
მოლაპარაკებები დაძაბულ ფონზე
საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები თბილისში 11 ივნისს განახლდა. ოპტიმიზმის მიუხედავად მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები დოკუმენტის ხელმოწერისა და შესაბამისად რატიფიკაციისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის. მოლაპარაკებების დაწყებამდე ბორის პასტუხოვმა, რომელიც მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობას განაცხადა, რომ იგი პოზიტიურად არის განწყობილი და დიდი ჩარჩო ხელშეკრულება, აუცილებლად დაიდება. რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში ურთიერთობები უნდა განსაზღვროს, გაფორმების ის უკვე მეორე მცდელობაა. ორი ქვეყნის მეთაურებმა ამ სახის დოკუმენტს ერთხელ უკვე მოაწერეს ხელი 1994 წელს, თუმცა საქართველოს პარლამენტისგან გასხვავებით, რუსეთის დუმამ მაშინ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოახდინა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ უკლება აცხადებს, მაშინ რუსეთში ხელშეკრულების სარატიფიკაციოდ “პოლიტიკური ნება არ არსებობდა.” პოლიტიკური ნება, თუ გავითვალისწინებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ გადაუჭრელ პრობლემებს, შესაძლოა, არც ამჟამად გამოჩნდეს. ასეთი პრობლემები კი მრავლად დაგროვდა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პანკისის ხეობა, სავიზო რეჟიმი, რაც მრავალ პრობლემას უქმნის რუსეთში მაცხოვრებელ ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს. განსაკუთრებულ მწვავედ დგას საქართველოში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი. ამ ყოველივეს დაემატა მოქალაქეობის შესახებ რუსეთის კანონი, რასაც საქართველოს მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტმა შესწორებას “ფარული აგრესია” უწოდა. საქართველოში შიშობენ რომ ეს კანონი სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების ფარულ გეგმას შეიცავს. პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 10 ივნისს გაკეთებული მკაცრი განცხადების მიხედვით, “ის შესწორება რომელიც [კანონში] ერთი ჯგუფის ბოროტი განზრახვით იქნა შეტანილი ფაქტოვვრივად ნიშნავს ფარული ანექსიის განხორციელებას და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას”. “ყველა ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს შიდა საემიგრაციო და საპასპორტო კანონმდებლობა, მაგრამ მან არ უნდა ხელყოს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. პრეზიდენტის თქმით ეს არის “არც თუ ისე მოგობრული ნაბიჯია, რომელიც კანდინალურად ეწინააღმდეგება იმ კონსტრუქციულ სულისკვეთებას, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა ურთერთობაში რომ ჩამოყალიბდა.” ასეთი მკაცრი განცხადებები უსწრებდა წინ 11 ივნისს დაწყებულ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდს. მიმდინარე მოლაპარაკებებისას მხარეები ხელშეკრულების ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ასპექტებს განიხილავენ. ეკონომიკური საკითხი ორ ქვეყანას შორის არა ნაკლები სიმწვავით ხასიათდება, ვიდრე სამხედრო-პოლიტიკური ასპექტი, რომეზეც შეთანხმება მომავალშია განსაზღვრული. რუსული გაზი საქართველოსთივ ერთადერთ უალტერნატივო წყაროს წარმოადგენს, რაც დიდი მეზობლის მხრიდან ხშირად პოლიტიკური ზეწოლის საშუალება ხდება. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია
რუსეთის სათათბიროს მიერ მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი შესწორების თანახმად, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს არ არის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე. ეს პირდაპირ ეხებათ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელ პირებს.