ახალი ამბები

სახელმწიფო კანცელარია ხელისუფლების რეფორმირებას ცდილობს

ანტიკორუფციულ საბჭოსთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის თაობაზე მუშაობა სახელმწიფო კანცელარიამაც დაიწყო. კანცელარიაში მუშავდება პროექტი, რომელიც სამინისტროებისა და სახელმწიფო დეპარტამენეტების შემცირებას ისახვს მიზნად. დღეს საქართველოში 17 სამინისტრო და ათი სახელმწიფო დეპარტამენტია.

ქართველი ექსპერტები ჯერ კიდევ 4 წლის წინათ აღნიშნავდნენ სამინისტროების რაოდენობის შემცირების აუცილებლობას. თუმცა, მთავრობამ მხოლოდ 2 სამინისტროს გაუქმება შეძლო. სოცუზრუნველყოფის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან გააერთიანა, საგადასახადო შემოსავლებისა კი ფინანსთა  სამინისტროსთან.

სამინისტროების შემცირების რამოდენიმე ვარიანტს განიხილავს ანტიკორუფციული საბჭოს ბიურო. მთავრობა მისგან რეკომენდაციებს მომავალ წლამდე ელის. ჯერ-ჯერობით, ამ საკითხზე ანტიკორუფციულმა საბჭომ 2003 წლის 1 იანვრიდან ქონების მართვის სამინისტროს საერთოდ გაუქმების რეკომენდაციით მიმართა მთავრობას. ანტიკორუფციული საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე პირველი პროექტით სამინისტროების 10-მდე და დეპარტამენტების 7-მდე შემცირებას ითვალისწინებს. სახელმწიფო კანცელარიის ინიციატივა განსხვავებულია. ის 13-14 სამინისტროსა და 5 დეპარტამენტის დატოვებას მიიჩნევს მიზანშეწონილად.

კანცელარიის სამუშაო სტადიაში მყოფი პროექტის მიხედვით, სოციალური პროფილის უწყებები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაერთიანდება და ახალი და ერთ-ერთი გავლენიანი სოციალურ საკითხთა სამინისტრო შეიქმნება. ამ სამინისტროს გაძლიერება ამჟამინდელ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს მიეწერება, რომელიც კანცელარიაში გადასვლამდე 8 წელი სწორედ ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და რომელიც სამინისტროების შემცირების პროექტზე მომუშავე კომისიას უდგას სათავეში. 
 
ახალი სამუშაო პროექტი უკვე გააკრიტიკეს ლტოლვილთა და განსახლებისა და მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრებმა ვალერი ვაშაკიძემ და მერაბ ჩხენკელმა. სამინისტროების შემცირების ვადებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელს კახა უგულავას. პროექტით, რეფორმა 3 წელი უნდა გაგრძელდეს. “სტრუქტურული რეორგანიზაციის განსახორციელებლად ერთი წელიც საკმარიასია,” – განაცხადა 9 სექტემბერს ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელმა კახა უგულავამ. “რეფორმის განსახორციელებლად ერთი წელი საკმარისი არ არის, ის მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის ადგილობრივ მმართველობითი ორგანოების რეორგანიზაციას ითვალისწინებს და ამისათვის სამი წელია საჭირო” , – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში პროეექტის ერთ-ერთმა ავტორმა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აკაკი ზოიძემ.

კანცელარიის სამუშაო პროექტით, შემცირებები არ შეეხებათ ძალოვან უწყებებს, მაგრამ ის მათ საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს. მოსალოდნელია უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტად გადაკეთება. ამ იდეას თავად უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც ემხრობა. 

აკაკი ზოიძის თქმით, ძალოვანებთან დაკავშირებით წინადადებებს შეაჯერებენ სამართალდამცავი უწყებების რეფორმაზე მომუშავე სპეციალურ კომისიასთან, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია ხელმძღვანელობს. ამ კომისიამ ძალოვანთა პირველი პირებისა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით რამდენიმე სხდომა უკვე გამართა და უკვე საბოლოო ვარიანტზე მუშაობს. ჭანტურიას კომისიის პროექტით, შესაძლოა, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და პროკურატურის საგამოძიებო სამსახურები გაერთიანდეს და შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ტიპის ახალი სამსახური ჩამოყალიბდეს. ამ იდეას მინისტრობამდეც მხარს უჭერდა შინაგან საქმეთა ახლანდელი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი. 

ახალ პროექტში არ არის ჩადებული მინისტრთა კაბინეტის შექმნის საკითხი. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სახელმწიფო მინისტრს არა ერთხელ განუცხადებია, რომ მინისტრთა კაბინეტის შემოღება მას ამ ეტაპზე ნაადრევად მიაჩნია. მინისტრთა კაბინეტის შემოღებას პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობის გასული წლის სხდომაზე მხარი დაუჭირა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაძრულა. 

აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფო კანცელარიის პროექტი საბოლოო სახეს ერთ თვეში მიიღებს.

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button