
ახალი ამბები
სამხრეთ ოსეთის ლიდერს საქართველოს გაზრდილი სამხედრო პოტენციალი აშფოთებს
(თბილისი, 31 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, თუ საქართველოს სამხედრო პოტენციალი გაიზრდება, თბილისი მას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის გამოიყენებს. კოკოითის თქმით, ის მოსკოვში აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ მინისტრს შეხვდა და მასთან ერთად საქართველოს მხრიდან აგრესიის შესაძლო გამოვლენაზე ისაუბრა. აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები გამუდმებით გამოხატავენ შეშფოთებას აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და ირწმუნებიან, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილ სამხედროებს საქართველოს ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გამოიყენებს.