ახალი ამბები

ნატო-ს დელეგაცია ვაზიანის სამხედრო ბაზას დაათვალიერებს

(თბილისი, 21 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ, 20 მაისს, თბილისში ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულების სარდლობის ოთხკაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციას სათავეში უდგას პოლკოვნიკი სერჟ ლაბე, რომელიც საერთაშორისო-მრავალეროვნული სწავლება “ბესტ ეფორტ 2002”-ს ხელმძღვანელობს, – იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

დელეგაცია დაათვალიერებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რათა გაარკვიოს, მზად არის თუ არა ბაზა ნატო-ს სწავლების ჩასატარებლად.

ამ ვიზიტით დასრულდება “ბესტ ეფორტ 2002”-ის მოსამზადებელი ღონისძიებები. თავად სწავლება 17-28 ივნისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება და მასში ნატო-ს 14 პარტნიორი და წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი წვრთნა ნატო-ს ეგიდით გასულ წელს ფოთში ჩატარდა.

Back to top button