ახალი ამბები

აშშ საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება

ვოშინგტონი საქართველოში სამხედრო ძალების გაგზავნას უარყოფს

“ვფიქრობ, რომ პენტაგონის წარმომადგენლებმა გარკვევით თქვეს, რომ ჩვენ არ გვისაუბრია აშშ-ის შეიარაღებული ძალების საქართველოში გაგზავნაზე და რომ ეს არც იგეგმება”, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბოუჩერმა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
ბოუჩერის თქმით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ტერორიზმის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველოს თავდაცვის ასამაღლებლად უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ.

“ჩვენ ახლა ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სპეცსამსახურების წვრთნისა და აღჭურვის პროექტზე, რომელიც საქართველოს დაეხმარება უკეთ გააკონტროლოს საკუთარი საზღვრები და თავი დაიცვას ტერორიზმის ელემენტებისგან”, განაცხადა ბოუჩერმა.

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები საქართველოს შეირაღებული ძალების წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარებიან. “ასეთი დახმარება გლობალური ტერორიზმის წინააღმგედ ბრძოლას ნამდვილად შეუწყობს ხელს”, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ტორი კლარკმა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, საზღვაო ჯარების გენერლის პიტერ პეისის თქმით, დღეს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა მხოლოდდამხოლოდ საწყის ეტაპზეა.

“ეს პროექტი ორივე ქვეყნის მთავრობისთვის არის საგულისხმო”, განაცხადა პეისმა. “ის არის გარკვეული შეფასება იმისა, თუ სად შეიძლება საქართველოს დასჭირდეს დახმარება და სად შეიძლება მას დავეხმაროთ ჩვენ”.

“პროექტის პირველი ნაწილი შეფასებასა და ორი მხარის მიერ პროექტის დაგეგმვას ითვალისწინებს. მას აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენლობა და მათი ქართული კოლეგები ახორციელებენ… მწვრთნელთა რაოდენობა და წვრთნების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. ახლა კი პროექტი საწყის ეტაპზე იმყოფება და ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ დამტიკიცებას ექვემდებარება”, განაცხადა გენერალმა პიტერ პეისმა.

27 თებვერვალს, სანამ აშშ-ის წარმომადგენლობა დაადასტურებდა, რომ ის საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, ამერიკული პრესა უკვე ავრცლებდა ინფორმაციას, რომ აშშ პანკისის ხეობაში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლო ფრონტს ხსნის.

პანკისის ხეობაში საბრძოლო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას საქართველოს მხარეც კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებდა, რომ ამ საკითხზე საუბარიც კი არ არის.

27 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმოადგენლობა. მათთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს გენერალური შტაბის შეიარაღებული ძალების უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი ამტკიცებდა, რომ შეხვედრისას მხოლოდ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა განიხილეს.

რუსეთის მთავრობა განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის მიერ საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის შესაძლო განხორციელებაზე. “ამერიკული საჯარისო შენაერთების საქართველოში განლაგება რეგიონში ვითარებას გააუარესებს”, აცხადებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი 27 თებერვალს.

ა.შ.შ.-ის დახმარების პროგრამამ განსაკუთრებით რუსეთის სათათბიროს წევრები გააღიზიანა. რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ 27 თებერვალს განაცხადა, რომ კომიტეტი აუცილებლად განიხილავს აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების საკითხს.

28 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ეს განცხადება საქართველოზე მუქარად აღიქვა. “ეს განცხადება არის რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი აგრესიის მუქარა, რაც საქართველოში რამოდენიმე ამერიკელი სამხედრო ექსპერტის ვიზიტმა გამოიწვია. ჩვენ ამაზე კატეგორიული რეაგირება უნდა მოვახდინოთ,” განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.

Back to top button