
რუსეთის პრეტენზიებს ამერიკელების ჩამოსვლის გამო ბურჯანაძე უსაფუძვლოს უწოდებს
(თბილისი, 23 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთი საქართველოს არ დაკითხებია, როცა ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებაზე წავიდა და ამჟამად კიდევ პრეტენზიები გამოითქმება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარების გამო, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის მხარე წინასწარ ინფორმირებული იყო საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ასეთი სკანდალის შექმნა მიზანშეწონილი არ იყო, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, თავის დროზე რუსეთი რომ დახმარებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, საქართველოც არ დაიწყებდა დახმარების ძებნას ოკეანის გაღმა.
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების 70-კაციანი ჯგუფი საქართველოში 19 მაისს ჩამოვიდა.