ახალი ამბები

შეიკარით უსაფრთხოების ქამრები, თვითმფრინავი თბილისში ეშვება

“ლარები გააქვს?” – მითხრა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც ჩასხდომის ბარათებს ამოწმებდა.  “რა, ქრთამი მოგცე?” “ხო…” – მიპასუხა. თუ ასეთი დიალოგის შემდეგ ფულს არ გადაიხდით, თქვენ მაინც უპრობლემოდ გაგატარებენ თვითმფრინისკენ მიმავალ უკანასკნელ პუნქტში.


თბილისის აეროპორტი საკმაოდ პატარაა. აქ სატრანზიტო დარბაზიც კი არ არსებობს და მხოლოდ ერთი გეითია. აეროპორტის შემოსავალი წელიწადში 8-9 მილიონი ლარია და იქ 1000 ადამიანი მუშაობს. აეროპორტის ფინანსური მენეჯერის თქმით, აქ მინიმალური ხელფასი 180-200 ლარია. აეროპორტის მუშაობას სამეთვალყურეო საბჭო აკონტროლებს, რომელიც ქონების მართვის სამინისტროს ექვემდებარება. თავად აეროპორტიც სააქციო საზოგადოებაა და მისი აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი სახელმწიფოა. და როგორც ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, აქ ქართული უწესრიგობა იგრძნობა.


საბაჟო პუნქტამდე დიდი დარბაზია, სადაც მგზავრები და გამცილებლები ირევიან, საბაჟო პუნქტის გასვლის უფლება კი, წესით, მხოლოდ მგზავრებს აქვთ. საბაჟო პუნკტთან მდგარ კაცს 1 ლარს თუ მისცემთ ან ძალიან შეეხვეწებით, გამცილებელს სარეგისტრაციო დახლამდე მიგიშვებთ. ხოლო თუ ნაცნობი გყავთ, საზღვარგარეთ მიმავალს შეგიძლიათ თვითმფრინავამდე მიჰყვეთ, სტერილურ ზონაში მასთან ერთად ლუდი დალიოთ და, თუ ძალიან მოინდომებთ, თვითმფრინავში ბარგიც კი დაუბინაოთ.


ერთ-ერთ ქართველ სტუდენტს, რომელიც უცხო ქვეყანაში სხვა ქვეყნის გავლით მიდიოდა, უკანასკნელ შემმოწმებელ პუნქტში უთხრეს: აეროპორტში ახალი წესი შემოიღეს – თუ ტრანზიტით მიდიხარ 20 დოლარი უნდა გადაიხადო, თუ არა და – 10 დოლარიო. ოფიციალურად კი, ასეთი წესი არ არსებობს.


“დარღვევები, სამწუხაროდ, დღეს ყველგან ხდება. თუმცა ჩვენ უძლურნი ვართ აღვკვეთოთ ისინი, თუ თავად მგზავრმა ოფიციალურად არ განაცხადა ამის შესახებ”, აღნიშნა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აეროპორტის მგზავრთა გადაზიდვის ორგანიზაციის სამსახურის უფროსმა ლექსო ხარებაშვილმა და დასძინა, რომ, “თუ აეროპორტში მგზავრებს რამე შეემთხვათ, ყველას ჰგონია, რომ ეს აეროპორტის ხელმძღვანელობის ბრალია. სინამდვილეში კი აქ უამრავი სხვა სტრუქტურის წარმომადგენელი მუშაობს, იგივე პოლიცია და საბაჟო.”


ხშირია შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთ მიმავალთა ერთ ნაწილს აეროპორტის ყველა პუნქტამდე აეროპორტის რომელიმე თანამშრომელი მიჰყვება და მაკონტროლებლებს ეუბნება, რომ ის მისი ნაცნობია. აეროპორტში ნაცნობების გამოძებნა ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების თავიდან არიდების მიზნით ხდება, თუმცა, თუ წესებს კარგად იცნობ და შეგიძლია შენი უფლებების დაცვა, შემმოწმებელ პუნქტებს ნაცნობებისა და პრობლემების გარეშეც გაივლი.


ლექსო ხარებაშვილი აეროპორტში ნაცნობობაზე საუბრისას ამბობს, რომ ქართული ბუნებიდან გამომდინარე ნაცნობობა საქართველოში ყველგან ჩვეულებრივი მოვლენაა და “მშვიდობით” გასამგზავრებლად ნაცნობის გამოძებნა გასაკვირი არ უნდა იყოს.


საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქართველები საკმაოდ არაორგანიზებული ხალხი ვართ და ხშირად წესებს არაფრად ვაგდებთ. მაგალითად, ხშირად თვითმფრინავში იქ, სადაც ნიშანი “ნუ მოწევთ” ანთია, ქართველები მაინც ეწევიან სიგარეტს. ხოლო, რიგი?.. ქართველებში ასეთი ცნება საერთოდ არ არსებობს. 


როდესაც თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვება, პილოტი მგზავრებს თხოვს, რომ თვითმფრინავიდან გასვლისგან დროებით თავი შეიკავონ და რამდენიმე გვარს ასახელებს. ამ დროს ჩასვლის უფლება “განსაკუთრებულად პრივილეგირებულ” მგზავრებს აქვთ, რომლებსაც ტრაპთან VIP-ის წარწერიანი სამთავრობო მანქანები ელოდებათ. ნუ გეგონებათ, რომ ეს ყველა მგზავრი თანამდებობის პირია. მათ უბრალოდ ნაცნობი ჰყავთ აეროპორტის ხელმძღვანელობაში და სწორედ ამიტომ ხდებიან სხვებთან შედარებით პრივილეგირებულნი.


დანარჩენ მგზავრებს კი ავტობუსი ელოდება, რომელმაც ისინი საპასპორტო კონტროლამდე უნდა მიიყვანოს. როგორც ლექსო ხარებაშვილი ამბობს, მგზავრებს იმდენი ავტობუსი ემსახურება, რამდენიც საჭიროა. თუმცა მგზავრთა გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ ეს ასე არ არის. ტრაპიდან ჩამოხვალ თუ არა, ავტობუსისკენ უნდა გაიქცე, რათა ადგილი დაიკავო. ვინც თვითმფრინავიდან ბოლო ჩამოდის, ძალიან უნდა მოინდომოს, რომ სავსე ავტობუსში მოხვდეს, თუმცა ხანდახან ეს შეუძლებელიც კი ხდება. მძღოლმა შესაძლოა კარები ისე დახუროს, რომ შიგ მოგაჭეჭყოს.


საპასპორტო კონტროლთან საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი გამოჩნდება და ქართულ ენაზე ამბობს, “ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე, დეკლარაცია შეავსოს”. არაქართველებს კი მისი ნათქვამი, რა თქმა უნდა, არ ესმით.


რიგი საპასპორტო კონტროლთან უფრო თავყრილობას ჰგავს. ამ რიგში “ჩვეულებრივი” ადამიანები დგანან. “არაჩვეულებრივებს” კი რიგში დგომა არ უწევთ. მათ ნაცნობები ხვდებიან, რომლებიც პასპორტების შემმოწმებელს პასპორტებს უკანა კარიდან აძლევენ სასწრაფოდ შესამოწმებლად.  


ბარგის ჩამოსვლის დროც დგება. თითქმის ყველა ჩემოდანი სპეციალური ცელოფნით ან ქაღალდით არის შეფუთული იმის შიშით, რომ ის ვინმემ არ გახსნას. თუმცა, როგორც აეროპორტში აცხადებენ, ბარგის დაკარგვის შემთხვევები ნულამდეა დაყვანილი.


თუ თბილისში დამხვედრი არავინ გყავთ, ტაქსის დაჭერა პრობლემა არ არის. ტაქსის მძღოლები საპასპორტო კონტროლთანვე გხვდებიან მიუხედავად იმისა, რომ იქ უცხო პირთა შესვლა საერთოდ არ შეიძლება. შესაძლოა, მათ ფული აქვთ გადახდილი და სწორედ ამიტომ უშვებენ იქ, სადაც არ შეიძლება.
 
და ბოლოს, უცხოეთის წესრიგით მოხიბლულები გრძნობთ, რომ საქართველოში ჩამოხვედით, სადაც წესრიგი და კანონი აღარავის ახსოვს.  

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button