ახალი ამბები

ქართული დემოკრატიის რთული გზა

24 სექტემბერს შეერთებული შტატების კომისიამ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებში საქართველოში დემოკრატიზაციას, ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას საგანგებო სხდომა მიუძღვნა.

კომისია რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების 18 სენატორისა და წარმომადგენელთა პალატის წევრისაგან შედგებოდა. სხდომაზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო და საქართველოს ექსპერტი, მაუნთ ჰოლიოკის პროფესორი სტივენ ჯონსი,  ხოლო ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ლევან მიქელაძე, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი გია ნოდია, ბაპტისთა კავშირის თავმჯდომარე, მოძღვარი მალხაზ სონღულაშვილი და საქართველოს იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი გენადი გუდაძე.

სხდომა გახსნა კომისიის თანათავმჯდომარე კრის სმიტმა, რომელმაც 1993 წლიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა: ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე ასეული საზოგადოებრივი ორგანიზავია, პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი, რომელმაც რეალურად საკანონმდებლო ორგანოს როლი დაიმკვიდრა და თავისუფალი მასმედიის რამდენიმე სერიოზიული, დამოუკიდებელი წყარო.

“ამის მიუხედავად, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მომავალთან დაკავშირებული ოპტიმიზმი განელდა”, დასძინა სმიტმა.

ამერიკული კომისიის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იწვევს. ამერიკელმა კონგრესმენებმა აქცეცნტი რელიგიური უფლებების შეზღუდვაზე გააკეთეს.

“ეს ტენდენცია სახიფათოა არამარტო იმიტომ, რომ თავისთავად ცუდია, არამედ იმიტომაც, რომ ამგვარი დანაშაულის დაუსჯელობა შემდეგ ცხოვრების სხვა სფეროებშიც გავრცელდება”, განაცხადა გია ნოდიამ რელიგიურ შეუწყნარებლობაზე საუბრისას.

საქართველოს ელჩს ხელისუფლების უმოქმედობის გამო ამერიკელთა წინაშე თავის მართლება მოუხდა: “საზოგადოება მართლმადიდებელი ეკლესიის შენარჩუნებას დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს უმთავრეს პირობად განიხილავს. ბევრისათვის ის ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შენარჩუნების საშუალებაა”.

თუმცა, მიქელაძემ კომისიის წევრების დარწმუნება ვერ შეძლო. “დამნაშავეების გასამართლების მცდელობები არ შედგა, რადგან ფანატიკოსთა ბრბომ სასამართლოს შენობა დაიკავა. ასე გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მთელი სასამართლო სისტემა ბრბოს მმართველობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს”, დაასკვნა კრის სმიტმა.

სმიტმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველებს რელიგიური შემწყნარებლობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ, მდენად, კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მტკივნეულად ეს პრობლემა საქართველოში შეიგრძნობა. “ამ პრობლემას შეიძლება მრავალგვარი ახსნა ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფოს მიერ ამგვარი ბარბაროსობის შემწყნარებლობის გასამართლებელი საბუთი არ არსებობს. ეს უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ახლა”, გადაჭრით განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ.

სახელწიფო მდივნის მოადგილის ლინ პასკოს მოხსენება ძირითადად საქართველოს უსაფრთხოებას შეეხებოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოსა და რუსეთის თანამშრომლობას, რათა “რეგიონული სტაბილურობა უზრუნველყონ თავიანთ ტეროტორიებზე და მოუძებნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებულ უთანხმოებებს”, მათ შორის, ზამთარში საქართველოსათვის პერიოდულად გაზის მიწოდების შეწყვეტა, აფხაზეთის მოლაპარაკებების გაყინვა და საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზების გაყვანის გაჯანჯლება.

“ჩვენ კატეგორიულად მოვუწოდეთ საქართველოს, რომ პანკისის ხეობაზე კონტროლი აღედგინდა, რადგან გვჯერა, რომ იქ არიან ტერორისტები, რომელბსაც ალ-ქაედასთან კავშირი გააჩნიათ”, განაცხადა პასკომ. “ისინი საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ემუქრებიან, ისევე, როგორც რუსეთის სტაბილურობას…ეს არის პრობლემა, რომელიც საქართველომ უნდა მოაგვაროს…პრეზიდენტ პუტინის განცხადებები… რუსეთის მცდელობას ასახაავს ჩეჩნეთში თავიანთი პოლიტიკის წარუმატებლობებს გამართლება მოუძებნონ”, ხაზგასმით აღნიშნა მომხსენებელმა.

“მართალია, ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ მოსკოვისათვის არასოდეს აგვინთია მწვანე შუქი, რომ საქარველოზე იერიში მიეტანა და ამას არც არასოდეს გავაკეთებთ”, განაცხადა კრის სმიტმა.

კომისიის სხდომაზე საქრთველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. “საერთასორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის მთავრობის რეკომენდაციების მიხედავად, საქართველოს მთავრობას, ან არ შეუძლია, ან არ სურს, რომ საჭირო ზომები მიიღოს ამ ბოროტების [კორუფციის] აღმოსაფხვრელად”, განაცხადა შესავალ სიტყვაში კრის სმიტმა.

განხილვისას თითქმის ყველა გამომსვლელი შეეხო არჩევნების თემას. უკანასკნელი არჩევნები ეუთო-ს სტანდარტებს აშკარად ვერ პასუხობდა, რაც ჩვენ 2003 და 2005 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საპარლამენტო და საპრეზიდენტიო არჩევნების გამო  შეშფოთების საფუძველს გვიქმნის, აღინიშნა სხდომაზე.

პროფესორი ჯონსის თქმით, 1995 წელს იგი მომხსენებელი იყო ამავე კომისიის წინაშე და მაშინ ამგვარი განცხადედბა გააკეთა: “ძალაუფლების შევარდნაძის ხელში კონცენტრირება და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე კონსერვატორი “აპარატჩიკების” აღდგენა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ბაზრის მიმართ ხალხის რწმენას ანადგურებს. შევარდნაძემ, შესაძლოა, ქართული გემის გადარჩენა მოახერხა, მაგრამ მისთვის მიმართულება არ მიუცია”.

“შვიდი წლის შემდეგ, მე კვლავ აქ ვარ 2002 წელს. ამერიკის მთავრობამ დამხარების სახით 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოუყო საქართველოს ამ პერიოდში და მე ვშიშობ, რომ დღეს იმავე სიტყვებით მომიწევს ჩემი გამოსვლის დასრულება”, აღნიშნა სტივენ ჯოსნმა თავისი გამოსვლისას.

აბსურდი იქნება, იმის თქმა, რომ პროგრესი არ არსებობს, აღნიშნა სტივენ ჯონსმა, მაგრამ ეს პროგრესი, რომელშიც დასავლურმა მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამხელა ინვესტიცია მოახდინეს, მყოფეა. “დღეს სისტემის სტაბილურობას კორუფცია და მიგრაცია, საზოგადოების ცინიზმი და ცუდად ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოება განაპირობებს, მაგრამ ხვალ იგივე ფენომენი საქართველოს მომავალი მდგრადი რეფორმირებას უპერსპექტივოს გახდის”. 

კომისიის წევრებმა გაიზიარეს პროფესორის აზრი, რომ “შექმნილ ვითარებაში საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ამერიკის მხარდაჭერა გარანტირებული ვერ იქნება, თუ ის გააგრძელებს იმ მთავრობის მხარდაჭერას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის მიმართ ინდიფერენტულია”.

მოხსნებელთა გამოსვლის შემდეგ გამართული დისკუსიისას კონგერესმენებმა განაცხადეს, რომ ამეირიდან პირდაპირი კავშირი უნდა დამყარდეს ამერიკულ დახმარებასა და საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს შორის.

“ეს ჩვენი ერთმნიშნელოვანი შეტყობინებაა და ჩვენ ამ შეტყობინებას ვგზავნით სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მტკიცე და ახლო ურთიერთობები გვაქვს. ამ ურთიერთობების შენარჩუნება ყველა მიმართულებით პროგრესს მოითხოვს”, განაცხადა ლინ პასკომ.

პასკოს თქმით, დასავლეთისათვის ‘საქართველოს როლის დაუფასებლობა არ შეიძლება, რადგან ის “აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფნის საყრდენ წერტილს წარმოადგენს” და რეგიონის დიდ სახელმწიფოებს – რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის ისტორიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. “სტაბილურ და დემოკრატიულ საქართველოს ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობებისათვის შორეულ მომავალში გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ექნება”, დასძინა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button