ახალი ამბები

მეგობრული კამათი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აზერბაიჯანში

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტმა აზერბაიჯანში ნათელი გახადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის იდეის მიღმა დაფარული ტენდენციები არსებობს. თუმცა მხარეები მზად არიან ეს პრობლემები კოსულტაციების გზით მოაგვარონ.

ვიზიტი აზერბაიჯანში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ნინო ბურჯანაძისთვის პირველი იყო. მან 2001 წლის მიწურულს ერევანი მოინახულა, რამაც Aზერბაიჯანის პარლამენტისა და მას-მედიის მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია.

ბურჯანაძის ვიზიტისას საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებულმა ბევრმა ისეთმა პრობლემამ გაიჟღერა, რომელიც ადრე ორი ქვეყნის პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის შეხვედრებზე არასოდეს აღნიშნულა.

ბაქოში საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მილი-მეჯლისის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. 29 იანვარს ნინო ბურჯანაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, მურთუზ ალესკეროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. 

ექსპერტების იზიარებენ აზრს, რომ ბურჯანაძის მიერ აზერბაიჯანში გაკეთებული განცხადებები გაცილებით უფრო პრაგმატული იყო ვიდრე პათეტიკური ფრაზები მეგორბრობის შესახებ, რომლებისაც აქამდე ჰქონდა ადბილი საქართველო-აზერბაიჯანის წარმომადგენელების შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბაქოსთან მეგობრულ დამოკიდებულებაზე, მან ნათლად აღნიშნა, რომ თბილისი კავკასიაში დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა.

“აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ ჩემი ვიზიტი სომხეთში არ იყო აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. “სომხეთსა და აზერბაიჯანში თბილისის როლს განსაკუთრებულად აღიქვამენ იმიტომ, რომ საქართველო კეთილგანწყობილია ორივე ამ ქვეყნის მიმართ”, დასძინა მან.

ბურჯანაძემ არ დაადასტურა სომხურ და აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან ამ ორი კავკასიური სახელმწიფოს ლიდერებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში შუამავლობა შესთავაზა. თუმცა აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს.

“შუამავლის როლი რთულია. უბრალოდ მზად ვართ, ნებისმიერი ნაბიჯი გადავდგათ იმისათვის, რაც საჭირო იქნება ამ პრობლემის მოწესრიგების ხელშესაწყობად. გარკვეულ შეთავაზებებზე მე ყურადღება გავამახვილე როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში”, აღნიშნა მან. 

აზერბაიჯანელ დეპუტატებთან შეხვედრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ყარაბახის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების დარეგულირება ხელს შეუწყობს რეგიონში კეთილდღეობის დამკვიდრებას. “ამის შემდეგ ის სახელმწიფოები, რომლებიც რეგიონში არსებულ პრობლემებს თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ, ვეღარ შეძლებენ ჩვენს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას,” განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნინო ბურჯანაძემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, უპირველეს ყოვლისა კი ორი ქვეყნის ენერგოპროექტებში თანამშრომლობაზე გაამახვილა. ეს შეეხება ბოქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების წარმატებით მიმდინარეობას. 

საქართველოს სპიკერმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას სუუამ-ის (საქართველო, უკრაინა, უქბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ფარგლებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისაკენ მოუწოდა. “მინდა მჯეროდეს, რომ სუუამ-ს არ ამოუწურავს განვითარების პერსპექტივები”, დასძინა მან.

ბაქოში ნინო ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების ერთობლივი კომისიის მუშაობაში, რომლის დროსაც მეტი ყურადღება საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მდგომარეობის განხილვას დაეთმო.

ერთ-ერთ სადავო საკითხად აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატებმა “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” საარჩევნო სიიდან აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქის, მიქაელ ყურბანოვის ამოღების ფაქტი დაასახელეს. ამ ფაქტმა საქართველოს შიდა პოლიტიკურ წრეებშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სიიდან ამოღების შედეგად მიქაილ ყურბანოვის ნაცვლად პარლამენტში დეპუტატად სხვა პიროვნება გადიოდა. 

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ყურბანოვის შემთხვევა მხოლოდ შიდაპარტიული საკითხია და ის არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც აზერბაიჯანელთა უფლებების დარღვევის ფაქტი. თანაც, როგორც საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დასძინა, ყურბანოვი უკვე აღდგენილია “მოქალაქეთა კავშირის” სიაში.

კომისიის სხდომაზე მილი-მეჯლისის დეპუტატებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოს რაიონებში აზერბაიჯანული სოფლებისთვის სახელების ქართულად შეცვლის საკითხზე. მათი თქმით, თუკი ეს ტოპონიმები ისტორიულად ქართულია, მაშინ აზერბაიჯანელები მასზე პრეტენზიას არ გამოთქვამენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან, რომელის 45 წუთი გრძელდებოდა, ნინო ბურჯანაძემ ყურადღება იმ პრობლემაზე გაამახვილა, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული სადელიმიტაციო კომისიის წინაშე წარმოიშვა. მხარეებმა ჯერ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ორი ქვეყნის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე.

შეხვედრაზე ჰეიდარ ალიევი შეეხო საქართველოში აზერბაიჯანული სკოლების სახელმძღვანელოებით მომარაგების საკითხს და განაცხადა, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. აზერბაიჯანი საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ სკოლებს სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიაწვდის.

ჰეიდარ ალიევმა უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილი არ ფლობს ქართულ ენას. “ეს, როგორც ჩანს, ჩვენი, აზერბაიჯანელების, ეროვნული ხარვეზია. მაგალითად, საქართველოში მცხოვრები სომხები ქართულს კარგად ფლობენ”, განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ ამ მხრივ, გამონაკლისები არც საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანელი ეროვნების დეპუტატები არიან.

ჯაბა დევდარიანი, გიორგი კალანდაძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button