ახალი ამბები

პრობლემა სურვილის წინააღმდეგ

ახალი კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ განათლების სისტემის ნაკლოვანებებს ამხელს

საქართველოს პარლამენტი აპირებს განიხილოს ახალი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მსურველთათვის ქართული ენის გამოცდის ჩაბარებას ითვალისწინებს. ზოგს მიაჩნია, რომ კანონი დაჩაგრავს საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც, ქვეყნის განათლების სისტემის არაეფექტურად მუშაობის გამო, ქართულ ენას ცუდად ფლობენ.

კანონპროექტის თანახმად, ის ვინც არ ფლობს ქართულ ენას, არ აქვთ უფლება იმუშაოს სახელმწიფო დაწესებულებებში. სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მსურველმა ქართულის არ მცოდნე პირებმა უნდა გაიარონ ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა და შემდეგ სპეციალური გამოცდა, რის შემდეგაც მიიღებენ შესაბამის ლიცენზიას.

ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების განცხადებით, კანონპროექტი აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. ის დადებითად შეაფასა ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში როლფ ეკეუსმაც, რომელიც 6-9 იანვარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მისი თქმით, კანონპროექტი არ არღვევს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებებს.

მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ენის ცოდნა ეროვნულ უმცირესობებს შორის საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით კი მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში. გარდა ამისა, ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის დაუფლებას ითვალისწინებს, პრაქტიკულად არ ხორციელდება და სერიოზული შედეგი არ აქვს.

სომხური დიასპორის წარმომადგენლი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვან ბაიბურთი ირწმუნება, რომ კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, არაქართველ მოსახლეობას კარგს არაფერს მოუტანს. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები იმიტომ დაიჩაგრებიან, რომ სახელმწიფო მათთვის ქართული ენის სწავლებას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მისი აზრით, ქართული ენის გამოცდები კორუფციის წყაროდ იქცევა.

საქართველოში ყველაზე დიდ ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფებს სომხები, აზერბაიჯანელები და რუსები წარმოადგენენ. სომეხთა დიდი ნაწილი სამცხე ჯავახეთში ცხოვრობს, ხოლო აზერბაიჯანელები ქვემო ქართლში არიან დასახლებულნი. ამ რეგიონებში ქართული ენის სწავლების მხრივ ვითარება ძალიან მძიმეა.

სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში თითქმის არ ცხოვრობენ ქართველები, რაც ქართული ენის სწავლებისთვის არასახარბიელო გარემოს ქმნის. ადგილობრივი მოსახლეობა სომხეთთან თუ აზერბაიჯანთან უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ვიდრე თვით საქართველოს რეგიონებთან.

“სკოლა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამ რეგიონებში ახალგაზრდობამ ქართული ენა ისწავლოს. იქ გარემოა არაქართული. სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართულად თითქმის არავინ საუბრობს და, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ქართული ენის სწავლა ძალიან ძნელია”, აცხადებს დეპუტატი ვან ბაიბურთი. მისი თქმით, ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ქართული ენის შესწავლის დიდი სურვილი აქვს.

განათლების სამინისტროსთან არსებულ შპს “ჰარმონიული განვითარების ცენტრის” განცხადებით, რომელიც ქვემო ქართლს სახელმძღვანელობით ამარაგებს, ამ რეგიონში ქართული ენის სწავლების მხრივ ვითარება ძალიან მძიმეა. ეს განსაკუთრებით საზღვრისპირა რაიონებში იგრძნობა, სადაც მოსახლეობამ ქართული მხოლოდ ელემენტარულ დონეზე იცის.

1997 წლიდან განათლების სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომელიც არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს. პროგრამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 700 ათასი ლარი გამოიყოფა, ისიც ხშირად შეფერხებით. როდესაც საუბარია პროგრამის არაეფექტურობაზე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არასაკმარის დაფინანსებასთან ერთად, სათანადო კადრებისა და სახელმძღვანელოების არარსებობასაც უჩივიან.

დეპუტატ ვან ბაიბურთის მტკიცებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ხშირად დანიშნულების ადგილას არც აღწევს და იკარგება. შესაბამისად, სრულად არ ხორციელდება ქართული ენის სწავლების პროგრამა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, ახალი კანონპროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების ქართველებთან ინტეგრაციას. მისი მოსაზრებით, კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ ძალაში უნდა შევიდეს დაახლოებით ხუთ წელიწადში, რაც საკმარისია დროა ქართული ენის შესასწავლად. მისი თქმით, მთავრობამ ეს დრო არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების უზრუნველსაყოფად უნდა გამოიყენოს. 

განათლების სამინისტროს ეროვნული პროგრამის კოორდინაციის სამმართველოს უფროსის ნორაირ ბაღდასარიანის თქმით, “პროგრამის დაწყებიდან დღემდე ქართული ენის სწავლების მხრივ სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ბევრი სამუშაო ჩატარდა, თუმცა რადიკალურ ცვლილებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია”.

ხუთ წლიანი მუშაობის შემდეგ აღნიშნულმა პროგრამამ შედეგი თითქმის არ გამოიღო. ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ქვემო ქართლში მერვე კლასის მოსწავლეები ქართულად მხოლოდ ელემენტარულ სიტყვებს ამბობენ. ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სასწავლებლად გაგზავნილი მასწავლებლები არ ფლობენ შესაბამის მეორე ენას – სომხურს ან აზერბაიჯანულს, რაც შეუძლებელს ხდის მათთვის გაკვეთილი აუხსნან მოსწავლეებს. ამასთან ერთად მასწავლებელთა უმრავლესობა არ არის ქართული ენის სპეციალისტი. გარდა ამისა, დაბალი ხელფასის გამო მათი მუშაობა არაეფექტურია.

განახალებული პროგრამა, რომელიც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა და რომელიც სავარაუდოდ მარტში უნდა დამტკიცდეს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ქართული ენის სწავლებისთვის წელიწადში 950 ათას ლარს მოითხოვს. ეუთო მზად არის დაეხმაროს საქართველოს, ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის დაფინანსებაში.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართული ენის სწავლება სრულყოფილად არ ხორციელდება, ვითარება უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება”, აცხადებს ნორაირ ბაღდასარიანი. 

თუმცა საქართველოს სახელმწიფოს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა მისი მოქალაქე ეროვნული უნცირესობები მისი სრულფასოვანი წევრები გახადოს. ქართველების მიერ უმცირესობების წარმომადგენლების ათვალისწუნება და არაქართველების უნდობლობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ არის პრობლემა, რომელიც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button