ახალი ამბები

ოპოზიციის დაქსაქსულობა კოჩარიანის გამარჯვების შანსებს ზრდის

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო ციებ-ცხელება პიკს აღწევს, პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის წინააღმდეგ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს შიდაუთანხმოების გამო კი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურის შერჩევა უჭირთ.

ახლად არჩეულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 აგვისტოს პირველი სხდომა გამართა და სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 2003 წლის 19 თებერვალი გამოაცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მანიშნებელი გახდა.

სამდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, გვიან, 29 აგვისტოს 16 პოლიტიკური პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნო ალიანსის შექმნა გამოაცხადა. “ჩვენ გვჯერა, რომ ხელისუფლების შეცვლა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის…[ალიანსს] ეყოლება საერთო კანდიდატი და პლატფორმა”, ნათქვამია პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამ ალიანსში გაერთიანებულია სომხეთის ოპოზიციურ პარტიათა, თითქმის, მთელი სპექტრი, მათ შორის, სახალხო პარტია, ჰანრაპეტუტიანი (რესპუბლიკური პარტია), ეროვნული თანხმობის პარტია, სომხეთის კომუნისტური პარტია, სომხეთის სოციალისტური პარტია და ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი.

ოპოზიციურ პარტიათათვის ყველაზე რთულ ამოცანას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს. ალიანსს რამდენიმე პოტენციური ლიდერი ჰყავს: ეროვნული თანხმობის პარტიის ლიდერი არტაშეს გეგამიანი, სომხური პოლიტიკის ვეტერანი ვაზგენ მანუკიანი, სტეფან დემირჭიანი, სომხეთის ყოფილი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისა და მოგვიანებით სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის კარენ დემირჭიანის შვილი. კარენ დემირჭიანი 1999 წელს პარლამენტზე თავდასხმის დროს იქნა მოკლული; არამ სარკისიანი, გავლენიანი თავდაცვის მინისტრის ვაზგენ სარკისიანის უმცროსი ძმა, რომელიც დემირჭიანის მსგავსად პარლამენტში განხორციელებულ ტერაქტისას მოკლეს.

ლიდერებს შორის დაპირისპირება ალიანსის შექმნისთანავე გამოიკვეთა. დაპირისპირების პირველი ნიშნები ერევნის ყოფილ მერს გეგამიანსა და სახალხო პარტიის ლიდერ სტეფან დემირჭიანს შორის გაჩნდა.

გეგამიანმა, პრაქტიკულად, ალიანსის შექმნისთანავე დაუფარავად გამოხატა თავისი სურვილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გამხდარი, რასაც დემირჭიანის მკვეთრად გამოხატული უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მისი თქმით, ალიანსის ზოგიერთი წევრის მიერ ეროვნული ერთიანობის პარტიის ლიდერის გეგამიანის საერთო კანდიდატად წარმოჩენა ნაადრევი და არასწორია. 

ალიანსის შიგნით საბოლოო პოზიციების შეუთანხმებლობის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ გეგამინმა განაცხადა, რომ მისი პარტია დამოუიკიდებლად მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ დანარჩენი თხუთმეტი მისი კანდიდატურის გარშემო არ გაერთიანდება.

“იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი უკეთეს პროგრამას წარმოადგენს და უფრო კომპეტენტურ კანდიდატურას დაასახელებს, მე ჩემს კანდიდატურას უკან გავიწვევ, თუმცა, სამწუხაროდ, ამგვარ პიროვნებას მე დღეს ვერ ვხედავ”, განუცხადა არტაშეს გეგამინმა ჟურნალისტებს.  

გეგამიანის ამ განცხადებას ალიანსში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები თავშეკავებით შეხვდნენ.

ცნობამ ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სომხეთში. ზოგიერთების აზრით, მხოლოდ ტერ-პეტროსიანს შეუძლია ამჟამინდელ პრეზიდენტს რეალური მეტოქეობა გაუწიოს.

თუმცა, ოპოზიციური ძალების ტერ-პეტროსიანის გარშემო გაერთიანება მაინც ვერ მოხერხდა. ყველაზე აშკარად ტერ-პეტროსიანის კანდიდატურას პოპულარული ჰანრაპეტუტიანის (რესპუბლიკური) პარტიის ლიდერი ალბერტ ბაზეიანი დაუპირისპირდა. “ლევონ ტერ-პეტროსიანი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვერ გახდება, რადგან არსებობს პარტიები, რომლებიც სომხეთის ნაციონალურ მოძრაობისა და ტერ-პეტროსიანის კატეგორიული წინააღმდეგია”, განაცხადა ბაზეიანმა, რომელიც თავად საპრეზიდენტო არჩევნებში არამ სარქისიანის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა შავარშ კოჩარიანმა მრავალი პოლიტიკოსის აზრი გამოხატა, როდესაც განაცხადა, რომ “ლევონ ტერ-პეტროსიანი არსებული რეჟიმის არქიტექტორია, ხოლო კოჩარიანი – მისი მომხმარებელი. არა მგონია, რომ მომხმარებლის არქიტექტორით შეცვლამ ქვეყანას სარგებელი მოუტანოს”.

ტერ-პეტროსიანის მიმართ უნდობლობა მისი პრეზიდენტობის წლებში გატარებულ შიდაპოლიტიკასთან არის დაკავშირებული. “საბედნიეროდ, ყოფილმა მმართველმა პარტიამ და ლევონ ტერ-პეტროსიანმა გააცნობიერეს, რომ მათი ზარ-ზეიმით დაბრუნება პოლიტიკაში სომეხთა უმრავლესობისათვის მიუღებელია. კორუფციის დონემ, პოლიტიკურმა ტერორმა და, ფაქტობრივად, დიქტატორულმა პოლიტიკამ სომხურ საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა. ამ ბანაკის ნებისმიერი სახით აღზევება ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ სომხურ დემოკრატიას დიდ ზიანს მიაყენებს”, აღნიშნა ‘სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რიჩარდ გირაგოსიანმა, ვაშინგტონში მყოფმა “რადიო თავისუფლების” მიმომხილველმა.

სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას გავლენიანი სომხური დიასპორა ყოველთვის ახდენს. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ტერ-პეტროსიანმაც და კოჩარიანმაც დიასპორის გავხლენა სომხეთის შიდა საქმეებში მაქსიმალურად შეზღუდეს. რიჩარდ გირაგოსიანი მიიჩნევს, რომ დიასპორასა და სომხეთის მომავალ მთავრობას შორის უფრო ფართო ალიანსით, ძირითადად, მხოლოდ ერთი პარტია – სომხეთის რევოლუციური ფედერაცია – დაშნაკციუტუნი ისარგებლებს.

თავად დაშნაკციუტუნი პრეზიდენტ კოჩარიანის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალად მოიაზრებოდა, თუმცა, ანალიტიკოსები უკანასკნელ ხანებში, პარტიის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტის პოზიციების გაუცხოებაზე მიუთითებენ.

ალიანსში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სტრატეგია ძირითადად ურთიერთბრალდებებზეა აგებული. ფაქტობრივად, არცერთ პოლიტიკურ ძალას სომხეთისათვის ყველაზე უფრო მტკივნეულ საკითხების მოსაგვარებლად საზოგადოებისათვის ახალი არაფერი შეუთავაზებია.

ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადებების შეთავაზებისაგან, პრაქტიკულად, ყველა თავს იკავებს, თუნდაც, ლევონ ტერ-პეტროსიანის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით. ტერ-პეტროსიანის სომხეთის ნაციონალურ მოძრაობას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რომელიც აზერბაიჯანის მიმართ სერიოზულ დათმობებს გულისხმობს. 1998 წელს სწორედ ამ გეგმის განხორციელების მცდელობისათვის აიძულეს ტერ-პეტროსიანი თანამდებობიდან გადამდგარიყო.        

გირაგოსიანის თქმით, არსებობს ერთგვარი შეთანხმება, რომლის თანახმად, ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა დღის წესრიგში არ დგება. “ჯერჯერობით არ გამოჩენილა არცერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც იმის გამბედაობა ეყოფა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების რეალისტური მიდგომა შეიმუშავოს”, აღნიშნავს “რადიო თავისუფლების” მიმომხილველი.

ყარაბაღის საკითხისაგან განსხვავებით აზრთა აშკარა სხვადასხვაობა შეინიშნება თურქეთთან და რუსეთთან მომავალი ურთიერთობების თაობაზე. ძირითადი პოლიტიკური პარტიების პოზიციები პირადი ურთიერთობებითა და ლიდერთა ამბიციებით არის განპირობებული.

თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული ტერ-პეტროსიანის სომხეთის ნაციონალური მოძრაობა. ამ პოზიციას მხარს უჭერს ვაშინგტონის ადმინისტრაცია, თუმცა, გენოციდის აღიარების გლობალური კამპანიისა და სომხეთში თურქეთის მიმართ ისტორიულად ჩამოყალიბებული უნდობლობისა და შიშის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდეს სომხეთში. ანალოგიურად, პირადი სარგებლის მიღებისა და პოზიციების გამყარების სურვილით არის განპირობებული ე.წ. პრომოსკოვური პარტიების სტრატეგიაც.

ექსპერტების აზრით, ოპოზიციონერ ლიდერთა ამბიციები ალიანსს ქმედუუნაროს გახდის  და უახლოეს მომავალში დაშლის პირას მიიყვანს. “ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათ საერთო კანდიდატურაზე შეთანხმება მოახერხონ. როგორც ჩანს, კოჩარიანის საწინააღმდეგოდ შექმნილი ოპოზიციის ერთიანობა დიდხანს ვერ გასტანს”, დარწმუნებულია გირაგოსიანი.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button