ახალი ამბები

ოპოზიცია პრეზიდენტის მოხსენებას აპროტესტებს

ხუთმა ფრაქციამ სხდომათა დარბაზი დატოვა

5-მა წამყვანმა ოპოზიციურმა ფრაქციამ პრეზიდენტის დღევანდელი მოხსენებისადმი პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. “სიტუაციის არა ადექვატურად აღქმა,” “რეალობიდან მოწყვეტა,” “კომუნიზმის დროინდელი მოხსენება,” ასე შეაფასეს ფრაქციებმა “ახალმა მემარჯვენეებმა,” “ნაციონალურმა მოძრაობამ,” “გაერთიანებულმა დემოკრატებმა,” “ახალმა აფხაზეთმა” და “ტრადიციონალისტებმა” პრეზიდენტის მიერ 11 ოქტომბერს გაკეთებული პარლამენტისადმი და ხალხისადმი მიმართვა.

“თქვენმა მოხსენებამ დაგვარწუმანა, რომ თქვენ სრულიად მოწყდით მოსახლეობას და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში და დარბაზი დემარშით დავტოვოთ,” განაცხადა 5 ფრაქციის სახელით “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ, რის შემდეგაც წამყვანმა ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება მომავალში მათი ერთობლივი მოქმედების საფუძველი უნდა გახდეს.

“მაშინ როდესაც ხელისუფლება ცდილობს დაქსაქსოს ოპოზიცია, ჩვენ შევძელით, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიგვეღო გადაწყვეტილება და გადაგვედგა ერთობლივი ნაბიჯი,” განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

“იმ პირობებში როცა შევარდნაძემ უარი თქვა დემოკრატიულ მმართველობაზე, ჩვენ [ოპოზიციამ] უნდა ვიმოქმედოთ ფორმულით ყველა მინუს ერთი, მინუს შევარდნაძის ხელისუფლება,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა 11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა ხუთი ფრაქციის გადაწყვეტილებას კომენტარი მხოლოდ პოლიტიკური დებატების შემდეგ გაუკეთა. “ის რაც დღეს პარლამენტში მოხდა შემაშფოთებელია,” განაცხადა შევარდნაძემ. მისი თქმით არანაირი საფუძველი დარბაზის დატოვებისა არ არსებობდა.

ოპოზიციის შეშფოთება პრეზიდენტის 3 საათიანმა მოხსენებამ გამოიწვია, რომელიც გასული 10 წლის მიმოხილვას დაეთმო. ედუარდ შევარდნაძემ მოხსენება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. მისი განცხადებით 10 წლის განმავლობაში დიდ მიღწევას წარმაოდგენდა დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თვითმმართველობის ორგანოების შექმნა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ხელისუფლების რეორგანიზაცია, ორ პალატიანი პარლამენტის შექმნა და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღება.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარ მიზანს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება წარმოადგენს. ამასთან იგი უგულებელყოფს პარლამენტის დადგენილებას დსთ-დან გამოსვლის შესახებ და აცხადებს, რომ დსთ კვლავაც სიცოცხლისუნარიანია.

პრეზიდენტის მოხსენება, როგორც მოსალოდნელი იყო შევარდნაძის მხარდამჭერმა ფრაქციებმა დიდად მოიწონეს. Fფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის,” “თანადგომის” და “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ლიდერების სიტყვით გამოსვლისას, მათი კრიტიკის საგანი 5 ოპოზიციური ფრაქციის გადაწყვეტილება გახდა.  

დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება სესიაზე დარჩენილმა იმ პოლიტიკურმა ძალებმაც გააკრიტიკეს, ბლოკი აღორძინება და მრეწველები, რომლებიც ასევე ოპოზიციად მიიჩნევიან. “აღორძინების” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ 5 ფრაქციის გადაწყვეტილება წინასწარ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან. 

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button