ახალი ამბები

ექსპერტი პანკისის ოპერაციას დადებითად აფასებს

ინტერვიუ ალექსანდრე რონდელთან

პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციისა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ “სივილ ჯორჯია” “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის” პრეზიდენტს ალექსანდრე რონდელს ესაუბრა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ პანკისში მიმდინარე ოპერაცია დადებით მოვლენაა.

პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა ჩეჩენ მამაკაცს ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. თქვენი აზრით, რამდენად მიზანშეწონილი იყო ამგვარი განცხადების გაკეთება?

ყოველი ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იმისდა მიხედვით ღებულობს, ყველაზე ოპტიმალურად რა ეჩვენება იმ რეალობებიდან გამომდინარე, რომელშიც ესა თუ ის ქვეყანა იმყოფება. რა თქმა უნდა, თუ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებ და ყველას წინასწარ აფრთხილებ, ეს სტანდარტული ქმედება არ არის, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ამას აკეთებს, მას აქვს ამის მიზეზები. ამ ქვეყანაში პრეზიდენტის პასუხისმგებლობა ყველაზე მაღალია. როგორც ჩანს, მან მიაჩნია, რომ მოცემული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის ყველაზე უფრო სასარგებლო ამგვარი ნაბიჯი იქნებოდა.

როგორ აისახება პანკისში ანტიკრიმინალური ოპერაცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე?

საქართველოს მოქალაქეებმა, პირველ რიგში, უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა არის საქართველოს ინტერსებში. რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვინაიდან ეს ოპერაცია მაინც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, პირველყოვლისა, იმაზე, თუ რას აძლევს ეს ოპერაცია და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას საქართველოსათვის.

პანკისის კრიზისი არის, არა მარტო ობიექტური, არამედ სუბიექტური მიზეზების გამო გაჩენილი პრობლემაც. ნუ დავმალავთ, რომ ჩვენი ძალოვანი სამინისტროების გამო იგი გაღრმავდა და ლამის უკურნებელ სენად იქცა, იმ ხალხის გამო, რომლებმაც ამ სამინისტროებში მოიკალათეს და ეს ხეობა დააგირავეს. დღეს მათ პასუხს არავინ არ თხოვს.

თვითონ იქაურმა მაცხოვრებლებმა ამით ვერაფერი ვერ იშოვეს. მათ ისევე უჭირთ, როგორც უჭირდათ, ისევე როგორც იმ ხალხს, რომლებიც ჩეჩნეთიდან ომს გამოექცა.

ის, რაც დღეს ხდება [ანტიკრიმინალური ოპერაცია], არის დადებითი მოვლენა. ჩვენ ყველას გვეგონა, რომ პანკისი არის უკურნებელი სენი, შეიქმნა მითები. აღმოჩნდა, რომ არც ისე რთულია ყველაფერი, თუ მოინდომებ. მოვინდომეთ იმიტომ, რომ შიდა და საგარეო ფაქტორები ამისათვის მომწიფდა. ჯერ ერთი, ქვეყნის შიგნით ყოველივე ამან ძალიან ცუდი სახე მიიღო, მოსახლეობის უკმაყოფილებამ იმატა, ამავდრულად, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობა გამოიცვალა. ამას გარდა, საერთაშორისო ზეწოლაც გაიზარდა. ამ თვალსაზრისით, რუსეთის მხრიდან ზეწოლას ბოლო ადგილზე ნამდვილად არ დავაყენებდი. პირიქით, ამან, უდავოდ, დიდი როლი შეასრულა. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ: ჩრდილოკავკასიაში ვითარება შეიცვალა. აქ მყოფ კრიმინალებს იქიდან დახმარების მიღების იმედი შეუმცირდათ. ყოველივე ამას დაემატა ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა. ამან საშუალება მისცა ჩვენს ხელისუფლებას ეს ნაბიჯი გადაედგა, რასაც ყველა დიდი ხანია ელოდა და ეჩვენებინა, რომ არც ისეა საქმე, როგორც ამას ბევრი ამბობს.

რუსეთში ამ ამბავს ყველა ერთმნიშვნელოვნად არ შეხვედრია. მართალია, ზოგიერთი დადებითად გამოეხმაურა, მაგრამ ბევრი უკმაყოფილოა, რადგან აწი ყველაფრის პანკისის ხეობაზე გადაბრალება გაჭირდება. ძნელი იქნება, იმის მტკიცება, რომ ჩეჩნეთში წინააღმდეგობას პანკისური ჟანგბადი აცოცხლებს.

რომ შევაჯამოთ, რა იწვევს დღეს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებისას შეუთავსებლობას? როგორია ამ ურთიერთობების პერსპექტივა?

ჯერჯერბობით, არც საქართველო და არც რუსეთი არ წარმოადგენს ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს. სწორედ, ამიტომ არის, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს. აი, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საექსპორტო განცხადებას წარმოადგენს ის, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს სცემს. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო მინისტრის მოადგილეს ჰუმანიტარული საბაბით აგზავნის აფხაზეთში, რეალურად კი, სეპარატისტულ რეჟიმთან ეკონომიკური ურთიერთობების გასავითარებლად.

პრეზიდენტი პუტინი, რომლის ხელისუფლება საყოველთაო აღიარებით, ცენტრალიზებულია, აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. მეორე დღეს ერთ-ერთი რუსი გენერალი, რომელიც ვალდებულია საკუთარი სახელმწიფოს ოფიციალური ხაზი გაატაროს, ამბობს, რომ აფხაზეთი იყო და დარჩება რუსულ მიწად.

ამიტომ, როდესაც საქართველოს ეუბნებიან, რომ რუსეთთან საერთო ენა გამონახოს, არ არის მართებული. ძალიან ძნელია, რომ საერთო ენა გამონახო ქვეყანასთან, რომელიც შენზე ბევრად უფრო ძლიერია, რომელმაც შენი ორი ტერიტორია საკუთარი სამხედრო კონტროლის ქვეშ მოაქცია, ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოქალაქეობას აძლევს, არაფერი გააკეთა საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გაამწვავა თბილისის ამ რეგიონებთან ურთიერთობები და განუწყვეტლივ ცდილობს, რომ ზეწოლა იქონიოს საქართველოზე.

ძალიან რთულია ძალის ამგვარი ასიმეტრიის პირობებში ილაპარაკო იმაზე, რომ საქართველომ უნდა გადადგას გარკევეული ნაბიჯები.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქრთველომ? განუცხადოს ყველას, რომ თანხმდება რუსეთის ყველა პირობას? პირველ რიგში, არ ვიცით რუსეთის ეს ყველა პირობა. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა სურს ზუსტად რუსეთს. ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მუდმივი ზეწოლა ხდება და პოზიტივი ძალიან მცირეა. ძალის ამგვარი ასიმეტრიის პირობებში ძალიან ძნელია დაადანაშაულო პატარა, სუსტი ქვეყანა, რომელიც ცდილობს ძლიერი მეზობლის ზეწოლას რაღაცნაირად გადაურჩეს.

ბევრი ამბობს, რომ საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობები რუსეთის დიპლომატიის მარცხია. შეიძლება ვიღაცამ ეს საქართველოს დიპლომატიის მარცხადაც განიხილოს. მე ვიტყოდი, რომ ორივე მხარის მარცხია. თუმცა, რუსეთის მიერ კავკასიაში შესრულებული როლის ფონზე, საქართველო მაინც უფრო მართალი გამოიყურება.

ვფიქრობ, რომ რუსეთისაგან უნდა მოდიოდეს ისეთი ნაბიჯები, რომელიც ნდობას აღძრავს. პატარა, სუსტი სახელმწიფო თავის ყოფილ ბატონს, რასაკვირველია, ეჭვის თვალით უყურებს, მით უმეტეს, კავკასიაში მიმდინარე პროცესების გათვლისწინებით. სამწუხაროდ, საერთაშორისო გარემოს შეცვლის შემდეგაც კი რუსეთი თავის პატარა მეზობელთან ძალისა და მუქარის ენაზე, ანექსიის ენით აგრძელებს ლაპარაკს.

Back to top button