ახალი ამბები

თვითნებური არჩევნები

აჭარა არჩევნებს თბილისისგან დამოუკიდებლად ნიშნავს

აჭარის ხელისუფალთ განაცხადეს, რომ 2 ივნისს მთელს საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ავტონომიურ რესპუბლიკაში ოდნავ მოგვიანებით ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება აჭარის ხელისუფლებამ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ გამჟღავნდა ის შეუსაბამობები, რომელიც რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის კანონმდებლობათა შორის არსებობს.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენ თვითონ შეგვიძლია დავნიშნოთ არჩევნების დღე. აჭარაში არჩევნები იმიტომ გადაიდო, რომ საკმაოდ ბევრი საორგანიზაციო საკითხი ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია”, – განაცხადა თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას. 

თუმცა როგორც სპეციალისტები აცხადებენ ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევას წარმოადგეს.

“საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნა 2 ივნისს და კონსტიტუციის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  ეს თარიღი არ უნდა შეცვლილიყო”, – აცხადებს დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა.

საქართველოში მოქმედებს რამდენიმე აქტი, რომელიც ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აწესრიგებს, ესენია: საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, საარჩევნო კოდექსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ.

ამ აქტებით სხვადასხვაგვარად არის განსაზღვრული ზოგიერთი საკითხი, მათ შორის არჩევნების დანიშვნის წესიც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტისა და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. სულ სხვას ამბობს ავტონომიური რესპუბლიკის კანონი.

ნათელია, რომ კანონებში არსებული შეუსაბამობების შემთხვევაში მძლავრობს იერარქიულად ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი ნორმატიული აქტი, ანუ საქართველოს კონსტიტუცია. თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას ეს იერარქია არაერთხელ დაურღვევია. აჭარაში ადგილობრივი არჩევნები 1998 წელსაც კონსტიტუციის დარღვევით გადაიდო. საერთოდ, ავტონომიის ლიდერი ასლან აბაშიძე ყოველთვის გამოირჩეოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობით. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ის ქვეყნის კანონებს სპეციალურად უწევს იგნორირებას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან კანონის დარღვევას არჩევნებთან მიმართებაში მხოლოდ თარიღის განსაზღვრაში არ გამოიხატება. ცალკე პრობლემას წარმოადგენს ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების პროცესის მონიტორინგის საკითხი.

დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნების გადატანა მის გაყალბებას უწყობს ხელს, ვინაიდან ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა რიცხვი გადადებულ არჩევნებზე, როგორც წესი, ნაკლებია. აჭარაში არჩევანის თავისუფლების არსებობა საერთოდ ეჭვს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იქ არჩევნებზე მონიტორინგის ჩატარების უფლება დღემდე არც ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის არ მიუციათ.

თუმცა, როგორც დეპუტატი ჰამლეტ ჭიპაშვილი ამტკიცებს, 16 ივნისს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დაიშვება.

არასამთავორობო ორგანიზაციას “საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის” გასულ წელს აჭარაში გამართულ არჩევნებზე მონიტორინგის უფლება არ მისცეს. “იმედი მაქვს, რომ აჭარის საარჩევნო კომისია არჩევნებზე დაკვირვების წარმოების საშუალებას წელს მაინც მოგვცემს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა. 

აჭარის არჩევნებზე დამკვირვებლების დაშვების შემთხვევაშიც კი პრობლემა ვერ გადაიჭრება. შეუთავსებლობა ადგილობრივ და მთლიანად სახელმწიფო კანონმდებლობებს შორის აშკარაა. ამ პრობლემის გადაჭრის პერსპექტივა კი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

კანონებს შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის ორი საშუალება არსებობს. პირველის თანახმად, კანონი უნდა შეცვალოს მანვე, ვინც ის მიიღო. მეორე კი – საქართველოს პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს საშუალებას აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და შეუსაბამო კანონის გაუქმება მოითხოვოს. თუმცა, ამ მხრივ. როგორც პრეზიდენტი, ასევე დეპუტატები პასიურობას იჩენენ. არც ერთი მათგანი არ იღებს ინიციატივას აღკვეთოს რეგიონის ძლიერი ლიდერის არაკონსტიტუციური ქმედებები.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

Back to top button