ახალი ამბები

საქართველო და სომხეთი ფარულ დაძაბულობას ასუსტებენ

“საქართველო არასოდეს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც სომხეთის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული,” განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა თავის სომეხ კოლეგასთან ვართან ოსკანიანთან 11 თებერვალს გამართული შეხვედრის დროს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისა, რომელიც 11-12 თებერვალს შედგა, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ურთიერთ სასარგებლო შეთანხმებები და გაკეთდა განცხადებები, რომელიც სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ფარულ წინააღმდეგობებს, გარკვეულ წილად, ასუსტებს.

ვართან ოსკანიანი, საქართველოში ვიზიტისას, თავისი ქართველი კოლეგის გარდა, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და საქართველოში მცხოვრებ სომხური დიასპორას წარმომადგენლებს შეხვდა.

თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ძირითადი საკითხია, რომელიც სომხეთს საქართველოსთან მიმართებაში პრობლემებს უქმნის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას ეს თემა ერთ-ერთი უმთავრესი იყო.

საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამხრივი შეთანხმება იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თაობაზე, რომელსაც უახლოეს მომავალიში მოეწერება ხელი, სომხეთის შეშფოთების ძირითადი წყარო იყო. ვართან ოსკანიანის განცხადებით აღნიშნული ხელშეკრულება ირაკლი მენაღარიშვილთან გამართული შეხვედრისას განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო მასმედიაში გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს აღნიშნული შეთანხმება სომხეთის წინააღმდეგ არის მიმართული. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ შეთანხმებას, უახლოეს მომავალში, სომხეთიც შეუერთდება.

“ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი საფუძველი რათა ამ ხელშეკრულებამ შეგვაშფოთოს,” განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

სომხეთი, აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამო რეგიონალური პროექტებიდან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ამ მხრივ სომხეთისთვის განსაკუთრებულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ვიზიტისას მიღწეული შეთანხმება რეგიონალურ პროექტებში საქართველოსა და სომხეთის ურთიერთჩართულობის შესახებ.

“საქართველოსთან მიღწეული შეთანხმება ოფიციალურ ბაქოს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ შემდგომში წინ აღუდგეს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში,” განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 12 თებერვალს.

სომხეთისთვის, რომელიც თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადაშია მოქცეული, საციცოცხლო მნიშვნელობისაა რუსეთთან, თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან, სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა, რომელიც აფხაზეთის გავლითა არის შესაძლებელი. აღნიშნული მაგისტრალი არ ფუნქციონირებს აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე.

“აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება სომხეთისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. შესაბამისად სომხეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს, რათა აფხაზეთის კონფლიქტი მოაგვაროს,” განაცხადა ვართან ოსკანიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ამ მაგისტრალის აღდგენა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა აფხაზეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის კეთილდღეობისთვისაც.

საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის საკითხი კიდევ ერთი თემაა, რომელიც ფარულ წინააღმდეგობას ქმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ეს ძირითადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და იქ არსებულ ახალქალაქის რუსულ სამხედრო ბაზას უკავშირდება. 

საქართველოს ამ რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, სომხური ეროვნების უმცირესობა კომპაქტურად არის განსახლებული. ახალქალაქის მოსახლეობის 15% იქ არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე არის დასაქმებული.

საქართველო რუსეთისგან ამ ბაზის უმოკლეს ვადებში ლიკვიდაციას ითხოვს. ბაზის გაუქმების შემთხვევაში იქ დასაქმებული მოსახლეობა უმუშევარი რჩება. ეს ფაქტი რა თქმა უნდა ადგილობრივი სომხური უმცირესობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ამ საკითხზე ვართან ოსკანიანმა საქართველოში მცხოვრებ სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას ისაუბრა.

სომხური დიასპორის წარმომადგენელმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ვან ბაიბურთმა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, სივილ ჯორჯიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ წმინდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გარდა, ახალქალაქის ბაზის ლიკვიდაციისადმი ადგილობრივ სომხური უმცირესობის უარყოფითი პოზიცია თურქეთისადმი დამოკიდებულებითაც არის განპირობებული.

“მოსახლეობის მეხსიერებაში კვლავაც ცოცხალია ისტორიული ფაქტები და თურქეთის არასასურველი დამოკიდებულება სომხებისადმი. ახალქალაქში არსებული რუსული სამხედრო ბაზა ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს უქმნის,” განაცხადა დეპუტატმა ვან ბაიბურთამა.  

სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვართან ოსკანიანმა განაცხადა, რომ ახალქალაქის სამხედრო ბაზის საკითხი საქართველოს შიდა საქმეა, რომელშიც სომხეთი არ ჩაერევა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერა საქართველოსთივის მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას სომხეთისადმი ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე.

12 თებარვალს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და ვართან ოსკანიანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სომხეთისადმი საქართველოს 19,6 მილიონ დოლარიანი დავალიანების გადახდა 2021 წლამდე უნდა მოხდეს. ხელშეკრულების მიხედვით ყოველწიული საპროცენტო განაკვეთი 4-დან 3%-მდე მცირდება.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button