
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეორე ეტაპი დაიწყო
10 და 11 ივნისს ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური განხილვა შედგა თბილისში, ხოლო 17-29 ივნისს რეგიონებში ანალოგიური შეხვედრების მოწყობა არის დაგეგმილი. “ბრითიშ პეტროლიუმი” უზრუნველყოფს ხალხის ტრანსპორტირებას. შეხვედრები ძირითადად საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ პროექტში სოციალურთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებიც გამოიყოს. ‘სივილ ჯორჯიას’ ‘საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში’ განუცხადეს, რომ ქართული მხარე “ბრითიშ პეტროლიუმი”-ის წინაშე დასვამს ამ საკითხს და, სავარაუდოდ, პროექტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც იქნება გათვალისწინებული. ამჟამად, ორი კილომეტრის დერეფანში (მილსადენების მარჯვნივ და მარცხნივ თითო-თითო კილომეტრის რადიუსში) მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების დეტალური აღწერა. შესრულებული სამუშაო სოციალური და ეკოლოგიური ზემოქმედების შეფასების ნაწილი იქნება. ამის შემდეგ, “ბრითიშ პეტროლიუმი” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალური პროგრამას შეიმუშავებს. ერთობლივი პროექტის გარდა, “ბრითიშ პეტროლიუმი” სოციალური ზემოქმედების პროგრამაზე ცალკე მუშაობს. ამ პროექტით გათვალისწინებულია სკოლებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევა, ამორტიზებული შენობების შეკეთება. აღნიშნული პროგრამა გზების შეკეთებასა და რეგიონების სასმელი წყლით უზრუნველყოფასაც მოიცავს. “ბრითიშ პეტროლიუმ”-ის მოთხოვნით ‘საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ’ მილსადენის დერეფანში არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მოსავლიანობის შესახებ მათ ინფორმაცია გადასცა. შეფასება 7 რაიონის მიხედვით გაკეთდა. მშენებლობის დაწყების შემდეგ, მოსახლეობა, ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზე მოსავალს ვერ მიიღებს. ამდენად, “BP”-მ საშუალო მოსავლიანობისა და მიმდინარე წლის საბაზრო ფასების შესაბამისად მოსახლეობისათვის კომპენსაციის გადახდა ივალდებულა. ‘საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის’ ცნობით, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გათვლებით, მთლიანად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მსვლელობისას 70 000 კაცი დასაქმდება. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მხარეს ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ “ბრითიშ პეტროლიუმ”-ისათვის 500 მეტრიან დერეფანში განთავსებული ყველა ობიექტიოს ნუსხა და სარგებლობის უფლება გადაეცა. როგორც ‘ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში’ განუცხადეს ‘სივილ ჯორჯიას’, ეს სამუშაო წინასწარ შეთანხმებულ ვადებში მთლიანად დასრულებულია. 1 მაისს საბუთები “ბრითიშ პეტროლიუმ”-ის ოფიციალურად გადაეცა და საქართველომ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე 10 000 ოჯახზე მეტი ცხოვრობს. აღწერის შემდეგ, დერეფნის პროექტი გარკვეულად შეიცვალა. იმ შვიდი რაიონიდან, რომელზეც ენერგეტიკული დერეფანი გადის, პრაქტიკულად, ყველგან მოხდა ცვლილება გარდაბნისა და ადიგენის გარდა. მარნეულში, თეთრწყაროში, წალკაში, ბორჯომში და ახალციხეში დერეფნის მარშრუტი ხელახლა აღიწერა. ‘საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში’ განაცხადეს, რომ, თუ გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება პროექტში დამატებით ცვლილებებს დაისაჭიროებს, პროექტში ჩართული ყველა მხარე მზად არის მათ გასათვალისწინებლად. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ერზერუმის მილსადენები ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში არის მოქცეული. ისინი ერთმანეთის პარალელურად გაივლიან. მათ შორის დაცილება 20-25 მეტრი იქნება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნავთობსადენზე ორი საქაჩი იქნება დამონტაჟებული – ერთი საზღვრიდან ძალიან ახლოს გარდაბანში, ხოლო მეორე თეთრიწყაროს ტერიტორიაზე. ეს არის ორი ძირითადი ნაგებობა, რომელიც მიწისზემოთ იქნება განთავსებული. პროექტში ჩართული მხარეები მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ საქაჩები ისეთ ადგილებში აშენებულიყო, სადაც გარემოზე ზეგავლენა მინიმალური იქნებოდა. ამ მიზნით, თეთრწყაროსთან გარკვეული ტერიტორიის გატყიანება მოხდება. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკურ პროექტზე მუშაობა. ამჟამად, ლონდონში მუშავდება პროექტის საბოლოო დეტალები. ერთი ჯგუფი საქართველოში იმყოფება და მასალებს ლონდონში აგზავნის. ქართველი ექსპერტებისა და მეცნიერების მეორე ჯგუფი კი ლონდონში უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობს. ქართველმა ექსპერტებმა და მეცნიერებმა “ბრითიშ პეტროლიუმ”-ის ექსპერტებთან ერთად დერეფნის მარშრუტი ფეხით გაიარეს. მათ ყველა სენსიტიური უბანი: მდინარეების გადაკვეთა, ხევი, მეწყერსაშიში ტერიტორიები მოინახულეს. სამცხე-ჯავახეთში ექსპედიციები კვლავ გრძელდება. მიმდინარეობს 500 მეტრიან დერეფანში მოქცეული წიაღისეულის დაზუსტება. რუკაზე დატანილია მტკნარი წყლის აუზები, მინერალური საბადოები და ა.შ. პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებისას აქ გაკეთებული დასკვნები გათვალისწინებული იქნება. ‘საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის’ მთელი ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რომ წლის ბოლომდე ლიცენზიებთან და მიწის ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებული ფორმალური სამუშაო დასრულდეს. 2003 წლიდან დაიწყება მესამე ეტაპი, რომელიც სრულმასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ითვალისწინებს. რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯიასაქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მეორე ეტაპის დაწყება გამოაცხადა. მეორე ეტაპი გარკვეული საინჟინრო სამუშაოების შესრულების გარდა, სოციალური და ეკოლოგიური ზემოქმედების შესახებ კვლევებსა და შეფასებას მოიცავს.