ახალი ამბები

აღწერის წინასწარი შედეგები ეჭვს იწვევს

საქართველოში მოსახლეობა სულ ცოტა მილიონით შემცირდა

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 17-24 იანვარს მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. მისი წინასწარი მონაცემებით, 1989 წლიდან დღემდე საქართველოში მოსახლეობამ ერთი მილიონით იკლო. დღეისთვის ქვეყანაში 4 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტები აღწერის წინასწარ შედეგს ეჭვის თვალით უყურებენ და მას გაზრდილად მიიჩნევენ.

უკანასკნელი აღწერა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1989 წელს შედგა. იმ დროისათვის ქვეყანაში 5 მლნ 458 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ცხოვრების დონემ შესამჩნევლად დაიწია, გაიზარდა სიკვდილიანობა, შემცირდა შობადობა, ცხოვრების ცუდმა პირობებმა მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიძულა სამუშაოდ და საცხოვრებლად საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის მიეშურებინა.

ექსპერტთა დიდ ნაწილს უკვირს, რომ სხვაობა წინა აღწერასა და 2002 წლის აღწერას შორის მხოლოდ მილიონია. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრირებულთა რაოდენობა 220 ათასია. ეს მონაცემები ოდნავაც არ ემთხვევა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 1990-იან წლებში საქართველო დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.

“წინასწარი მონაცემებით განსაზღვრული ციფრი 4,4 მილიონი რეალურად არ მიმაჩნია, ის გაზრდილია”, აცხადებს მეცნიერებათა აკადემიის მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრის განყოფილების გამგის მოადგილე გიორგი მელაძე.

მისი თქმით, გარდა მილიონი ემიგრირებულისა, აღწერის ოფიციალურ შედეგებზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია უამრავი დემოგრაფიული პარამეტრი. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად აღწერა არ ჩატარებულა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება.

არსებობს მოსაზრება, რომ აღწერის შედეგების გაყალბება ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესებშია. ეს, უპირველეს ყოვლისა, რეგიონებს შეეხებათ. მოსახლეობის მეტი რაოდენობის დაფიქსირების შემთხვევაში, რეგიონები ცენტრალური ბიუჯეტიდან მეტ დაფინანსებას მიიღებენ. ამას გარდა, მათზე ჰუმანიტარული დახმარების მეტი წილი განაწილდება.

სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ბერიძე ამგვარ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ ცალკეული აღწერის დოკუმენტის გადამოწმება შეუძლებელია, ვინაიდან აღწერის შესახებ კანონის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 2001 წლის ოქტომბერში მიიღო, აღწერის ცალკეული დოკუმენტი კონფიდენციალურია.

ახალი აღწერისთვის საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ხუთი წელი ემზადებოდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აღწერა შეუფერხებლად ჩატარდა პანკისის ხეობაში, რომელიც, როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კრიმინალურ ანკლავად იქცა და იქ თავისუფლად გადაადგილება სიძნელეებთან არის დაკავშირებული.

როგორც წესი, აღწერა ათი წლის ინტერვალით ტარდება. შესაბამისად, ის საქართველოში 1999 წელს უნდა ჩატარებულიყო. სტატისტიკის დეპარტამენტის განცხადებით, აღწერის ჩატარება სათანადო ფინანსების არარსებობის გამო დაგვიანდა.

აღწერის პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1996 წლიდან დღემდე 5 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის სრული დაფინანსებისთვის კი აუცილებელია 8 მილიონი ლარი. სტატისტიკის დეპარტამენტის ვარაუდით, დარჩენილ თანხას ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უცხოელი დონორები დაფარავენ, რომლებმაც უკვე შეიტანეს თავიანთი წვლილი აღწერის დაფინანსებაში. მთლიანად უცხოელი დონორების მიერ დღემდე გამოყოფილმა თანხამ 193 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

მოსახლეობის მიერ შევსებული აღწერის დოკუმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. სიახლეს წარმოადგენს გრაფა რელიგიური მრწამსის შესახებ. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის დროს რელიგია უგულვებელყოფილი იყო, ის აღწერისას არ აღინიშნებოდა. ამ სიახლეს საქართველოში ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. რელიგიურ უმცირესობათა ერთმა ნაწილმა ის მათ წინააღმდეგ გამიზნულ აქციად მიიჩნია.

გრაფა რელიგიური მრწამსის შესახებ მხოლოდდამხოლოდ სტატისტიკურ აღრიცხვას ემსახურება და ის გავრცელებას არ ექვემდებარება, აცხადებს სტატისტიკის დეპარტამენტის თავჯდომარე თემურ ბერიძე.

მოსახლეობის აღწერის საბოლოო სურათი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთა ზუსტ რაოდენობას, არამედ მათ სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სტატუსს განსაზღვრავს, 2003 წლის ივლისში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ცდომილება წინასწარი მონაცემებით განსაზღვრულ ციფრსა და საბოლოო მონაცემებს შორის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button