ახალი ამბები

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მამალაძის სასარგებლოდ

(თბილისი, 21 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ზურაბ ჟვანიას გუნდი ლევან მამალაძის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთხელ დამარცხდა. სარჩელი, რომელიც “მოქალაქეთა კავშირის” ორივე ფრთამ პარტიის სიების რეგისტრაციის გაუქმების გამო საოლქო სასამართლოში შეიტანა, მხოლოდ ქვემო ქართლის გუბერნატორის სასარგებლოდ გადაწყდა. 

“სასამართლო კანცელარიის თამაშის წესებს დაემორჩილა”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრმა რომან კუსიანმა გუშინ, 20 მაისს, გვიან ღამით სასამარლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მამალაძის მხარდამჭერმა ირაკლი გოგავამ კი გადაწყვეტილებას კანონიერი უწოდა. “იურიდიული მხარე ჩვენს მხარეს იყო”, – განაცხადა მან. 

მამალაძის ფრთა ცსკ-ში პარტიულ სიებს დღეს წარადგენს. გამორიცხული არ არის “მოქკავშირის” რეფორმატორთა ფრთამ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

Back to top button