ახალი ამბები

ქვეყნის თავდაცვა სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს

25 აგვისტოს ახმეტაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო წვრთნები დაიწყება. წვრთნებში დაახლოებით 600 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ გამორიცხა სწავლების დროს შეიარაღებული დანაყოფების რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ეს სწავლება პანკისის პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

პარალელურად, აქტიურ ფაზაში შედის საქართველოში მიმდინარე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. აგვისტოს პირველ ნახევარში შეირჩა ის 400 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პროგრამის ფარგლებში შექმნილ კომანდოს ბატალიონს დააკომპლექტებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შერჩეულმა ჯარისკაცებმა სამინისტროსთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს და ხელფასებიც მიიღეს. თვეში 400-650 ლარს მათთვის მწირი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო გამოჰყობს. 

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის III ფაზა ოთხი ქართული ბატალიონის მომზადებას ითვალისწინებს. კომანდოს ბატალიონთან ერთად ჩამოყალიბდება და გაიწვრთნება სამთო, მსუბუქი ქვეითი და სპეც. დანიშნულების ბატალიონები. სულ ამერიკელი ინსტრუქტორები 1200 ქართველ ჯარისკაცს მოამზადებენ. 

პროგრამის II ეტაპის დასასრულს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული მართვის ცენტრი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც თავდაცვის სფეროში ინფორმაციის მიღება და გავრცელებაა. სარდლობის ჩამოყალიბებისთვის ამერიკულმა პროგრამამ 350 ათასი დოლარი გამოყო და უახლესი კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვა. 

19 აგვისტოს საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე გენერალი დიტერ შტოკმანი. საქართველოს პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს ნატოსა და ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს. 

“საქართველო შესანიშნავად ასრულებს თავის ვალდებულებებს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კოსოვოში მივლინებული ქართული სამშვიდობო ბატალიონი, რომელმაც საუკეთესოდ წარმოაჩინა საქართველო”, აღნიშნა გენერალმა შტოკმანმა. 

ამერიკული პროგრამის პარალელურად, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ სამხედრო აკადემიას ეხმარება. ახალ სასწავლო პროგრამასთან ერთად თურქეთმა აკადემია გაარემონტა და სახელმძღვანელოებითა და ფორმებით აღჭურვა. 

გაზაფხულზე კი თურქეთის გენერალურმა შტაბმა ვაზიანის სამხედრო ბაზის მოდერნიზებაზე იზრუნა, სადაც 17-28 ივნისს ნატოს პროგრამა “კოოპერატივ ბესტ ეფორტ 2002” ჩატარდა. მხოლოდ თურქეთის მიერ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილმა დახმარებებმა 1998 წლიდან დღემდე 28 მილიონი დოლარი შეადგინა. 

თუმცა, გარემონტებული შენობები და კარგად ჩაცმული ჯარისკაცები ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქართველომ თავი დაიცვას. თავდაცვის სამინისტრო ვერაფერს უხერხებს რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას იმის გამო, რომ მას სათანადო ტექნიკა არ გააჩნია. არადა, უკანასკნელ ხანებში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებათაგანია. 

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი დსთ-ის ქვეყნებს სორის ყველაზე მცირეა. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე წელს მხოლოდ 38,5 მილიონი ლარია, რომლის გეგმიურ შესრულებასაც წლის პირველ ნახევარში 4 მილიონი უკვე დააკლდა. ჯერ კიდევ 2002 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე აცხადებდა, რომ შეიარაღებული ძალების მხოლოდ არსებობისთვის სულ ცოტა 71 მილიონ ლარი არის საჭირო. 

“თავდაცვის სამინისტროს დაუფინანსებლობა ქვეყანაში გამოუვალ მდგომარეობას შექმნის,” განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა 18 ივლისს გამართულ კომიტეტის სხდომაზე. ხოლო მეორე დღეს კომანდოსა და კოჯრის ელიტარულმა ბატალიონებმა თავდაცვის სამინისტროს პროტესტი გამოუცხადეს და სამხედრო ნაწილების დატოვებით დაიმუქრნენ, რაც თავისთავად, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელებას შეუშლიდა ხელს. 

თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ეს ბატალიონები საუკეთესო იყო საქართველოში, ახლა კი მისი ოფიცრები, სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის ნიკა ჯანჯღავას თაოსნობით, ჯარში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ალაპარაკდნენ. 

“ქართული ჯარის აღმშენებლობის დღევანდელ ეტაპზე არსებული პრობლემის უმთავრესი მიზეზია სახელმწიფოებრივი მიდგომა და საზოგადოებირივი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი… აქედანვე იღებს სათავეს სამხედრო ძალებში არსებული მძიმე მატერიალურ-სოციალური პრობლემები, რომლის თავიდათავი დღემდე გადაუჭრელი “ავადსახსენებელი” ბიუჯეტია”, წერს თავის ანგარიშში სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი. 
ფინანსური პრობლემის დასაძლევად თავდაცვის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონის თანახმად, წვევამდელს შეუძლია გადაიხადოს 100 აშშ დოლარი, და ის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ერთი წლის ვადით გათავისუფლდება.

“ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს, არის ის, რომ შეიარაღებული ძალები უნდა იყოს მცირე, მობილური, მოქნილი, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი”, ამბობს უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გარი ჯონსონი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებს იწონებს.

ქვეყანაში არსებული პირობების გათვალისწინებით შეიარაღებულ ძალებში და მთლიანად თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემები ბუნებრივი ჩანს. და ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დახმარება ბიუჯეტით გამოყოფილ თანხაზე უფრო მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს, სევდიანად ჟღერს, თუმცა მაინც სასიამოვნოა.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
სერ გარი ჯონსონი საქართველოს თავდაცვის სიტემის რეფორმაზე საუბრობს
თავდაცვის სამინისტროს “თეთრი წიგნი
პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შესახებ
“კოოპერეიტივ ბესტ ეფორტ 2002” დაიწყო
ვაზიანის სამხედრო ბაზა თურქეთის დახმარებით გაიხსნა

მსგავსი/Related

Back to top button