ახალი ამბები

ოპერაცია პანკისში მიტინგების პარალელურად გრძელდება

ახმეტის მოსახლეობა პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მიერ კრიმინალების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით უკმაყოფილოა. 28 იანვარს ახმეტაში დაწყებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი 4000 ადამიანი შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებისგან გადამწყვეტი ზომების მიღებას მოითხოვს.

სამი დაკავებული კრიმინალი, რომელთაგან ორი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს; ორი დაჭრილი ადგილობრივი ქისტი, რომლებიც პოლიციას დამნაშავის დაკავებაში ეხმარებოდნენ; უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაჭრილი ახმეტის სამი მკვიდრი – ეს არის პანკისის ხეობაში თავშეფარებული კრიმინალების წინააღმდეგ 15 იანვარს დაწყებული ოპერაციის შედეგი. პანკისის ხეობაში გატაცებული ორი ადამიანი კვლავ კრიმინალთა ხელში რჩება.

28 იანვარს ახმეტაში მომიტინგეებთან შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა პანკისის ხეობასა და მთლიანად რეგიონში კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებაზე პასუხიმგებლობა პირადად აიღო. ახმეტაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება გაფიცულია. მუშაობს მხოლოდ საავადმყოფოები. თავდაპირველად მოსახლეობა უნდობლობას უცხადებდა სამართალდამცველებს და კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლაში მათთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა.

თუმცა ორიოდე დღის შემდეგ შეთანხმება მიღწეული იქნა და დადგინდა, რომ ადგილობრივი ქართველი და ქისტი მოსახლეობა, “ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირი” და სამართალდამცველები ერთად დადგებოდნენ საგუშაგოებზე და გაერთიანებული ძალით იბრძოლებდნენ ხეობაში გაბატონებული კრიმინალების წინააღმდეგ.

ნარჩემაშვილის განცხადებით, მან საკადრო ცვლილებები გაატარა ახმეტის რაიონის პოლიციაში. თანამდებობიდან დაითხოვა რაიონის პოლიციის უფროსი გოჩა ნაზღაიძე. ეს ახმეტის პოლიციაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამე საკადრო ცვლილებაა.

ამას გარდა, ნარჩემაშვილმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ პანკისის ხეობაში სამართალდამცავთა დამატებითი ძალები იქნება შეყვანილი, ამოქმედდება ახალი საგუშაგოები და დაიწყება გადამჭრელი ღონისძიებების გატარება.

“ყოველივე ამაზე მე თავად ვიქნები პასუხისმგებელი”, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

მიტინგის მონაწილენი ახმეტაში პრეზიდენტ შევარდნაძის ჩასვლას და მასთან შეხვედრას ითხოვენ. 27 იანვარს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ განაცხდა, რომ მისთვის “იქ ჩასვლა პრობლემას არ წარმოადგენს”, თუმცა ამჟამად ამის აუცილებლობა არ არსებობს.

ახმეტის რაიონში სიტუაცია 25 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ურთიერთ შელაპარაკების საფუძველზე სამი ახმეტელი მამაკაცი დაჭრეს. ამ უკანასკნელმა შემთხვევამ სამართალდამცველებისადმი უნდობლობის გრძნობა მოსახლეობაში კიდევ უფრო გაზარდა.

გამოძიების წინასწარი მონაცემებით, 25 იანვარს, საღამოს, უშიშროების სამინისტროს სამი თანამშრომელი ახმეტის ერთ-ერთ კაფეში ისხდა. იმავე კაფეში იყო ჩეჩენი ეროვნების რამდენიმე მამაკაცი, რომელთა ვინაობა გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. იმავე კაფეში მსხდარმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სამართალდამცველებისა და ჩეჩნების ერთად ყოფნის გამო, რასაც ინციდენტი მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია უშიშროების სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი.

გამოძიება აცხადებს, რომ უშიშროების თანამშრომლები და ჩეჩენი ეროვნების მამაკაცები ცალცალკე ისხდნენ და ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონიათ.

25 იანვარს მომხდარი ინციდენტი ადგილობრივ მოსახლეობასა და პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ლტოლვითა შორის არსებულ უნდობლობაზე მიუთითებს.

სამართალდამცველებისადმი უნდობლობის გაზრდასთან ერთად ოფიციალური თბილისი პანკისის ხეობაში მყოფი დაახლოებით 7000 ჩეჩენი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნების საკითხს აყენებს. ამ მოთხოვნით ახმეტის ადგილობრივი მოსახლეობაც გამოდის.

29-30 იანვარს თბილისში ვიზიტით მყოფმა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვლადიმერ რუშაილომ პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად ეს პრობლემაც განიხილა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა რუსეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელიც ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში რეპატრიაციის საკითხს შეისწავლის.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობაში პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩეჩენი ლტოლვილები იქ ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე შეუშვა. ამის შედეგად, “პანკისში გაჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ,” განაცხადა ჟვანიამ 28 იანვარს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სწორედ ჩეჩენ ლტოლვილთა პანკისში შესვლის შემდეგ რუსეთი საქართველოს გამუდმებით სდებს ბრალს ჩეჩენი და სხვა ეროვნების მეომრების შეფარებაში. პრეზიდენტ შევარდნაძეს არა ერთხელ განუცხადებია, რომ პანკისში ძირითადად ჩეჩნეთიდან გადმოსული ბავშვები და ქალები არიან, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად შესაძლოა კრიმინალებიც გადმოსულიყვნენ.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button