ახალი ამბები

სომეხი პოლიტიკოსის წარმატებული ვიზიტი საქართველოში

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის არმენ ხაჩატრიანის ვიზიტი 9-12 ოქტომბერს გარკვეული ხელშესახები შედეგით დასრულდა.

9 ოქტომბერს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არმენ ხაჩატრიანი სომეხ პარლამენტარებთან ერთად საქართველოს ეწვია. სომხური დელეგაცია საქართევლოში ორი ძალზე კონკრეტული წინადადების განსახილველად ჩამოვიდა – აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის აღდგენა და, შესაბამისად, სომხეთისათვის რუსეთში ექსპორტის რკინიგზით განხორციელება და ორ ქვეყანას შორის არსებული მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა – უმეტესწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული ჯავახეთი. 

ხაჩატრიანის თქმით, თურქეთთან არსებული ბლოკადისა და აფხაზეთის რკინიგზის უმოქმედობის გამო, სომხეთის ეკონომიკა ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარით ზარალდება.

ამჟამად, სომხური პროდუქციის რუსეთში გატანა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით ხორციელდება, რაც საქონლის თვითღირებულებას დაახლებით 30-40%-ით ზრდის. ამდენად, სომხური დელეგაციის თქმით, სომხეთისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზის ამოქმედებას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება.

ქართველ კოლეგასთან სეხვედრის გარდა, 12 ოქტომბერს არმენ ხაჩატრიანი აგრეთვე სეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს და რკინიგზის აღდგენის აუცილებლობაში მის დარწმუნებას შეეცადა.

რკინიგზას ქართულ-სომხურ ურთიერთობებში სიმბოლური დატვირთვაც აქვს. 2001 წლის დეკემბერში ნინო ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ სომხეთში შედგა, სადაც მატარებლით გაემგზავრა. ახლაც, არმენ ხაჩატრიანი მატარებლით ეწვია თბილისს. მართალია, ორივე შემთხვევაში მატარებლით მგზავრობა მწირ ბიუჯეტს დაბრალდა, მაგრამ ამგვარი ქმედებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში რკინიგზის განსაკუთრებულ როლს აშკარად გაესვა ხაზი.

ორმხრივი მოლაპარაკებებისას ქართულმა მხარემ ღიად მიანიშნა სომხეთის დელეგაციას, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გარეშე ამ საკითხის მოგვარება არარეალურია. “პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს დევნილთა მშვიდობიანი დაბრუნების პრობლემა და უნდა გამოჩნდეს კონფლიქტის მოგვარების გზები. ამის შემდეგ, მოხდება რკინიგზის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მაგისტრალის აღდგენა”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ კოლეგის პრეტენზიებზე პასუხად.

თუმცა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არ დასჯერდა ბურჯანაძის პასუხს  და განაცხადა, რომ აფხაზეთის ბლოკადას აზრი არა აქვს, რადგან აფხაზებს გარესამყაროსთან ისედაც ძალზე მჭიდრო კავშირები აქვთ. “ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი [ქართულ-აფხაზური კონფლიქტი] უნდა მოგვარდეს. არ შეიძლება მარტო შენს აზრზე იდგე…ამის გარეშე ვერცერთი კონფლიქტი ვერ მოგვარდება, ვერც აფხაზეთის და ვერც ყარაბაღის”, არადიპლომატიურად გაიჟღერა არმენ ხაჩატრიანის განცხადებამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა აფხაზეთის მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ დევნილთა საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პარალელურად. “ბევრი რამ რუსეთზე არის დამოკიდებული, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაიწყოს საკუთარი ვალდებულებების შესრულება და ხელი აიღოს კონფლიქტების გაღვივებაზე”, ხაზგასმით განაცხადა ბურჯანაძემ. 
საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში კიდევ ერთ, ძალზე მგრძნობიარე საკითხს ძირითადად სომხებით დასახლებული ჯავახეთის რეგიონი წარმოადგენს.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის დღის წესრიგში ახალქალაქში განლაგებული რუსული ბაზას ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ეჭირა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალქალქში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს ბაზა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით დახუნძლულ რეგიონში დასაქმებისა და შემოსავლის, ფაქტობრივად, ერთადაერთ წყაროს წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლებას რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების გარკვეული გეგმები აქვს შემუშავებული, რომელიც სამხედრო ბაზის ალტერნატიული დასაქმებისა და სემოასვლის წყაროს შექმნის რეგიონში. ამ პროგრამების თანადაფინანსების სურვული სომხეთმა გამოთქვა. “საჭიროა, ფაქიზი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ, რათა მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი”, აღნიშნა ხაჩატრიანმა.

აღსანიშნავია, რომ არმენ ხაჩატრიანის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ჯავახეთის თემა ძალზე აქტუალური გახდა. ერთდროულად, რამდენიმე პრობლემა დადგა დღის წესრიგსი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ ერევანში რამდენიმე ოფიციალური ვიზიტით უპასუხა.

ოქტომბრის ბოლოს გავრცელდა ცნობა, თითქოს სომხეთი ახალქალაქში საკონსულოს გახსანას აპირებდა. ეს ცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ კატეგორიულად უარყო. თუმცა, ხაჩატრიანის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ერევანს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში თეიმურაზ მოსიაშვილი ეწვია. სომხეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მოსიაშვილმა კატეგორიულად უარყო საკონსულოს გახსნის შესახებ ერევნის განზრახვა.

ამავდროულად, ახალქალაქში არსებულმა საინფორმაციო სააგენტო “ა-ინფომ” გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გილაევი და მისი რაზმი ჯავახეთში იმყოფებოდა და თურქეთში გადასასვლელად ემზადებოდა.

ჩეჩნების სავარუდო ყოფნის გამო ჯავახეთში, გარკვეულწილად, დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაართულა რეგიონში სომხური პოლიტიკური ორგანიზაცია “ვირკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ფედია ტოროსიანის არასწორი ბუხჰალტრული აღრიცხვიანობის მიზეზით დაპატიმრებამ. თუმცა, ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ ტოროსიანის დაპატიმრების რეალურ მიზეზად “ვირკის” პოლიტიკური აქტიოვობა დაასახელა, რომელიც სომხებით დასახლებული ჯავახეთისათვის ავტონომიის მინიჭებას ითხოვს.

ამ ცნობებმა საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებას დაემთხვა 1 ოქტომბერს საქართველოს უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას ვიზიტი ერევენაში, სადაც მოლაპარაკებებმა სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარეაბში ჩაიარა. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ხაბურძანია რუსეთთან უკიდეურესად გართულებული ურთიერთოებების ფონზე სომხეთის მხარდაჭერით ჯავახეთში დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა.

იქედან გამომდინარე, რომ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არც საკონსულოს გახსნისა და არც ტოროსიანის საკითხს აღარ შეხებია, ჩანს, რომ ხაჩატრიანის დიპლომატიური მისია წარმატებული იყო. ნინო ბურჯანაძემ კი ჯავახეთზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯავახეთის პრობლემების მოგვარება საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდეს.

თუმცა, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით სომხეთს აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნისათვის კიდევ საკმაო ხანს მოუწევს ლოდინი. ამის მიუხედავად, ჩანს, რომ ორივე მხარისათვის მგრძნობიარე ჯავახეთის საკითხში ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონსტრუქციული თანამშრომლობის გზები გამონახეს.

ქართულმა მხარემ მიანიშნა სომხურ დელეგაციას, რომ, თუ ერევანი რუსეთთან გამართული მოლაპარაკებებისას მხარს დაუჭერს საქართველოს პოზიციას აფხაზეთის საკითხში, მაშინ რკინიგზის გასხსნასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა, მოგვარდეს.  

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button