ახალი ამბები

რუსეთი სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციაზე თანახმაა

(თბილისი, 24 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთი არ არის წინააღმდეგი იმისა, რომ საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების შემადგენლობა ინტერნაციონალური გახდეს, განაცხადა გუშინ, 23 მაისს, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ვალერი ლოშჩინინმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ირაკლი მენაღარიშვილთან შეხვედრის შემდეგ ლოშჩინინმა აღნიშნა, რომ “რუსეთი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვას”.

რუსეთის სამშვიდობო ძალები საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 1994 წლიდან დ.ს.თ.-ის ეგიდით იმყოფებიან.

უკრაინამ უკვე გამოხატა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისადმი მზადყოფნა იმ შემთხვევაში, თუ ის გაეროს ეგიდით განხორციელდება.

ლოშჩინინსა და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოთა ყოფნის მანდატი იყო. საქართველო გალის რაიონში რუს მშვიდობისმყოფელთა მანდატის გაფართოვებას ითხოვს, რათა იქ დევნილთა მშვიდობიანი დაბრუნება გარანტირებული იყოს.

Back to top button