Placeholder canvas
ახალი ამბები

არჩევნებში გამარჯვებული ორი ლიდერი

2 ივნისს ჩატარებულმა არჩევნებმა ორი ძირითადი გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ‘ნაციონალური მოძრაობა’ და ‘ლეიბორისტული პარტია’ გამოავლინა. მათი გამარჯვება დიდწილად სწორად შერჩეულმა საარჩევნო სტრატეგიამ და გამოკვეთილი ლიდერების არსებობამ განაპირობა.

მზარდი სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილების ფონზე რადიკალური პოლიტიკური ძალები გამოკვეთილი ანტისახელისუფლო იმიჯით ამომრჩევლებში ყველაზე მეტ სიმპათიას იწვევდა.

ორივე პარტიის წინასაარჩევნო პლატფორმა სოციალურ თემატიკაზე იყო აგებული. ლეიბორისტული პარტია ტრადიციული მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელია და  ქართველ ამომრჩეველს უფასო განათლებასა და სამედიცინო მომსახურებას ჰპირდებოდა. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და პარტიის წევრები საჯაროდ დააფიცა, რომ არცერთი მათგანი კორუფციაში ეჭვმიტანილ პირებთან და, ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ იურთიერთობებდა.

რაც შეეხება ‘ნაციონალურ მოძრაობა_დემოკრატიულ ფრონტს’, მათი ძირითადი წინასაარჩევნო შეტყობინება იყო ‘საქართველო შევარდნაძის გარეშე’. მიხეილ სააკაშვილი კვლავ წარმატებით იყენებდა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იუსტიციის მინისტრობის დროს შემუშავებულ კანონპროექტს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ. ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია ეკლექტურია და მემარცხენე შეხედულებებთან ერთად ლიბერალური, მემარჯვენე ტიპის ღირებულებებსაც აერთიანებს, რაც პირველ რიგში, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერაში გამოიხატება. 

ორივე პარტიის იმიჯზე პოზიტიურად აისახა წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებასთან ურთიერთობების გარკვევაზე უარის თქმა. მოქალაქეთა კავშირის დაშლის შემდეგ, თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი პრეზიდენტის კეთილგანწყობილების მოპოვებას და, ფაქტობრივად, მმართველი პარტიის ჩანაცვლებას შეეცადა. მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტიები ჩართული იყო აღმასრულებელი ხელისუფლებასთან საკუთარი დამოკიდებულების გარკვევით, ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტების წარმომადგენლები უშუალოდ მოსახლეობაზე აკეთებდნენ აქცენტს.

ნაციონალური მოძრაობაც და ლეიბორისტებიც ხალხს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას კორუფციის დაძლევის გზით პირდება. მათი შეხედულებები მასის დიდ სიმპათიას იწვევს, ხოლო მმართველი წრეების მიერ ხშირად ბოლშევიკურად ინათლება.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული პოლიტიკურ პარტიებს ქარიზმატული ლიდერები ჰყავს. მიხეილ სააკაშვილიც და შალვა ნათელაშვილიც სწრაფი ლაპარაკის მანერით გამოირჩევიან. ორივე მათგანი თითქმის შეუჩერებლად საუბრობს, თუმცა, ყველასათვის გასაგები, მარტივი ფრაზებით. ორივე ლიდერისათვის დამახასიათებელია მსმენელისათვის კარგად გააზრებული ლოზუნგების, წინასწარ გამზადებული პასუხების მიწოდება.

თითოეული მათგანი საკუთარ სიტყვას დიდ ემოციურ დატვირთვას ანიჭებს. მათ შეურიგებელი, რადიკალური პოლიტიკოსების იმიჯი აქვთ, პიროვნებების, რომლებიც საერთო საქმისათვის თავს აუცილებლად გაწირავენ. ‘ჯვარზეც რომ გამაკრან, ბრძოლას მაინც არ შევწყვეტ’, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

შალვა ნათელაშვილიცა და მიხეილ სააკაშვილიც ცდილობენ, რომ ისინი უბრალო ხალხთან ასოცირდებოდნენ. სააკაშვილიცა და ნათელაშვილიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით  ხშირად მგზავრობენ. ყოფილი იუსტიციის მინისტრი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მათ მშობლიურ ენაზეც ესაუბრებოდა, რაც ქართულ წინასაარჩევნო ტექნოლოგიებში სიახლეს წარმოადგენს.

თუმცა, ამ ადგილობრივმა არჩევნებმა ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტების ამომრჩეველთა შორის განსხვავება ნათლად ასახა. პოლიტოლოგ ზურაბ ჭიაბერაშილის თქმით, თბილისში, სადაც დაპირისპირება კულმინაციას აღწევდა, სააკაშვილს ძირითადად პრესტიჟული უბნების მაცხოვრებლებმა დაუჭირეს მხარი, მაშინ როდესაც ნათელაშვილის ამომრჩეველთა უმრავლესობა გარეუბნებში ცხოვრობს.

თუმცა, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი აქვთ. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს თავის გარშემო თანამოაზრეთა გუნდი შექმნას, რომელთა ლიდერიც თავად იქნება. ლეიბორისტული პარტია კი, ფაქტობრივად, ერთი პიროვნების, შალვა ნათელაშვილის გარშემო  არსებული გაერთიანებაა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს ტრამპლინად განიხილავს, საიდანაც პარლამენტში გაცილებით დიდი წარმომადგენლობითა და სოლიდური პოლიტიკური კაპიტალით უნდა რომ მოხვდეს. უკანასკნელი წლები ცხადყობს, რომ ლეიბორისტები ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვან გამარჯვებებს აღწევენ. თუმცა, ამ გამარჯვების შენარჩუნებას და საპარლამენტო არჩევნებისას მიღწეული წარმატების გამოყენებას ვერ ახერხებენ. 

ექსპერტების აზრით, ამ ორი პარტიის მსგავსების მიუხედავად, მათ შორის ალიანსი და გრძელვადიანი თანამშრომლობა ნაკლებ მოსალოდნელი იქნება. ეს არჩევნების დამთავრებისთანავე გახდა ცნობილი, როდესაც ლეიბორისტებისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერებმა არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ საკრებულოში სწორედ ისინი ითანამშრომლებენ ერთმანეთთან.

სავარაუდოდ, ძირითადი პოლიტიკური დებატები თბილისის საკრებულოში გადაინაცვლებს. მოახლოებუილი საპარლამენტო არჩევნების ფონზე თითოეული პარტია შეეცდება საკრებულო საკუთარი Pღ-ისათვის გამოიყენოს. საკრებულოს შეზღუდული უფლებების გათვალისწინებით, მას მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნის ფუნქცია ექნება.       

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button