
თბილისს პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად შესზღუდული დრო აქვს
მომდევნო ოთხი თვე უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოსთვის “ვუთხარი ვლადიმირ პუტინს, რომ მან ქართველებს უნდა მისცეს შანსი, რათა მათ დასახული მიზნის მიღწევა შეძლონ. მიზნისა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვისაც… მე პუტინს კვლავაც მოვუწოდებ.. ქართველების შეიარაღებულ ძალებს მოქმედების საშუალება მისცეს”, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 14 სექტემბერს პრესისათვის გამართულ ბრიფინგზე. ჯორჯ ბუშის მოწოდება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ პუტინის მიერ საქართველოს მისამართით 11 სექტემბერს გაკეთებულ მუქარისშემცველ განცხადებას მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო გაერო-ს 1373 ანტიტერორისტულ კონვენციას არღვევს და ტერორისტებს რეალურად არ ებრძვის. ამდენად, რუსეთს უფლება აქვს თავდაცვის უფლება გამოიყენოს და ტერორისტები საქრთველოს ტერიტორიაზევე გაანადგუროს. რუსეთის პრეზიდენტმა სამართალდამცველ ორგანოებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის გამაგრება უბრძანა, ხოლო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს ტერორისტულ ბაზებზე დარტყმების გეგმის შემუშავება მოსთხოვა. ვლადიმირ პუტინის მიერ განცხადების სწორედ 11 სექტემბერს გაკეთება ყველამ პრეზიდენტი ბუშის მიერ ერაყის წინააღმდეგ ომის შესაძლო გამოცხადებას დაუკავშირა. თუმცა, ბევრისათვის მოულოდნელად ამერიკამ ერაყზე სამხედრო თავდასხმა უახლოესი მომავლისათვის გადადო. რუსეთის პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა აშშ-ის მთავრობა: “ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი რეალობად აქცევს მის განცხადებას და საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენ მებძოლთა წინააღმდეგ ოპერაციას განახორციელებს”, განაცხადა 12 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა. ამის მიუხედავად, 13 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოსადმი წაყენებულ ულტიმატუმს და, ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიიჩნია ეკონომიკური სანქციების შემოღება. სათათბიროს რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა 350 დეპუტატმა (21-წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა), ნათქვამია, რომ პრეზიდენტ პუტინს “უფლება აქვს გადადგას ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის უსაფრთოხების უზრუნველყოფისა და საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტთა შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრის აღკვეთის მიზნით”. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბოლტონმა გააბათილა ჭორები რუსეთსა და ამერიკას შორის გარიგების შესახებ, რომლის თანახმად, ვაშინგტონი ერაყში მხარდაჭერის სანაცვლოდ მოსკოვის ქმედებებზე საქართევლოს წინააღმდეგ თვალს დახუჭავს. აღსანიშნავია, რომ 14 სექტემბერს პრესასთან საუბრისას პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა: “ნათლად განვუმარტე საქართევლოს მთავრობას, რომ ჩვენ მათგან პანკისის ხეობიდან “ალ-ქაედას” ტიპის ტერორისტების განდევნას მოველით”. როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევის შედეგად რუსეთმა ამჯერად ხელი აიღო საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაზე. ამაზე მეტყველებს ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსი პოლიტიკოსების შეცვლილი რიტორიკა და რუსულ პრესაში საქართველოსა და პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული სტატიების მკვეთრი შემცირება. პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ივან რიბკინი შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილ “საქონლად” მიიჩნევს. პუტინის განცხადება “ჩეჩნეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელთა სურვილს გამოხატავს გრავიტაციის ცენტრი რუსეთის გარეთ გადაიტანონ”, აღნიშნა რიბკინმა “ეხო მასკვისათვის” მიცემულ ინტერვიუში. ნათელია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე ხელს არ აიღებს. ამას მოწმობს ბუშის აქტიური ნაბიჯები საერთაშორისო კოალიციის შესაქმნელად. ამერიკის წინადადებას უკვე მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და იტალიის მთავრობები. სწორედ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ დაასახელა ერაყზე თავდასხმის სავარუდო დრო – 2003 წლის იანვარი. “ეს რამდენიმე თვე გადამწყვეტი მგონია, მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი დასრულდება და სტაბილურობა დამყარდება პანკისში თუ სხვაგან, არამედ იმით, რომ ნაჩვენები იქნება მკაფიოდ – რეალური პროგრესი არის, ან ყოველშემთხვევაში, მცდელობა გულწრფელია და თამაშს არ წარმოადგენს”, მიიჩნევს დავით დარჩიაშვილი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად უკვე 10 “ბოევიკია” დაკავებული, შინაგანი ჯარების ბლოკპოსტები თითქმის მთელს ხეობაშია განთავსებული, ხოლო რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის დიდი საცავები აღმოაჩინა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას თავის გასამართლებელი არგუმენტები აღარ დარჩება და არ არის გამორიცხული ამერიკისა და რუსეთს შორის ამჯერად მართლაც იქნეს შეთანხმება მიღწეული საქართველოში მესამე მხარის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე. პოლიტოლოგ ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, “ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც უნდა რომ დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდეს, როგორც წესი, მხოლოდ გარკვეული დრო აქვს მიცემული, რათა სათანადო ფუნქციები შეასრულოს”. ჭიაბერაშვილის აზრს იზიარებს დავით დარჩიაშვილიც, რომლის თქმითაც, სათანადო პოლიტიკური ნების არსებობისას, ყველა კარტი საქართველოს ხელში იქნება. რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯიაგასული კვირის განმავლობაში საქართველო-რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის აქტიური ჩარევის შემდეგ შედარებით განიმუხტა. საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ გარკვეული დრო აქვს იმისათვის, რომ ეფექტიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატაროს პანკისის ხეობაში, რათა მესამე მხრის სამხედრო ინტერვენცია თავიდან აიცილოს.
ამავდროულად, რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და მედიაში ღია დისკუსიები მიმდინარეობდა საქართველოზე მომავალი სამხედრო შესახებ.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლებისათვის შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი შანსია, რათა ყველას დაუმტკიცოს 25 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის სერიოზულობა.
2003 წლის იანვრამდე ოთხი თვეა დარჩენილი, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს პანკისში წესრიგის დასამყარებლად და ხელშესახები შედეგები უჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას.
თუმცა, გარკვეული წარმატებების მიუხედავად, პანკისის შესასვლელთან დაკავებულმა ისა მამადოვმა იმ საავადმყოფოდან გაპარვა მაინც შეძლო, სადაც იგი ორივე ფეხში დაჭრილი პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. მსგავსი ინციდენტების გამეორება უთუოდ ეჭვქვეშ დააყენებს ანტიკრიმინალურ ოპერაციას მისი მოკავშირეების, უპირველესად, შეერთებული შტატების თვალში.