ახალი ამბები

ხელისუფლების ახალი ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ახალი კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდავს

2001 წლიდან დაწყებული, სახელმწიფო მოხელეები, პრეზიდენტ შევარდნაძის ჩათვლით, ხშირად აცხადებდნენ, რომ საჭიროა სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო წყაროებიდან მიღებული გრანტების ზედამხედველობა და კონტროლი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სააგენტოების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, აშკარა ხდება, რომ უკვე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების შესაბამისი კანონმდებლობაც იქმნება.

ფინანსთა სამინისტრო 2001 წლის შემოდგომიდან ამუშავებს კანონპროექტს ქველმოქმედების, გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ. როგორც ამ სამინისტროს წარმომადგენლებმა განუმარტეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, აღნიშნული კანონპროექტის უპირველესი დანიშნულება უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტების მართვა. ასევე აღინიშნა, რომ ამ კანონპროექტით  მოხდებოდა საბაჟოს მიერ აღრიცხვის წარმოების გაადვილება.

მაგრამ ამ განმარტებებმა ვერ დააკმაყოფილეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან კანონპროექტი თავისი შინაარსით საკმარისად ზოგადია, რაც საშუალებას იძლევა იგი გამოყენებულ იქნას ყველა სახის გრანტთან მიმართებაში, მათ შორის არასამთავრობოებისათვის გამოყოფილი გრანტების ჩათვლით.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს მუშა ჯგუფი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ ორგანიზაციების მხრიდან ახალი კანონპროექტის მონიტორინგს. მუშა ჯგუფის წევრები არიან საქართველოს ბიზნეს სამართლის ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს გაეროს ასოციაციის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ფონდ “ჰორიზონტისა” და საქველმოქმედო ფონდ “ორთოსის” ხელმძღვანელები.

ჯგუფმა გამართა კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო გრანტებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის გამოყოფილი გრანტების კონტროლის დასარეგულირებლად საკმარისი იქნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დადგენილება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს ამ დადგენილების პროექტი.

არასამთავრობოების თვალსაზრისით, არ არის საჭირო ახალი კანონი, რადგან უკვე არსებობს კანონი გრანტების შესახებ, რომელიც არეგულირებს არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების საკითხებს. ეს კანონი ძალაში შევიდა 7 წლის წინ და, საერთაშორისო ექპსერტების მიერ ყოფილ საბჭოთა კავშირში მსგავს საკანონმდებლო აქტებს შორის ყველაზე პროგრესიულ კანონად არის მიჩნეული. ამ კანონის თაობაზე არც სახელმწიფო, არც სამოქალაქო და არც საერთაშორისო ინსტიტუტებს არ ჰქონიათ რაიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა.

გარდა ამისა, არასამთავრობოების აზრით, ახალი კანონი გრანტების შესახებ, რომელიც აუქმებს უკვე მოქმედ კანონს, არამიზანშეწონილად გაართულებს გრანტებთან დაკავშირებულ იურიდიულ გარემოს, რაც, საბოლოო ჯამში, ალბათ გამოიწვევს სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლების არამართებულად გამოყენებასა და გამიჯვნის სირთულეებს.

მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, იანვრის შუა რიცხვებში არასამთავრობოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პირადად დაავალა ფინანსთა სამინისტროს შეემუშავებინა კანონპროექტი ყველა სახის გრანტების თაობაზე. კანონპროექტი რეკორდულად მოკლე 2-დღიან ვადაში შეიქმნა და გადაეგზავნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს. კულუარული ინფორმაციით, პარლამენტი კანონპროექტს, როგორც პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას, აპრილში განიხილავს.

ახალი კანონპროექტი გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ არის ნაუცბადევად შექმნილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ელემენტებს ფინანსთა სამინისტროს პირველი კანონპორექტიდან, დებულებიდან, რომელიც შემუშავდა არასამთავრობოებისა და ფინანსთა სამინისტროს კონსულტაციების შედეგად და ამჟამად მოქმედი გრანტების შესახებ კანონის ზოგიერთ დებულებას. ამასთანავე, კანონი ვერ პასუხობს სტრუქტურული მთლიანობის ყველაზე მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.

გარდა ამისა, ახალი კანონი განსაზღრავს “გრანტების გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლის” ცნებას, რაც მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რადგან შეიძლება განმარტებულ იქნას როგორც გრანტის მეშვეობით გაწეული საქმიანობის შინაარსსა და დეტალებზე კონტროლი.

არასამთავრობოების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს ორგანიზაციები ცალსახად ვალდებულნი არიან აწარმოონ მიღებული გრანტების მუდმივი ბუხჰალტრული აღრიცხვა და ანგარიში აგონ სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე ამ გრანტებზე დაბეგრილი გადასახაადების თაობაზე. თუმცა, გრანტის განხორციელების დეტალები რჩება დონორსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის შეთანხმების საკითხად.

არასამთავრობოების ლიდერები შეშფოთებული არიან იმით, რომ კანონპროექტი არ იძლევა “გამოყენებაზე კონტროლის” პროცედურის განმარტებას და მხოლოდ მიუთითებს “შესაბამის კანონმდებლობაზე”, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ამიტომ არის საშიშროება, რომ ეს პროცედურები ‘გაიბერება’ მრავალრიცხვოვანი წესებით, რაც მინიმუმამდე დასცემს დონორ-შემსრულებლის ურთიერთობების ეფექტურობას და შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის საშუალება.

2002 წლის 5 თებერვალს სამუშაო ჯგუფმა კანონპროქტთან დაკავშირებული სიტუაციის განსახილველად სხვა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოიწვია. გადაწყდა შემუშავდეს საერთო სტრატეგია პარლამენტში პროექტის განხილვის დასაბლოკად, მომზადდეს მიმართვა პრეზიდენტისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომელშიც აისახება არასამთავრობოების შეშფოთება აღნიშნული კანონპორექტის გამო.

სივილ ჯორჯია გააგრძელებს კანონპროექტის გარშემო მოვლენების განვითარების ასახვას. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი ნებისმიერი შეკითხვა ან აზრი არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშა ჯგუფის წევრებისათვის გადასაცემად.


 

მსგავსი/Related

Back to top button