ახალი ამბები

ამერიკელი კონგრესმენები შევარდნაძეს რელიგიური ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებენ

ირაკლი არეშიძე ვაშინგტონიდან

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თხუთმეტმა წევრმა საქართველოს პრეზიდენტს 2002 წლის 15 მაისს წერილით მიმართა, რომელლითაც მას მოუწოდებენ, რომ ბოლო მოუღოს ძალადობას რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ საქართველოში და უზრუნველყოს საქართველოს კანონების შესრულება ამ ძალადობის განმხორციელებელი პირების შესაბამისი დასჯის გზით. ეს წერილი, კერძოდ, ეხება გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მეთაურს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილ ბასილ მკალავიშვილს, რომელიც მრავალჯერ იყო იეღოვას მოწმეებზე თავდასხმების ინიციატორი და მეთაური.

შევარდნაძეს წერილი სშშ-ს ჰელსინკის კომისიის სახელით გაეგზავნა. ეს არის ფედერალური სააგენტო, რომელიც თვალყურს ადევნებს და ხელს უწყობს ჰელსინკის შეთანხმებების განხორციელებას. კომისიის თავმჯდომარეა სენატორი ბენ ნაითჰორს კემპბელი, რესპუბლიკელი კოლორადოს შტატიდან, თანადავმჯდომარე – კონგრესმენი კრისტოფერ სმიტი, რესპუბლიკელი ნიუ ჯერსის შტატიდან. ორი დემოკრატი: სენატორი კრისტოფერი დოდი კონექტიკუტის შტატიდან და კონგრესმენი სტეინი ჰოიერი მერილენდის შტატიდან კომისიის უფროსი წევრები არიან.

რელიგიური ძალადობის პრობლემა საქართველოს უკვე მრავალი წელია აწუხებს. ურჩ მკალავიშვილსა და მის მიმდევართა მცირე ჯგუფს განხორციელებული აქვს, დაახლოებით, 80 თავდასხმა იეღოვას მოწმეებზე. ამ თავდასხმების გამო დაზარალებულებს 700-ზე მეტი საჩივარი აქვთ შეტანილი შესაბამის ინსტანციებში, მაგრამ ხელისუფლება არ ჩქრობს იმოქმედოს საპასუხოდ. სასამართლო პროცესი მკალავიშვილის წინააღმდეგ 2002 წლის 25 იანვარს დაიწყო, მაგრამ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას არ ემუქრება ხანგრძლივი ვადით თავისულფების აღკვეთა.

ჰელსინკის კომისიის წერილი პრეზიდენტ შევარდნაძეს მოუწოდებს, რომ “კონკრეტული ზომები მიიღოს საქართველოს ყოველი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განურჩევლად მისი რელიგიისა”. კომისიის განცხადებაში სენატორი კემპბელი აღნიშნავს, რომ “როგორც ჩანს, პრეზიდენტი შევარდნაძე და საქართველოს ხელისუფლება თვალს ხუჭავს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობაზე. იმედია, რომ ეს მიმართვა აჩვენებს (ქართულ მხარეს), რომ აშშ უაღრესად შეშფოთებულია ამ თავდასხმების გამო და საქართველოს ხელისუფლებისაგან მთელი ძალისხმევის გაღებას ელის, რათა დაცული იქნას ყოველი პიროვნება, მისი რელიგიური მრწამსის განურჩევლად”.

ჰელსინკის კომისიის მრჩეველმა ნოქს თემზმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ წერილს ხელს აწერს “იდეოლოგიური სპექტრის დიდი ნაწილი”. “ეს აძლიერებს მიმართვას”, – დასძინა მან. წერილის ხელმოწერისას აშშ-ს კონგრესის ყველაზე ლიბერალურ წევრები, როგორებიცაა სენატორი ჰილარი კლინტონი, კონგრესმენები ელსი ჰასტინგი და ლუის სლოთერი შეუერთდნენ ისეთ კონსერვატორებს, როგორებიც არიან ჯ. ს. ვოტი (წარმომადგენელთა პალატის მოწინავე რესპუბლიკელი), კონგრესმენი ჯოსეფ პიტი (კონგრესის “აბრეშუმის გზის” საბჭოს თანათავმჯდომარე) და სმიტი.

თემზის თქმით, “აუცილებელია, რომ პოლიციამ შეწყვიტოს უბრალოდ განზე დგომა და დააკავოს დამნაშავენი, რათა ყველამ გაითავისოს, რომ მსგავსი უკანონობა დაუშვებელია”. თემზი არ დაეთანხმა არგუმენტს, რომელიც ხშირად ისმის საქართველოში, რომ რელიგიური უმცირესობების პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა რელიგიის შესახებ კანონის მიღებაა. “კომისიის წევრები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ რელიგიური კანონები და გართულებული წესები ხშირად დისკრიმინირებისათვის გამოიყენება” რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ.

საქართველოს რელიგიური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობის მდიდარი ისტორია აქვს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრებ ათასობით ქართველ ებრაელს ბედნიერი მოგონება აკავშირებს საქართველოსთან, სადაც მათ საუკუნეების მანძილზე არასდროს დევნიდნენ. მეფე დემეტრემ საქართველოში რელიგიის თავისუფლება XII საუკუნეში გამოაცხადა, ხოლო თბილისში, ერთ-ერთ მოედანზე ქართული და სომხური ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი ერთმანეთის გვერდით დგას. სწორედ ამიტომ, საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის ახსნა ძალიან ძნელი გამოდგა ქართველი და უცხოელი დამკვირვებლებისთვის.

აშკარაა ამ ძალადობის ერთ-ერთი მიზეზთაგანი – მრავალი მორწმუნის უკმაყოფილება რელიგიური ჯგუფების ზრდით, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი ეკონომიკური სიძლიერით და ახალ მიმდევრებს სთავაზობენ უფასო საკვებს, ბავშვებზე ზრუნვასა და სხვა დახმარებას. თუმცა, ლიბერალური დემოკრატიის მრავალი პოლიტიკური ფილოსოფოსი იტყვის, რომ რელიგიის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესია რესპუბლიკურ საზოგადოებაში, სიტყვის თავისუფლებასთან ერთად.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მრავალჯერ დაგმო რელიგიური ძალადობა და ქართველებს რელიგიური უმცირესობების პატივისცემისკენ მოუწოდა. მრავალი პოლიტიკური ლიდერიც მხარს უჭერს რელიგიური ძალადობის ჩახშობას. ზოგიერთი ირწმუნება, რომ ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა რელიგიის შესახებ კანონის მიღება. პარალმენტის წევრი ელენე თევდორაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მომხრე, ამ კანონპრექტს ყველაზე მეტად უჭერს მხარს.

ჯერ კიდევ საკითხავია, წაადგება თუ დააზარალებს ეს კანონი საქართველოს რეპუტაციას, მაგრამ, ალბათ, უბრალო დამთხვევა არაა, რომ ისეთ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი რელიგიური თავისუფლებაა (მაგ. აშშ), ასეთი კანონი არ აქვთ, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, იმ ქვეყნებში, სადაც რელიგიური ძალადობა დიდი პრობლემაა (მაგ. რუსეთი, ცენტრალური აზია და ა.შ.) ასეთი კანონები არსებობს.

ბოლო დრომდე, ე.წ. “რეფორმატორები” ყველაზე აქტიურად ითხოვდნენ ხელისუფალთა პასუხიმსგებლობას რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს პოლიტიკოსები რელიგიური ძალადობის ფაქტების გამოყენებას შეეცადნენ პრეზიდენტ შევარდნაძის დემონიზირებისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ის არზრუნავს ადამიანის უფლებების დაცვაზე.

ალბათ, ამ ბრალდებების საპასუხოდ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დამოუკიდებელ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში შაბათს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება პრეზიდენტის დადგენილება ადამიანთა უფლებებზე და რელიგიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება ამ დოკუმენტში. თუმცა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ განცხადებები და დადგენილებები საერთაშორისო საზოგადოების დასამშვიდებლად.

აშკარაა, რომ ამ პრობლემების უგულვებელყოფა მეტად საზიანო იქნება საქართველოს ინტერესებისთვის აშშ-სთან მიმართებაში. როგორც რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, დოქტორი ჩარლზ ფაირბენკსი აღნიშნავს, “აშშ-ს კონგრესსა და მთავრობაში საქართველოს მხარდამჭერთა უმეტესობა კონსერვატიული შეხედულებებისაა და ამავე დროს, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ რელიგიის თავისუფლებას”. ასე რომ, ეს საკითხი ამერიკაში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მეგობრებს აღელვებს.

“ალბათ ბევრი ქართველი ვერ ხვდება, როგორი ზიანი მიაყენა მკალავიშვილის საქციელმა საქართველოს, არა მარტო ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში, რომლებიც ძალიან მგრძნობიარენი არიან რელიგიური საკითხების მიმართ, არამედ მთავრობის იმ წევრებს შორისაც, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საქართველოზე. ვიცნობ რა საქართველოს სხვაზე მეტად, მესმის, რომ ეს არის ადრე დევნილი ეკლესიის პოსტსაბჭოურ კლიმატზე ურთულესი რეაქციის ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოში არასდროს მომხდარა ისეთი რამ, როგორიც იყო ისლამის დევნა ცენტრალურ აზიაში, მრავალი რელიგიური ჯგუფისა რუსეთში, ან ბინძური ბრძოლისა, რომელმაც უკრაინული ეკლესია გახლიჩა”, – დასძინა ფაირბანკსმა, რომელიც ერთ-ერთ მოწინავე ექსპერტად ითვლება აშშ-ში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საკითხში. ამჟამად დოქტორი ფაირბანკსი არის ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი.

Back to top button