ახალი ამბები

შევარდნაძე-პუტინის შეთანხმება ეჭვებს ბადებს

ძირითადი პრობლემები მოუგვარებელი რჩება

6 ოქტომბრის შეხვედრამ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის მხოლოდ მცირე ხნით გაანელა, ძირითადი მოუგვარებელი საკითხები კი კვლავ დღის წესრიგში რჩება.

რუსეთ-საქართველოს უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე კიშინიოვის სამიტს საქართველოს ხელისუფლება უზარმაზარ დატვირთვას ანიჭებდა. თანამშრომლობისათვის მზადყოფნაზე სიმბოლურად რომ მიენიშნებინა, აგვისტოს დასაწყისში დაკავებული 13 ჩეჩნიდან ხუთის რუსეთის პროკურატურისათვის გადაცემით საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტის გულის მოგება განიზრახა.

პირისპირ საუბარი ორ პრეზიდენტს შორის 6 ოქტომბერს გვიან ღამე შედგა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ორივე პრეზიდენტი ცდილობდა საკუთარი კმაყოფილებისა და მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შედეგების დემონსტრირება მოეხდინა. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრას “ისტორიულიც” კი უწოდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ორი პრეზიდენტი რეალურად მხოლოდ მიმდინარე საკითხებზე შეთანხმდა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული უმთავრესი პრობლემები კი განუხილველი დარჩა.

ორი პრეზიდენტი ძალოვან უწყებებს შორის ოპერატიული და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე, საზღვრის ერთობლივი პატრულირებაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კოორდინატორების დანიშვნასა და დარჩენილი 8 ჩეჩენის რუსული მხარისათვის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

“საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა შეასრულოს ზოგიერთი ვალდებულება, რომელთა შესრულებასაც რუსეთი საქართველოსგან დასაბუთებულად ითხოვს და რომლებიც საქართველოს ინტერესებშიც შედის”, განაცხადა სამიტიდან დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ აეროპორტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. “იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რაზეც შევთანხმდით, შესრულდება”, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე განიხილეს, თუ არა პრეზიდენტებმა სამხედრო ბაზების გაყვანისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხები, პუტინმა უპასუხა, რომ შევარდნაძეს ეს პრობლემები მოლაპარაკებებისას არ წამოუწევია. პრეზიდენტებს არც საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებასა და არც ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავიზო რეჟიმის შესახებ უსაუბრიათ. ამის მიუხედავად, სამიტიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა “გარდამტეხი მომენტი” იყო რუსეთთან ურთიერთობებში.

საქართველოში ყველაზე დიდი გაუგებრობა და ვნებათა ღელვა საზღვრის ერთობლივ პატრულირებაზე შევარდნაძის თანხმობამ გამოიწვია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას თქმით, ხელისუფლებამ კარგად უნდა განმარტოს, რას გულისხმობს ერთობლივი პატრულირების ქვეშ. “სამიტამდე შევარდნაძე წინააღმდეგი იყო ერთიანი ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციისა, დღეს კი ამის მომხრედ გამოდის”, გაკვირვებას ვერ მალავს “აღორძინების” პარტიის წევრი ვალერი გელბახიანი.

პრეზიდენტ შევარდნაძის დაბრუნებისთანავე 7 ოქტომბერს მოსკოვში საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაემგზავრა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მხრიდან რუსეთ-საქართეველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი სწორედ იგი იქნება. შევარდნაძემ განაცხადა, რომ ხაბურძანია თავის კოლეგასთან ერთობლივი მოქმედების გეგმას განიხილავს, რათა რუსეთის მხრიდან კრიმინალების გადმოსვლა არ მოხდეს. რუსულმა სააგენტოებმა კი დილიდანვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხაბურძანია პანკისის ხეობაში რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ოპერაციის დეტალებს განიხილავს.

ამავდროულად, რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორასამდე ჩეჩენი საქართვველოს საზღვარს უახლოვდება. თუმცა, 8 ოქტომბერს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ და სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ გადაჭრით უარყვეს საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა.

საქართველოს მიერ კიშინიოვის სამიტზე გაკეთებული დათმობების სანაცვლოდ ვლადიმირ პუტინი თავის ქართველ კოლეგას საქართველოს დაბომბვაზე ხელის აღებას შეპირდა. თუმცა, იმ დროს, როდესაც პუტინი და შევარდნაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, საქართველოს საზღვარი რუსეთის მხრიდან მი-8 ტიპის ვერტმფრენმა ოთხჯერ დაარღვია. ამას გარდა, რუსებმა, როგორც ჩანს, კომპრომისებზე წასვლის სანაცვლოდ შევარდნაძის “დაჯილდოება” გადაწყვიტეს. ბარენცის ზღვის გაყოფის შესახებ ედუარდ შევარდნაძის მიერ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივან ბეიკერთან ხელმოწერილი ხელშეკრულების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე რუსეთის გენპროკურატურამ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ კიშინიოვის სამიტზე პუტინისა და შევარდნაძის პირისპირ მოლაპარაკებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. “ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მათ ერთობლივ თანამშომლობას პანკისის ხეობაში…და იმის შესაძლებლობას, რომ ისინი შემდგომ გარკვეულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ”, განაცხადა 7 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა.

პრეზიდენტების შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად და საჯაროდ გაცხადებულ საგანს დარჩენილი რვა ჩეჩნის რუსული მხარისათვის გადაცემა წარმოადგენს. თუმცა, ქართული ადამიანის უფლებების დამცველთა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის გათვალისწინებით შევარდნაძეს დანაპირების შესრულება თავისი კოლეგისათვის ნამდვილად გაუჭირდება.

ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ რუსეთისათვის ჩეჩნების გადაცემა მკაცრად გააკრიტია. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის აზრით, “შევარდნაძეს კრემლის მიმართ ბატონყმური ურთიერთობები გააჩნია”. “ტრადიციონალისტთა” ლიდერის აკაკი ასათიანის თქმით კი, კიშინიოვის სამიტზე, რომელიც პუტინის დაბადებისDდღეს დაემთხვა, ზოგმა რუსეთის პრეზიდენტს ნიანგი აჩუქა, ზოგმა – ცხენი, ხოლო შევარდნაძემ ყველაზე დიდი ძღვენი – ხუთი ჩეჩნის თავი მიართვა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გაღებულმა “დიპლომატიურმა ხარკმა” გამოხმაურება სტრასბურგშიც ჰპოვა. ხუთ ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ მიიღო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან რეკომენდაცია, რომ რვა ჩეჩნის ექსტრადიცია შეაჩეროს, მანამ სანამ მათი ვინაობა საბოლოოდ არ დადგინდება და ყველა იურიდიული ნორმა არ დაკმაყოფილდება.

შევარდნაძის ნაბიჯს ნაკლებ კრიტიკულად აფასებს ზეინო ბარანი, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის “ქართული ფორუმის” ხელმძღვანელი: [ჩეჩნების გადაცემა] “ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი იყო”. მისი თქმით, “საქართველო ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, მას არ უნდა, რომ ჩეჩნებს აწყენინოს, მეორე მხრივ, თუ საქართველო ჩეჩნების ექსტრადიციას არ დათანხმდებოდა, მაშინ მას ამ ხალხისატვის თავშესაფრის მიცემაში დადადანაშაულებდნენ, რის გამოც რუსეთისა და ამერიკის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდებოდა”.

ფაქტობრივად, კიშინიოვის სამიტის ერთადერთ თვალსაჩინო შედეგს ჩეჩნებთან გართულებული ურთიერთობები წარმოადგენს. როგორც ჩანს, ვაშინგტონის თანხმობით რუსეთისათვის გაკეთებულმა რევერანსმა პრეზიდენტ შევარდნაძეს მოსკოვთან მხოლოდ წუთშესვენების აღების შესაძლებლობა მისცა, ყველაზე მტკივნეული საკითხები კი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში კვლავ მოუგვარებელი რჩება.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button