ახალი ამბები

საქართველო – აშშ-ს პარტნიორი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

რამსფელდის კომენტარი საქართველოში “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე

“საქართველო არის (ჩვენი) მეგობარი, პარტნიორი, ტერორიზმის წინააღმდეგ ომსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში” – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რამსფელდმა განაცხადა, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაშია. “პროგრამაში, რომელსაც ეხლა ჩვენ ვიწყებთ, ძალიან ცოტა ხალხია ჩართული” – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

“თუმცა, პროგრამა განსაკუთრებით მიუთითებს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს შორის კავშირების ზრდას და ჩვენს მხარდაჭერას მათი (საქართველოს) სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს დაინტერესებაზე ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში” – ამბობს რამსფელდი.

ევროპაში აშშ-ის ძალების სპეცოპერაციების სამმართველოდან 29 აპრილს საქართველოში 20-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა პროგრამის ლოგისტიკური (ზურგის სამსახური) საკითხების მოსაგვარებლად. ეს ჯგუფი მოამზადებს ნიადაგს მაისში საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების ძირითადი ჯგუფის ჩამოსასვლელად.

რამსფელდის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურების მოსამსახურეებს (დაახლოებით 2000 ქართველ ჯარისკაცს) მოამზადებენ, “რათა გაიზარდოს მათი ანტიტერორისტული ქმედითუნარიანობა და შესაძლებლობები პანკისის ხეობაში ტერორიზმის პრობლემის მოსაგვარებლად”.

2 მაისის ბრიფინგზე ევროპიდან ჩამოსული ამერიკელების წინასწარი ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ პროგრამის საწყის ეტაპზე ჩატარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუშაკების წვრთნა სამეთაურო ცენტრის აპარატისათვის, ხოლო მაისში დაიწყება ქართული ანტიტერორისტული ბატალიონის წვრთნა.

შOჩEUღ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების მისია მხოლოდ უსაფრთხოების ძალების წვრთნა იქნება და ისინი არ ჩაერევიან საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში.

“ჩვენი ქვეყანა დაეხმარება ქართულ ბატალიონებს გაიწვრთნან მსუბუქი ქვეითი ჯარების ტაქტიკაში, შენაერთების დონეზე შეტევისა და თავდაცვის ოპერაციებსა და ინდივიდუალურ საბრძოლო უნარიანობაში. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის გარკვეული სამხედრო აღჭურვილობის გადაცემასაც” – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ამ სამხედრო აღჭურვილობაში იგულისხმება მსუბუქი იარაღი და საბრძოლო მასალა, კავშირგაბმულობის საშუალებები, საწვრთნელი აღჭურვილობა, საწვავი და ზოგიერთი სამშენებლო მასალა.

შეერთებული შტატების მთავრობა პროგრამის ფარგლებში 64 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამერიკული მხარე ჩაატარებს შემოწმებასა და აუდიტს დახმარების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველსაყოფად.

12 აპრილს საქართველოს პარლამენტმა “ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელებისათვის თანამშრომლობის გეგმის თაობაზე ნოტების გაცვლის შესახებ შეთანხმების” რატიფიკაცია მოახდინა.

ამ შეთანხმების მიხედვით, ქართულმა მხარემ ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ძალები საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს, ანუ, ეს ანტიტერორისტული ძალები არ უნდა იქნას გამოყენებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების ზონაში.

მსგავსი/Related

Back to top button