ახალი ამბები

პანკისში ერთობლივი საომარი მოქმედებები რუშაილოსთან მოლაპარაკებებზე არ განხილულა

(თბილისი, 11 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ვლადიმირ რუშაილომ საქართველოში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა.

თავის ქართველ კოლეგასთან თედო ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუშაილომ განაცხადა, რომ ვიზიტის მსვლელობისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე სხვა საკითხთა შორის პანკისის ხეობის პრობლემაზეც იმსჯელეს.

მისი თქმით, ლაპარაკია პანკისის ხეობაში ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე და არანაირ ერთობლივ სამხედრო ქმედებებზე, როგორც ამაზე აქცეტნს აკეთებენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებზე პანკისის ხეობაში ერთობლივი საომარი ოპერაციის შესახებ სიტყვაც კი არ თქმულა.

რუშაილოს თქმით, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურები.

ვლადიმირ რუშაილო დღესვე მოსკოვში გაემგზავრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button