ახალი ამბები

შეიარაღებული ძალები – ყურადღების გარეშე

უშიშროებისა და სამხედრო სფეროში დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრირება საქართველოს პრიორიტეტად არის დასახული. ამავე დროს ქვეყანა მრავალ საშინაო და საგარეო საფრთხის პირობებში იმყოფება. თუმცა მრავალი ანალიტიკოსის, ისევე როგორც ოფიციალური პირების აზრით, თავდაცვის სფეროს ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა. 

29 იანვარს თავდაცვის სამინისტროს 2001 წლის მუშაობის შეჯამებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების წარმატებისათვის მხარდაჭერა მოითხოვა.

“თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ მოითხოვა მთავრობისა და საზოგადოების მხარდაჭერა. თითქოს ყველა აცნობიერებს, რომ თავდაცვა ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტი უნდა იყოს, მაგრამ დღეისათვის, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა არა გვაქვს”, განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.

საქართველოს არააერთი პრობლემა აწუხებს: ფარული კონფლიქტი და მცირემასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში; სახელმწიფო საზღვრის ხშირი დარღვევები, როგორც ცალკეული შეიარაღებული პირების (მაგალითად ჩეჩენი პარტიზანები), ისე ამოუცნობი თვითმფრინავების მიერ. შარშან საჰაერო სივრცის დარღვევის 40-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

არსებული პრობლემების პირობებში, სამხედრო ძალებისადმი მხარდაჭერა და მისი განვითარებისათვის მუშაობა პრაქტიკულად არ მიმდინარებს. ძირითად პრობლემად, რაც არმიაში რეფორმებს აფერხებს, დაფინანსება სახელდება. ამასთან, ექსპერტთა განცხადებით, დიდ პრობლემას წარმოადგენს სახელისუფლო სტრუქტურებში ამ მიმართულებით არაკოორდინირებული და არაგეგმაზომიერი მუშაობა.
 
სამხედრო ბიუჯეტი მკვეთრად მცირდება. ბიუჯეტის შემცირების პირობებშიც კი, თავდაცვის სამინისტრო მისთვის განკუთვნილ თანხას სრულად ვერასოდეს იღებს. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ 1996 წელი იყო. 2002 წლის ბიუჯეტი კი შემცირებისაკენ ტენდენციას ინარჩუნებს.

2002 წლის ბიუჯეტით თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია მხოლოდ 38,5 მილიონი ლარი. მაშინ როდესაც თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე “საბრძოლო მზადყოფნის მინიმალური დონის” უზრუნველსაყოფად 71 მილიონ ლარს მოითხოვს.

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შესამჩნევად ჩამოუვარდება მის ორ მეზობელ სახელმწიფოს თავდაცვის ბიუჯეტებს. აზერბაიჯანს 2002 წლისათვის თავდაცვის სამინისტროსთვის 132 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გამოყოფილი. სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი კი 2001 წელს 72 მილიონი ამერიკული დოლარი იყო.

ფინანსების ნაკლებობამ საქართველოს შეიარაღებული ძალები მძიმე კრიზისამდე მიიყვანა, ზიანი მიაყენა სტრუქტურულ რეფორმებს და დაღი დაასვა სამხედრო მოსამსახურეების განწყობას. 2001 წლის მაისში, როდესაც ე.წ. “მუხროვანის ამბოხის” დროს ქართული გვარდიის პირადმა შემადგენლობამ სოციალური მოთხოვნები წამოაყენა, საქართველოს მთავრობისათვის ეს სერიოზული გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, რასაც სასწრაფო ღონისძიებების გატარება უნდა მოჰყოლოდა.

მაშინ კრიზისმა სისხლისღვრის გარეშე ჩაიარა, თუმცა ის პრობლემები, რის გამოც ამბოხი მოხდა, დღემდე მოუგვარებელია. 

“ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, როდესაც მუხროვანის მოვლენებს ივიწყებს და 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანების დაფარვას არ ითვალისწინებს” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ 31 იანვარს პარლამენტის სხდომაზე, როდესაც დეპუტატები 2002 წლის ბიუჯეტს ამტკიცებდნენ.

სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელფასო დავალიანებამ მხოლოდ 2001 წლის განმავლობაში 20 მილიონი ლარი შეადგენა. გიორგი ბარამიძის აზრით, ხელისუფლება, როდესაც თავდაცვის სამინისტროსთვის მიზერულ თანხებს ითვალისწინებს, სამხედროებს მუხროვანის ამბოხის მსგავსი ინციდენტის განმეორებისაკენ უბიძგებს.

მცირე ბიუჯეტი დიდ დარტყმას აყენებს რეფორმებსაც. თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხების კომენტარისას თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე მოკლე განცხადებით შემოიფარგლა: “რა თქმა უნდა რაღაც პროგრამები შეიკვეცება, ანუ არ განხორციელდება”. ექსპერტების განცხადებით, ეს “შემცირებული” პროგრამები პირველ რიგში სტრუქტურულ და ინფრასტრუქტურის რეფორმებს შეიცავს, რომლის გატარებსაც საქართველოსგან საერთაშორისო სამხედრო მრჩეველები მოითხოვენ.

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტის დავით დარჩიაშვილის აზრით, “ბიუჯეტის დაფინანსებით ჩანს, რომ ხელისუფლებისთვის თავდაცვის სისტემის გარდაქმნა პრიორიტეტული არ არის”.

ესქპერტების განცხადებით, ღონისძიებათა უმრავლესობა დონორი ქვეყნების, განსაკუთრებით თურქეთისა და აშშ-ის პირდაპირი ფინანსური დახმარებით ხორციელდება. უახლოეს წლებში პრიორიტეტად დასახულია სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გაგრძელება, გენერალური შტაბის რეფორმა და საკომუნიკაციო, მართველობითი და საკონტროლო სისტემის გაუმჯობესება.

დღემდე ქართველ სამხედროებს მხოლოდ ცალკეული წარმატებით შეუძლიათ მოიწონონ თავი. მაგალითად, მრავალეროვნული წვრთნები “კოოპერატივ-პარტნერ-2001”, რომელიც  საქართველოში ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში ჩატარდა.

რეფორმების უმრავლესობა კაპიტალდაბანდებასა და კვალიფიცირებულ თანამშრომლებს მოითხოვს, ისევე როგორც კარგად შემუშავებულ გეგმასა და კოორდინირებულ პოლიტიკას. ქართველი ექსპერტების განცხადებით, თავდაცვის სისტემის რეფორმის მთავარი შემაფერხებელი სამხედრო სისტემის საბჭოთა მემკვიდრეობა და კორუფციაა.

ექსპერტთა აზრით, თავდაცვის სფეროში ბევრ პრობლემას ქმნის ძალოვან სტრუქტურებს (შინაგანი ჯარები და შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო) შორის არაკოორდინირებული საქმიანობა. თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის აზრით, მთელი სისტემა კონცეპტუალურ გადახალისებას საჭიროებს, მაგრამ ეს მთავრობისა და საზოგადოების დიდ ყურადღებას მოითხოვს.

მამუკა კომახია, ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button