ახალი ამბები

პრეზიდენტი დევნილთა მოთხოვნებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს

საქართველო აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას არ აპირებს. ამავე დროს, ოფიციალური თბილისი არ გაიყვანს თავის სამხედრო შენაერთებს კოდორის ხეობიდან.

28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ის არ აპირებს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

28 იანვარს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენგურის ხიდთან შეკრებილებს აცნობეს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამოთქვა სურვილი შეხვდეს აქციის მონაწილეებს. თუმცა დევნილები უარს აცხადებენ პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ვინაიდან ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ.

29 იანვრიდან დევნილი მოსახლეობა ენგურის ხიდთან და საქართველოს ყველა რეგიონში ფართომაშტაბიანი გამოსვლების დაწყეს. მათი თქმით, სამშვიდობოების იქ ყოფნის რვა წლის განმავლობაში კონფლიქტი გაყინულ მდგომარეობაში იყო და მის მოსაგვარებლად არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა.

შევარდნაძის პოზიცია მყარია მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მზად არის გაიყვანოს სამშვიდობო ძალები, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

“აფხაზეთის მებრძოლთა კავშირი”, რომელიც ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეა, ამ ეტაპზე რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანას არარეალურად მიიჩნევს და მათ მდინარე ღალიძგამდე გადაყვანას ითხოვს.

შევარდნაძე მხარს უჭერს რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის ამ ფორმით შეცვლას. ის იმედს გამოთქვამს, რომ 1 მარტს ალმა-ათაში დაგეგმილი დსთ-ის სამიტი სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის ასეთ შეცვლას მხარს დაუჭერს.

“სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელება მხოლოდ მისი შინაარსობრივი ცვლილებისა და გაფართოების კონტექსტში მოხდება, იმ პირობით, რომ ეს საკითხი დეტალურად განიხილება და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გადაწყდება”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 29 იანვარს.

მშვიდობისმყოფელების საკითხი მთავარი განსახილველი თემა იქნება საქართველოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოს ვიზიტისას, რომელიც 29 იანვარს გაიმართება. იგი საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას.

შედარებით საერთო პოზიციები გააჩნია ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს კოდორის ხეობასთან მიმართებაში. სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნასთან ერთად ენგურის ხიდთთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილენი კოდორიის ხეობაში ქართული შენაერთების დატოვებას მოითხოვენ.

საქართველოსგან კოდორიდან საჯარისო შენაერთების გაყვანას აფხაზური მხარე, რუსეთი და გაეროს მისიაც მოითხოვს. თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ვალერი არშბა აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში ქართული ჯარების ყოფნა კონფლიქტის განახლების პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

კოდორის ხეობიდან ქართული შეიარაღებული ძალების გამოყვანას საქართველოში ფაქტიურად ყველა ეწინააღმდეგება. პოლიტიკოსთა და რიგითი მოქალაქეების აზრით, თუ საქართველო დატოვებს კოდორის ხეობას, ის დაკარგავს ერთადერთ საყრდენს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა აკონტროლებს.

მიუხედავად 17 იანვარს საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის მიერ ჭუბურხინჯში ხელმოწერილი ოქმისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე აცხადებს, რომ შეიარაღებული ნაწილები არ დატოვებენ კოდორს, თუ იქ არ იქნება მშვიდობის სრული გარანტია. 

“მებრძოლთა კავშირი” სრულად მობილიზებულია. მისი წევრები კოდორის ხეობის დაცვის მიზნით თავად აპირებენ იქ შესვლას, თუ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილები დატოვებენ მას.

აფხაზეთთან მიმართებაში ამჟამად არსებული არც სამშვიდობოების და არც კოდორში ქართველი სამხედროების პრობლემა უახლეოს მომავალში არ გაირკვევა. პრეზიდენტი სამშვიდობოების საკითხის დაყენებას დ.ს.თ.-ის სამიტზე მხოლოდ 1 მარტს შეძლებს, როდესაც იალტაში ორგანიზაციის სამიტი გაიმართება.

აფხაზეთიდან დევნილები საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button