ახალი ამბები

ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შესახებ ახალ კანონპროექტს მხარს უჭერს

ევროსაბჭოს ექსპერტების დახმარებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლების დამცავ დამატებით მექნიზმებს შეიცავს და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სამართლებრივ ნორმებს შეესაბამება.

16 სექტემბერს სასტუმრო “მარიოტში” გაიმართა სიტყვის თავისუფლებისქადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პრესისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონი, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლებას არეგულირებს 1990-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს იქნა მიღებული, დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი კი – 1996 წელს.

ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, “თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორის ლევან რამიშვილის თქმით, “ეს კანონები თავის დროზე წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ შიდა კანონმდებლობა ევროპის სამართლებრივ სივრცეში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ამდენად, საჭირო გახდა არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა”.

კონფერენციაზე დამსწრე ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ორ ძირითად პუნქტს მოიცავს: “პოლიტიკოსები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ სიტყვის თავისუფლების მყარი სამართხლებრივი გარანტიების შესაქმნელად, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონის” მიღების დასრულება; სამოქალაქო სექტორის მედიისა და უფლებადაცვითი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახით თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ… ჟურნალისტური ეთიკის მყარი პრინციპებისა და პროფესიული სტანდარტების შემუშავებისაკენ”.

“მე ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რომ ბოლო პერიოდში სიტყვის თავისუფლებას გარკვეულწილად საფრთხე დაემუქრა. უნდა შეიქმნას იმის სამართლებრივი გარანტიები, რომ თითოეულმა ადამიანმა თავსისუფლად გამოთქვას აზრი და დაიცვას მის მიერვე გამოთქმული მოსაზრება”, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ კონფერენციაზე.

სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ კი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავისი მხარდაჭერა და დაბეჯითებით განაცხადა, რომ “საქართველოში სიტყვის თავისუფლების პრობლემა აღარ იქნება. მას სრული საკანონმდებლო გარანტია ექნება”.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, ძირითადი ცვლილებები შევა ცილისწამების შესახებ არსებულ საკანონმდებლო აქტებში, განმტკიცდება ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმები და საინფორმაციო საშუალებებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდება.

ლევან რამიშვილის აზრით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სიახლეს ცილისწამებისა და პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტების შეცვლა წარმოადგენს. დღეს ამ სფეროს ნაწილობრივ სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს, რომელიც პატივისა და ღირსების, პირადი, არაქონებრივი უფლებების დაცვას ითვალისწინებს. მოქმედებს აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არსებობს მუხლი ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით.

ევროსაბჭოსა და ქართველი ექსპერტების აზრით, ცილისწამების საკითხები სამოქალაქო კოდექსმა უნდა დაარეგულიროს. ამას გარდა, დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი სასამართლოში ცილისწამების, პატივისა და ღირსების დაცვის საქმეების განხილვისას მტკიცების ტვირთს მოპასუხეს (მაგალითად, ჟურნალისტს) აკისრებს, რაც ექსპერტების თქმით, ევროპულ ქვეყნებში მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ახალი კანონპროექტით სასამართლოში მტკიცება მოსარჩელეს (მაგალითად, სახელმწიფო მოხელეს) დაეკისრება.

სოციალისტური ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, წარმოდგენილ პროექტში არსებული დეფინიციები ცილისწამების, აზრის თავისუფლებისა და უხამსი განცხადების შესახებ ძალიან ღირებულია. თუმცა, მისი თქმით, არ არის დაკონკრეტებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისას რა შემთხვევაში თავისუფლდება ჟურნალისტი პასუხისმგებლობისაგან.

კანონპროექტის მე-12 მუხლის თანახმად, მცდარი ფაქტების გავრცელების გამო ჟურნალისტი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, “თუ მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტების სიზუსტის გადასამოწმებლად, მაგრამ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენის შესახებ დროული რეპორტაჟის მომზადების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება”.

საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანის აზრით, კანონპროექტის უმთავრეს ღირსებას საინფორმაციო საშუალებებისატვის საგადასახადო შეღავათების შემოღება წარმოადგენს. “მატერიალური პრობლემები გარდამავალი ქვეყნის დამოუკიდებელი მედიისათვის არ უნდა იქცეს შემაფარხებელ პირობად. ამ ეტაპზე, რაც შეიძლება ნაკლებად, უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა მატერიალურ მხარეზე დამოკიდებული”.

თუმცა, “არც დღეს მოქმედ კანონში და არც ამ კანონპროექტში დამოუკიდებელი ჟურნალისტის სტატუსზე არფერი არ არის ნათქვამი. აქცენტი გაკეთებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. პირველყოვლისა, ჟურნალისტი უნდა იყოს დაცული და არა საინფორმაციო საშუალება”, აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ევროსაბჭოს ექსპერტების რეკომენდაციით, კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა საკომპენსაციო მექანიზმი – პასუხის უფლება. ლევან რამიშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ეს ნორმა დაფუძნებულია იმ მოსაზრებაზე, რომ საზოგადოებას უფლება აქვს ორივე მხარის პოზიცია მოისმინოს.

ახალი კანონპროექტის თანახმად, საინფორმაციო საშუალებებში გაკეთებული განცხადებიდან 10 დღის ვადაში მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვიოს საპასუხო განცხადების გამოქვეყნება. მოთხოვნის წარდგენიდან 5 დღის ვადაში საპასუხო განცხადებაზე მედიისაგან უარის მიღების შემთხვევაში, მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. პასუხის უფლების სარჩელი სასამართლომ სარჩელის წარდგენიდან 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ დღეს მოქმედი კანონის მსგავსად, ახალ კანონპროექტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ “ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით განდობილი ინფორმაცია დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ამ ინფორმაციის ან მისი წყაროს გამხელა”.

პოილტიკოსთა უმრავლესობა კანონპროექტში მოყვანილ პრინციცპებს ეთანხმება. “მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საშემოდგომო სესიაზე მოვახერხებთ ამ კანონპროექტის საბოლოო რედაქციის მიღებას”, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიუილ ინსტიტუტის წარმომადგენლმა მარკ მალენმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ “კანონპროექტი ყოვლისმომცველია. ახლა უმთავრეს საკითხს მისი პარლამენტის დღის წესრიგში შეტანა და კენჭისყრა წარმოადგენს”.

“პარლამნეტში კენჭისყრისას გამოჩნდება, ვინ არის სიტყვის თავისუფლების ნამდვილი მომხრე და ვინ – მოწინააღმდეგე. ვერავინ შეძლებს იურიდიული წვრილმანების უკან ამოფარებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან გაქცევას”, მიიჩნევს გავლენიანი “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი გიგა ბოკერია.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button