ახალი ამბები

გიორგი ბარამიძე თანამდებობიდან გადააყენეს

(თბილისი, 10 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 10 მაისის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე. ამ გადაწყვეტილებას 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 27-ის წინააღმდეგ.

გიორგი ბარამიძე კომიტეტის თავმჯდომარეებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვებაზე უარი განაცხადა და ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.

სხდომაზე გამოსულმა დეპუტატმა დავით ტყეშელაშვილმა პარლამენტს და საქართველოს ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება მიულოცა და განაცხადა, რომ ამ ახალმა უმრავლესობამ უნდა იკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასა და მიმდინარე მოვლენებზე.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების საკითხს განიხილავენ, რისთვისაც 147 დეპუტატის ხელმოწერა იქნა წინასწარ შეკრებილი.

თანამდებობების გადანაწილების ინიციატორებად “ახალი მემარჯვენეები” მოგვევლინენ, რომლებიც თვლიან, რომ პარლამენტსა და მთლიანად ქვეყანაში შეიქმნა ახალი რეალობა და “მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენელი კომიტეტის თავმჯდომარეებს თანამდებობები უნდა დაეტოვებინათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button