავთ საქართველო. ტერორიზმის ბუნებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ამ ბოროტებასთან ეფექტური ბრძოლისათვის საჭიროა სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ზომების ერთობლიობა. ამ მხრივ ჩვენ ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისათვის სამართლებრივი ჩარჩოების შექმნას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. საქართველო უკვე მიუერთდა თორმეტიდან ექვს ანტიტერორისტულ კონვენციას, რომელთაგან ბოლო, 2000 წლის 10 იანვრის ტერორიზმის დაფინანსების შეწყვეტის კონვენცია, გადაეცა გაეროს გენერალურ მდივანს ერთი კვირის წინ. ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ დასასრულს უახლოვდება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობასთან ბრძოლის კონვენციის რატიფიცირებისათვის აუცილებელი კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურები. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ წარვადგინოთ ამ კონვენციის რატიფიკაციის დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ არსებობს გარკვეული სიმბიოზი საერთაშორისო სამარლებრივ სივრცეში გატარებულ ძალისხმევასა და ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებს შორის, რომელთა მიზანია ადგილობრივი კანონმდებლობის ადაპტირება როგორც ანტიტერორისტულ კონვენციებთან, ასევე 1373 (2001) რეზოლუციასთან. ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებაში მომზადდა კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომელიც წარედგინა პარლამენტს დასამტკიცებლად. აგრეთვე მიმდინარეობს ქველმოქმედებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის გადახედვა იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას `ფულის გათეთრება~ და ტერორისტული აქტების შემდგომი დაფინანსება. ჩვენ ვაგრძელებთ 1373 (2001) რეზოლუციის შესაბამისად შექმნილ ტერორიზმის საწინააღმდეგო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას და ვემზადებით საქართველოში მისი შემფასებელი მისიის უახლოეს მომავალში ვიზიტისატვის, რომლის მიზანიც იქნება ტერორიზმის საშიშროებისადმი ეფექტური რეაგირების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. ჩვენ, ასევე, წარვადგინეთ ექსპერტი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლება ტერორიზმის საწინააღმდეგო კომიტეტის მუშაობაში ჩართვა. ბატონო თავმჯდომარე, იმისათვის, რომ ქვეყნის ანტიტერორისტული ძალისხმევა ეფექტური გახდეს, აუცილებელია მისი გლობალურ მასშტაბში განხორციელება. ამ მხრივ, ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც გაეროს, ასევე რეგიონალურ ჩარჩოებში, განსაკუთრებით ეუთოს, ევროპის საბჭოსა და გუუამის ფარგლებში. ანტიტერორისტული კონვენციებისა და 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისა და პრევენციის მხრივ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ ანტი-ტერორისტული და ანტი-კრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში, საქართველო. ოპერაცია, რომელიც დადებითად შეფასდა აშშ-ს სახელმეიფო დეპარტამენტისა და ეუთოს მიერ, წარმოუდგენელი იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი დახმარების გარეშე, რაც გამოიხატა აღჭურვისა და წვრთნის პროგრამაში. ამ დროისთვის, მას შემდეგ რაც დასრულდა ოპერაციის აქტიური ფაზა, ხეობა გათავისუფლებული იქნა ჩეჩენი ბოევიკებისაგან, 41 პირი კი დაპატიმრებული იქნა. ოპერაციის სამხედრო ფაზის დასრულების შემდგომ, საქართველოს კანონდამცავი ორგანოები შეუდგნენ ანტი-კრიმინალური ფაზის განხორციელებას, ანუ პანკისში კანონიერებისა და წესრიგის დაცვის ღონისძიებების გატარებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით ერთობ გასაკვირია, თუ რა მიზანს ემსახურება განუწყვეტელი ანტი-ქართული ისტერია რუსულ მას-მედიაში იმის ბრალდებით, რომ საქართველო არა თუ არ ებრძვის, არამედ მფარველობს კიდეც ტერორისტებს. არაფერი შეიძლება იყოს ამაზე შორს სიმართლისაგან. სიმართლე ისაა, რომ როგორც მეზობელი, ასევე სხვა დაინტერესებული სახელმწიფოების კომპეტენტური სამსახურების წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ ოპერაციის მიმდინარეობის მანძილზე. უფრო მეტიც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ უკვე მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა მათ თავად იხილონ, რომ პანკისის პრობლემა აღარ არსებობს. მეტიც, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დაინტერესებული საერთაშორისო სტრუქტურის თუ ორგანიზაციის ნებისმიერი ჯგუფი იქ არსებული მდგომარეობის მაქსიმალური გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად. სიმართლე ისაა, რომ ბოლო ბრძოლები გაიმართა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში – რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 100 კმ-ის დაშორებით. შესაბამისად, ამ მოვლენების საქართველოზე გადმობრალების მცდელობა უსაფუძვლოა. პირიქით, უპრიანი იქნებოდა რუსეთის მესაზღვრეებისა და სამხედროების საქმიანობის გამოძიება იმისათვის, რომ გაირკვეს თუ რამ გამოიწვია შეიარაღებული ჯგუფის შეუფერხებელი გადაადგილება ჩეჩნეთის მიმართულებით ისე, რომ ისინი შემჩნეულები მხოლოდ ბოლო მომენტში იქნენ. სიმართლე ისაა, რომ არც მდგომარეობა პანკისის ხეობაში, რომლის ჩამოყალიბება გამოწვეული იყო ჩეჩნეთში მიმდანარე კონფლიქტით, არც საქართველოს, როგორც გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის წევრის მიერ საერთაშორისო სამართლისა და 1373 (2001) რეზოლუციის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენენ გაეროს ქარტიის 51-ე თავის შესაბამისად ძალის გამოყენების საფუძველს, როგორც ეს იყო გაცხადებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. 2000 წელს ჩვენ შევძელით მიგვეღწია ეუთოს მხარდაჭერისათვის საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით მისი მისსის გამოგზავნის საკითხში. სიმართლე ისაა, რომ საქმიანობის 2 წლის მანძილზე მათ არც ერთხელ არ დაუფიქსირებიათ საქართველოს მხრიდან სასაზღვრო რეჟიმის თუნდაც ერთი სერიოზული დარღვევა. პირიქით, საქართველოს მესაზღვრეებმა დააკავეს და გადასცეს რუსეთის მხარეს შეიარაღებული ჯგუფების წევრები, რომლებმაც რამოდენიმეჯერ სცადეს ჩემს ქვეყანაში შემოსვლა რუსეთის ტერიტორიის მხრიდან. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი მხარს უჭერს და ასაზრდოებს საქართველოს ორ რეგიონში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში – არსებულ სეპარატისტულ რეჟიმებს. ეს რეგიონები გადაიქცნენ კანონგარეშე სივრცეებად, სადაც ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები და ტერორი ყოველდღიურ `ნორმას” წარმოადგენს. რუსეთის ოფიციოზი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს აფხაზ სეპარატისტულ რეჟიმს, რომელმაც თავი გამოიჩინა მეტწილად ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდით, აიძულა რა 300 ათასზე მეტ ქართველს მიეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები ცხადად მოწმობენ, რომ ამ რეგიონებში არსებული მდგომარეობა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმის, ნარკოტიკების ტრანსპორტირებისა და იარაღის კონტრაბანდისათვის. აქ, ბატონო თავმჯდომარე, არ შემიძლია არ შევეხო მრავალჯერ გამეორებულ მზადყოფნას, მიღწეული იქნას საერთაშორისო ტერორიზმის შესახებ ერთიანი კონვენციის შესახებ შეთანხმება, რასაც ჩემი ქვეყანა სრულებით იზიარებს. თუმცა, ამ დოკუმენტებმა რეალურ ქმედებებში უნდა ნახონ გამოვლინება. 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების 8 წლიანი განლაგების პირობებში, 2000-ზე მეტი ქართველი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული სეპარატისტების მიერ კონფლიქტის ზონაში აფხაზეთში, საქართველო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ხდებოდა რუსი სამშვიდობო ძალების არა მხოლოდ დაშვებით, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზური რეჟიმის მიერ განხორციელებულ დამსჯელ ოპერაციებში პირდაპირი მონაწილეობითაც. შეუძლებელია ერთდროულად მხარი დაუჭირო და ებრძოლო ტერორიზმს. მაგრამ ზოგიერთები ამასაც ახერხებენ. და ბოლოს, სიმართლე ისაა, რომ კარგად ცნობილი საერთაშორისო ტერორისტი იგორ გიორგაძე, რომელიც ძებნაშია გამოცხადებული პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებულ რამოდენიმე თავდასხმასთან დაკავშირებით, თავშესაფარს პოულობს რუსეთში 7 წლის მანძილზე. მისი ექსტრადიციის მრავალი მოთხოვნა როგორც საქართველოს, ასევე ინტერპოლის მხრიდან უარყოფილი იქნა იმ საფუძველზე, რომ რუსეთის სამართალდამცავი ძალები ვერ ადგენდნენ მის ადგილსამყოფელს. აშშ-ს კონგრესის მოწოდებამაც, გადაეცათ ტერორისტი საქართველოსათვის, ასევე ვერ გამოიღო ნაყოფი. ამავე დროს, გიორგაძეს ხშირად ხედავენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისა და სამხედროების მაღალჩინოსნების გარემოცვაში. კიდევ მეტიც – გიორგაძე რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის თითქმის მუდმივი რესპოდენტი გახდა. ეს საუკეთესო მაგალითია რუსეთის ორმაგი სტანდარტების სადემონსტრაციოდ – საქართველოს წინააღმდეგ ბრალდებების წამოყენება, ერთის მხრივ, და ტერორიზმის მხარდაჭერა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მეორეს მხრივ. ბატონო თავმჯდომარე, ნება მიბოძეთ დავასრულო იმით, რითაც დავიწყე. საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია იმოქმედოს საყოველთაოდ გაზიარებული პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით და უზრუნველყოს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებები არ იქნენ ბოროტად გამოყენებული დემოკრატიული და გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისათვის. ქცევის საერთაშორსიო ნორმები ერთნაირად უნდა ეხებოდეს ყველა სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობისა და სიდიდის მიუხედავად. ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ – საერთაშორისო ტერორიზმთან დაპირისპირებაში ჩვენ ისე, როგოც არასდროს, გვესაჭიროება ერთიანი ძალისხმევა. გმადლობთ, ბატონო თავმჯდომარე
მეექვსე კომიტეტი