ახალი ამბები

თავდაცვისთვის გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლოა ქაღალდზე დარჩეს

რეალური საგარეო საფრთხის ფონზე თავდაცვის სფერო საქართველოში პრიორიტეტული გახდა, რაც 2002 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშიც აისახა. თუმცა საკანონმდებლო უზრუნველყოფისა და პოლიტიკური ნების არსებობის მიუხედავად მთავრობა ოპერატიულად ვერ ახორციელებს თავდაცვის დაფინანსებას, რაც კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას მკვეთრად აფერხებს.

პუტინის 11 სექტემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ პარლამენტმა ოპერეტიულად მოახდინა რეაგირება და 2002 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 11 მილიონით გაზარდა. საბიუჯეტო გარღვევის ფონზე ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდა საკმარისი. Fფინანსთა სამინისტრომ ჯერაც ვერ მოახერხა დამატებითი თანხების თავდაცვის სამინისიტროს ანგარიშზე აკუმულირება.

საგანგაშო სურათია შექმნილი ცხრა თვის საბიუჯეტო შედეგების მიხედვითაც. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი შეშფოთებულია ამ მომაცემებით. “11 მილიონზე მეტია თავდაცვის ბიუჯეტის გარღვევა 2002 წელს; არის საგანგაშო მდგომარეობა და ამ დროს მთავრობა იჩენს სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას; შესაძლოა შეგნებული საბოტაჟი ხდება გარკვეული ძალების მხრიდან,” აცხადებს ბათიაშვილი 10 ოქტომბერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

პარალელურად პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც 2002 წლის ბიუჯეტის 80-90 მილიონიან გარდაუვალ სეკვესტრზე საუბრობს. “თავდაცვისათვის გამოყოფილი 11 მილიონი ჯერჯერობით კვლავ ფურცელზე რჩება,” პესიმისტურად არის განწყობილი საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

ოქტომბრის დასაწყისში პარლამენტში 2003 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა განსახილველად. 3 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი ზოგად ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ 2003 წლის ბიუჯეტში ხუთ პრიორიტტეთაგან ერთ-ერთი თავდაცვის სფეროა. Aამავე სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სიორიძე ვერ მალავს სკეპტიკურ დამოკიდებულებას “დიდი აღფრთოვანებით არ ვარ ბიუჯეტის პროექტის მიმართ; ციფრებს რეალური ეკონომიკური საფუძველი უნდა ჰქონდეს, რაც არ ჩანს”.

2003 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსთვის – 57.287 მილიონი ლარი (2002 წელს – 38.500 მილიონი), უშიშროების სამინისტროსთვის – 10.232 მილიონი ლარი (2002 წელს – 8.800 მილიონი), შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 63.539 მილიონი ლარი (2002 წელს – 57.393 მილიონი), საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის – 12.224 მილიონი ლარი (2002 წელს – 9.827 მილიონი), დაზვერვის დეპარტამენტისათვის – 1.826 მილიონი ლარი (2002 წელს – 1.205 მილიონი).

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დაახლოებით 19 მილიონი ლარით გაზრდა იმითაც არის განპირობებული, რომ “წრთვნისა და აღჭურვის პროგრამისათვის” 14.500.0 ლარია გათვალისწინებული.

თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად საბიუჯეტო სახსრების გარდა დამატებითი შემოსავლებიც არის გათვალისწინებული. “სამხედრო ნაწილების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების, სამხედრო მოსამსახურეთა შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების გაუმჯობესების მიზნით ნება დაერთოს თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უწყებების სისტემაში არსებული არასამხედრო დანიშნულების გამოუყენებელი ქონების, მათ შორის მიწის, იჯარიდან, გაქირავებიდან და პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლები გადასახადის გადახდის შემდეგ მთლიანად მიემართოს ხაზინაში და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენოს ზემოთაღნიშნული ღონისძიებების დამატებით დასაფინანსებლად,” ვკითხულობთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.

დაფინანსების შესაძლო ახალ წყაროებს საკმარისად არ მიიჩნევს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. ცნობილი გახდა, რომ კომიტეტი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აპირებს ახალი ინიციატივით გამოსვლას. კერძოდ, ითხოვს, რომ ბიუჯეტში მობილიზებული ჭარბი შემოსავლებიდან გარკვეული პროცენტი მიემართოს თავდაცვაზე. თუმცა ამ ინიციატივის განხორციელება მუდმივი საბიუჯეტო კრიზისის პირობებში არარელაური ჩანს.

პარლამენტი 2003 წლის ბიუჯეტს სავარაუდოდ საშემოდგომო სესიის ბოლოს, დეკემბერში განიხილავენ.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button