ახალი ამბები

ბურჯანაძე ძალოვნებს შეთანხმებული მოქმედებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 17 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “ცუდი არ იქნებოდა, რომ ყველა სამთავრობო უწყება შეთანხმებულ ინფორმაციას ფლობდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას”, – განაცხადა
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

გუშინ, 16 მაისს, საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ იოსელიანმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსები და აფხაზები კოდორის ხეობაზე თავდასხმისთვის ემზადებიან. რუსულმა მხარემ ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა.

იოსელიანის ცნობა არ გაამყარა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსული და აფხაზური ჯარის კოდორში შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

Back to top button