ახალი ამბები

შევარდნაძე ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

(თბილისი, 22 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტი შევარდნაძე გაკვირვებულია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვის შესახებ უცხოეთში გავრცელებული ინფორმაციით. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, პრეზიდენტი საქართველოს იმიჯის შელახვას ოპოზიციურ ძალებს უკავშირებს და სიტუაციის გამოსწორებას თავის მინისტრებს თხოვს.

“ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავისი ოპოზიციონერობა, სიყვარული თუ სიძულვილი ხელისუფლებისადმი იმით გამოხატონ, რომ ჩირქი მოსცხონ ქვეყანას.
ხანდახან მე თვითონ მცხვენია და არ მჯერა, რომ საქართველოდანაა ეს ინფორმაცია მიწოდებული. სადაც კი ხელი მიუწვდებათ, მიდის ინფორმაცია, რომ აქ არავითარი დემოკრატია არ არის, ჰუმანიზმი არ არის და ეს არის ნახევრად ფაშისტური სახელმწიფოა, არ რცხვენიათ ამის დაწერის და გაგზავნის”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სხდომაზე განხილული იქნა საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

შევარდნაძემ განაცხადა, რომ ბოლო დროს ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი. ამის გამო მან თავისი მინისტრებისგან უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თითოეული შეხვედრის შესახებ დეტალური ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.

პრეზიდენტს ამის დემონსტრირება ეს იმისთვის სჭირდება, რომ საზოგადოებას აჩვენოს, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან. შევარდნაძე აცხადებს, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული საქართველოს საერთაშორისო იმიჯი.

მსგავსი/Related

Back to top button