ახალი ამბები

კოდორი, პანკისი – საქართველოს ცხელი წერტილები

რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა პანკისიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაში ინაცვლებს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეს ორი ხეობა ყველაზე ხშირად ხდება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი. კოდორის ხეობაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის ცნობით, საქართველოს მიერ კონტროლირებად მარუხის უღეტეხილთან 11 აგვისტოს რუსი სამხედროებისა და აფხაზი მეომრების გაძლიერებული ასეული დაბანაკდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით კი, კოდორში მხოლოდ აფხაზური შენაერთები შევიდნენ.

ემზარ კვიციანის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა 12 აგვისტოს ქართულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს, რომელშიც თავად იმყოფებოდა. იგი კოდორის ხეობის პატრულირებას ახდენდა. ემზარ კვიციანმა, რომელიც ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კოდორის მიმართულების სარდალიცაა, თავისი რაზმის წევრებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. მან რუსულ-აფხაზურ დაჯგუფებას ულტიმატუმი წაუყენა – დატოვონ ხეობა 13 აგვისტომდე.

რუსული მხარე ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს. თუმცა აფხაზური მხარე აღიარებს, რომ ვერტმფრენს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნენს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზურმა მხარემ რამდენჯერმე გააფრთხილა საქართველო სოხუმთან შეუთანხმებლად აფხაზეთში არ განახორციელოს ფრენები.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოდორის ხეობაში მომხადარი ეს უკვე მეორე ინციდენტია. 31 ივლისს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 30-მდე რუსი მესაზღვრე დაბანაკდა. მათ საქართველოს ტერიტორია მხოლოდ თავდაცვის მინისტრთან დავით თევზაძესთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ დატოვეს. 

ზედა კოდორის ხეობა სეპარატისტულ აფხაზეთში ქართულ ანკლავს წარმოადგენს და აფხზები შიშობენ, რომ თბილისი ამ სტრატეგიულ ანკლავს სოხუმის წინააღმდეგ შეტევისთვის გამოიყენებს. თავის მხრივ კი, თბილისი აფხაზეთში ერთადერთი კონტროლირებადი ტერიტორიის დაკარგვას შიშობს და აფხაზების მხრიდან პროვოკაციის მოლოდინშია. ამჟამად ხეობას მესაზღვრეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის შეიარაღებული რაზმები იცავენ.

კოდორში ვითარების გაუარესება პანკისის გარშემო რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობას მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები თითქმის ყოველდღე აკეთებდნენ განცხადებებს და საქართველოს ტერორიზმის მფარველობაში ადანაშაულებდნენ. რუსეთის ოფიციალური პირები პანკისის ხეობაში, სადაც მათი მტკიცებით, ჩეჩენი მეომრები და საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფები აფარებენ თავს, რუსულ-ქართული ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას მოითხოვენ, რაზეც თბილისი უარით პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პანკისის ხეობა რუსეთიდან შემოჭრილმა საბრძოლო ვერტმფრენებმა და გამანადგურებლებმა სამჯერ დაბომბეს.

ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი მაინც იპტიმისტურად უყურებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. 12 აგვისტოს თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ გაუკეთა კომენტარი რუსი მინისტრების ბრალდებებს და აღნიშნა, რომ მათი განცხადებები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე არ იქონიებს გავლენას.

“სრულდება რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მუშაობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აუცილებლად დაათბობს და გაზრდის ურთიერთნდობას”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. თუმცა ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობა და დიპლომატიური ომი ორ ქვეყანას შორის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.

Back to top button