ახალი ამბები

პრეზიდენტის შევარდნაძის პასუხი პრეზიდენტ პუტინის განცხადებაზე

2002 წელი 11 სექტემბერი

“პანიკისა და განგაშისთვის საფუძველს ვერ ვხედავ. არა მგონია, რუსეთი ისეთ ავანტიურაზე წავიდეს, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლოს თვალში მის მორალურ და ფსიქოლოგიურ დამარცხებას მოასწავებს”.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოეხმაურა 11 სექტემბერს სოჭში რუსეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან თათბირზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქმედებას შეეხება.

ალბათ დრო დასჭიდება ამ განცხადებაზე საფუძვლიანი კომენტარის გაკეთებას, სულ ერთი საათია, რაც წავიკითხე პრეზიდენტ პუტინის განცხადება, მიმაჩნია, რომ ამ განცხადების ძირითადი ნაწილი ობიექტურად არ ასახავს სიტუაციას. ძალიან მიკერძოებულად და ცალმხრივად არის გაშუქებული ის პრობლემები, რომლებიც რეალურად აწუხებთ რუსეთსა და საქართველოს ჩეჩნეთთან დაკავშირებით.

გამაოცა, რომ ერთი ფრაზითაც კი არ არის ნახსენები ჩეჩნეთის პრობლემა. ყველაფერი ხომ ჩეჩნეთიდან დაიწყო, აქ რომ იყოს, ვკითხავდი, რა უშლის ხელს რუსეთს, დაამყაროს წესრიგი თავის ქვეყანაში, და, როგორც მათ მიაჩნიათ, ჩეჩნეთი რუსეთის შემადგენელი ნაწილია.

მე არ მინდა, ძალიან დეტალური დებატები გაიმართოს ჩვენს შორის, მით უმეტეს, რომ თავად ვლადიმერ პუტინი ამ საუბარს არ ესწრება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ცოტა ნაჩქარებად გაკეთებული განცხადებაა. ეტყობა, ბევრი რამ იმ წრის საყურადღებოდ ითქვა, რომელიც ამ თათბირს ესწრებოდა, ითქვა იმისათვის, რომ მათი აზრი გაეზიარებინა. იმასაც გეტყით, რომ იმ დიალოგის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს შორს, – მხედველობაში მაქვს ჩვენი მიწერ-მოწერა, კერძოდ, ჩემი ორი წერილი და ამ რამდენიმე დღის წინათ მიღებული მისი პასუხი, – ეს განცხადება ძალიან გაუგებრად გამოიყურება. ორი პრეზიდეტი სერიოზულად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტერორიზმის წინააღდმეგ ბრძოლასთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან და უცებ – ასეთი მუქარის შემცველი, პოლიტიკოსისათვის ყოვლად გაუმართლებელი განცხადებები: დაარტყით, სადაც რაღაცას აღმოაჩენთ და ასე შემდეგ… ვფიქრობ, ეს განცხადება წამგებიანია თავად ბატონი პუტინისათვის.

მე ხვალ შევხვდები უშიშროების საბჭოს წევრებს, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს, და შევეცდები მათ განვუმარტო, რა არის არსებითად ასეთი განცხადების მიზეზი და ჩვენ რისი იმედი გვაქვს. როდესაც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი მუქარის სიტყვებით მოგმართავს, რა თქმა უნდა, სერიოზულად დგება საკითხი, შენ როგორ უნდა უპასუხო. ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს იმის, რომ ყველაფერში ცამდე მართალი ვართ. პანკისის პრობლემა ჩვენი შექმნილი არ არის, ის 8 ათასი კაცი მათ გადმორეკეს საქართველოს ტერიოტიაზე. შემდეგ ამ ხალხმა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა ჩვენც და რუსეთსაც. შეიძლება, ახლა ისინი გადადიან საზღვარზე. ჩვენ ხომ ყველას ვერ ვაკონტროლებთ. რუსეთს ათასობით მესაზღვრე უდგას საზღვარზე და თავიანთი საზღვრის დაცვა თვითონ უნდა უზრუნველყონ. მე მგონია, რუსეთი ცოტა განაწყენებულია იმის გამო, რომ არ მივეცით უფლება, საქართველოს ტერიტორიაზე გაევლო რუსეთის ჯარს, რომელიც ზურგიდან დაარტყამდა ჩეჩნებს, რაც, ფაქტორბრივად, საომარი ოპერაციების საქართველოში გადმოტანას ნიშნავდა. რუსეთში ბევრს უნდა, რომ ეს მოხდეს. გარკვეულ გაღიზიანებას, ალბათ, ისიც იწვევს, რომ მათი წინასწარმეტყველება, რომ ჩეჩნების აქ ყოფნა საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა, მთლად არ გამართლდა. ის ხალხი საკუთარ სახლში დაბრუნებაზე ფიქრობს და საქართველოსთვის განსაკუთრებული პრობლემები მათ არ შეუქმნიათ. მათ დააფასეს, რომ ჩვენ ქალები, მოხუცები, ბავშვები, დაჭრილები შევიფარეთ და, რაც შეგვეძლო, სიკეთე გავუკეთეთ.

ისიც მინდა განვაცხადო, რომ პანკისის პრობლემა ძირითადად გადაწყვეტიალია, რადგან ის ხალხი, ასობით მამაკაცი, რომლებსაც შეუძლიათ იარაღი აიღონ ხელში, პანკისში არ არიან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ იქ შევიყვანეთ საკმაოდ მძლავრი ძალები თავად პანკისის მოსახლეობის, ქისტების და, რა თქმა უნდა, ქართველების მოთხოვნით, ამ ხალხის ძირითადმა ნაწილმა პანკისი დატოვა. ახლა, თუ არ ვცდები, დარჩენილია 30-40 კაცი, უფრო მეტად კრიმინალები, და ჩვენი სამართადამცველი სტრუქტურები ყველაფერს იღონებენ, რათა მათ ადგილი მიუჩინონ. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მოწოდებულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ 

Back to top button