ახალი ამბები

ჩეჩენ ლტოლვილთა რაოდენობა შემცირდა

რეგისტრაციის წინასწარი შედეგები

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოვლილების რეგისტრაციის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ჩეჩენი ლტოლვილების რაოდენობა განახევრდა.

ხელახალი რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაეროს უმაღლესი კომისარიატის ხელშეწყობით 15 აპრილს ახმეტაში დაიწყო, პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნებისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ იქ იმყოფება ჩეჩენ ლტოლვილთა უდიდესი ნაწილი. “რეგისტრაცია აუცილებელი პირობაა ლტოლვილების უსაფრთხოების, მათთვის სათანადო დახმარების დროულად მიწოდებისა და სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისათვის”, აცხადებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში პატრიკ ტეზიე. 

პირველად ჩეჩენ ლტოლვილთა რეგისტრაცია 2000 წელს ჩატარდა. მაშინ საქართველოში 7600 ჩეჩენი ლტოლვილი დაფიქსირდა. წელს კი, წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ 3700-მა ლტოლვილმა გაიარა რეგისტრაცია. არ არის გამორიცხული, რომ პანკისში 3700-ზე გაცილებით მეტი ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობდეს. რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იყო და ამიტომ შესაძლოა, პანკისში მცხოვრებმა მრავალმა ლტოლვილმა ის უბრალოდ არ გაიარა.

თუმცა, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, ჩეჩენთა დიდმა რაოდენობამ უკვე დატოვა საქართველო და სამშობლოში დაბრუნდა. ამასთან, ლტოლვილთა შორის ძალზედ დიდია მიგრაცია. ზოგიერთი მათგანი ხშირად იცვლის ადგილმდებარეობას.

იმ პირებმა, ვინც რეგისტრაცია არ გაიარეს, ლტოლვილის სტატუსით ვერ ისარგებლებენ. “ამ პირებს ჩვენ დევნას ვერ დავუწყებთ, თუმცა ითვლება, რომ ისინი საქართველოში უკანონოდ იმყოფებიან და ისინი არალეგალური იმიგრანტები არიან,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლევან ტატიშვილმა. 

რეგისტრაცია ჯერ არ ჩატარებულა თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში სადაც სავარაუდოდ 500-მდე ჩეჩენი ცხოვრობს.

საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების თემა ხშირად გამხდარა რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის საგანი, ვინაიდან მშვიდობიან მოსახლეობას შორის პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლებიც იმყოფებიან. ამას საქართველოს ხელისუფლებაც ადასტურებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ქართული მხარე ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში რეპატრიაციის მომხრეა.

ამასთან ერთად, ჩეჩენთა სამშობლოში რეპატრიაციას რუსეთის ფედერაციასაც სურს. 1 მარტს ალმა-ატაში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მხარეების შეთანხმების თანახმად, რუსეთი პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პროცესს დააჩქარებდა”.   

აქტიური საუბარი ჩეჩენ ლტოლვილთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ამ წლის დასაწყისში დაიწყო. 15 თებერვალს რუსულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოვილთა რუსეთში ნებაყოფლობით რეპატრიაციას ითვალისწინებს.
 
საქართველოში ლტოლვილთა ინტერესების დამცავი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სიტყვა “ნებაყოფლობითი” აქ მთავარია. გაეროს ასოციაციის ფარგლებში მოქმედი საქართველოს ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელმა ერეკლე გლურჯიძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ იმისათვის რათა რეპატრიაციის პრცესში არ დაირღვეს ლტოლვილთა უფლებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დარწმუნდნენ, რომ რეპატრიაცია მართლაც ნებაყოფლობითია და გარანტირებულია რეპატრირებულთა უსაფრთხოება და მათი უფლებები.  

როგორც ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა დეპარტამეტის უფროსი ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რეგისტრაციას ამ ოქმთან არავითარი კავშირი არა აქვს, თუმცა დასძენს, რომ “ლტოლვილთა რეპატრიაცია მხოლოდ რეგისტაციისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემდგომ შეიძლება დაიწყოს”.

“რეპატრიაციის მსურველთათვის შესაძლოა მერე ჩატარდეს ხელახალი რეგისტრაცია და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნების ნებას გამოთქვამენ”, ამბობს ფირცხალავა.

მისი თქმით, ჩეჩენ ლტოლვილთა გარკვეულ ნაწილს სურს სამშობლოში დაბრუნება, თუმცა მათ უმრავლესობას უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო რეპატრიაციის წინააღმდეგია.

ფირცხალავას განცხადებით, რეპატრიაციაზე საუბარი ნაადრევია. “ჩვენ ჯერ არ ვამახვლიებთ ამაზე ყურადღებას”, ამბობს ფირცხალავა. “ჯერ უნდა გადავწყვიტოთ თუ რა სახით მოხდება იმ ხალხის რეგისტრაცია, ვინც ვერ მოახერხა ამ პროცედურის გავლა”.

სანამ საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები რეგისტრაციის პრობლემებს ეჭიდებიან, ჩეჩენი ლტოლვილების ბედი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ხდება დამოკიდებული. ამ ადამიანთა უფლებები მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ზედამხედველობით შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button