Placeholder canvas
ახალი ამბები

მშფოთვარე ადგილობრივი არჩევნები

“წინასაარჩევნო პროცესი მტკივნეული იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება”, განაცხადა პრეზიდენტმა ხმის მიცემისას. პრეზიდენტის იმედის მიუხედავად, საარჩევნო უბნებში მასობრივი დარღვევებისა და არეულობის გამო არჩევნები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაუქმდა.

2 ივნისს ადგილობრივი არჩევნები დიდი ხმაურითა და სკანდალებით წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ინფორმაციით, შუადღისათვის უკვე მრავალი სახის დარღვევა დაფიქსირდა.  დღის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და საარჩევნო უბანში არჩევნები გაუქმებულად გამოცხადდა.

რუსთავში დილიდანვე ერთიმეორის მიყოლებით გაუქმდა არჩევნები სხვადასხვა უბანში. არჩევნების ჩაშლის მიზეზი საარჩევნო ბიულეტენების გატაცება გახდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმოამდგენელთა თქმით, მათ მიერ გაგზავნილ მანქანას თავს დაესხა უცნობთა ჯგუფი, რომლებმაც ბიულეტენები გაიტაცეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძემ რუსთავში მომხდარ ინციდენტს ‘ძალზე სამწუხარო და აღმაშფოთებელი ფაქტი უწოდა’.

რუსთავის ინციდენტმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ისინი გუბერნატორის ოფისის წინ შეიკრიბნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ გუბერნატორ ლევან მამალაძის სამუშაო კაბინეტის კარებიც აჭედეს. მოგვიანებით მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსთავის მერის კანდიდატის მერაბ ტყეშელაშვილის მეთაურობით თბილისში ჩამოვიდა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განმეორებითი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა. ცსკო-ს სხდომაზე, რომელსაც მერაბ ტყეშელაშვილიც ესწრებოდა, განმეორებითი არჩევნების 9 ივნისს ჩატარება გადაწყდა.

მოვლენები თითქმის იმავე სცენარით განვითარდა ზუგდიდში, სადაც ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმებს, რომლის დროსაც საარჩევნო ყუთები დაამტვრიეს. ცოტა ხანში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი ბერულავამ და ზუგდიდის რაიონის გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა დანელიამ გადადგომის შესახებ დაწერეს განცხადებები.

გიორგი ბერულავას თქმით, გადადგომის მიზეზს არჩევნების დროს გამეფებული უკანონობა წარმოადგენს.

რაც შეეხება ხაშურს, არჩევნები იქაც ჩაიშალა, რადგან ბიულეტენები საერთოდ არ მიუტანიათ. ვითარება გაურკვევევლია ქუთაისშიც, სადაც მერის არჩევნები არ დაწყებულა, ხოლო საკრებულოს არჩევნებისას დამკვირვებლებმა უამრავი დარღვევა დააფიქსირეს.
არჩევნების დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოოდ დაადგენს თარიღს ხაშურსა და ზუგდიდში განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

‘ხელისუფლებამ იმას მიაღწია, რომ არჩევნები, პრაქტიკულად, ჩაშლილია… იმას, რაც ხდება არ ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი’, განაცხადა აღშფოთებულმა ზურაბ ჟვანიამ საკუთარ საარჩევნო უბანში ხმის მიცემისას…”

არჩევნების მსვლელობისას მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, რომელმაც თითქმის ყველა უბანზე დარღვევის ფაქტები გამოაშკარავა. ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო უბანთან პოლიციელი იდგა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე გაკრული იყო საარჩევნო პლაკატები და ლოზუნგები, რაც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია.

ამას გარდა, დამკვირვებლებმა ე.წ. კარუსელის სისტემა დააფიქსირეს, როდესაც ერთი და იგივე ამომრჩეველთა ჯგუფი სხვადასხვა უბანში აძლევდა ხმას. ხშირი იყო თავად საუბნო კომისიის წევრების მიერ უცოდინრობის გამო საარჩევნო კანონის დარღვევა.

პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძის აზრით, ხელისუფლებამ მოსახლეობას დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის თავგზა აებნია. მაღლაფერიძე იზიარებს მრავალი პოლიტიკოსისა და მოქალაქის შეშფოთებას, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიები არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან. ‘ცსკ-აში მრავლად არიან ბნელი ჩანაფიქრის აღმსრულებლები’, ამბობს მაღლაფერიძე.

8:00 საათზე საარჩევნო ყუთები მთელს საქართველოში დაილუქა და დაიწყო ხმების დათვლა. უბნების 10-15% პროცენტის ხმების დათვლის შემდეგ, 3 ივნისს დაახლოებით ღამის 1.00 საათზე, წარმოდგენილი იქნება არჩევნების წინასწარი მონაცემები, განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას” ცსკ-ის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იგი რამდენიმე დღეში დადგინდება და ოფიციალურად გამოქვეყნდება.

მსგავსი/Related

Back to top button