ახალი ამბები

თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში ეხმარება

“საქართველოს შეიარაღებული ძალები მალე მიაღწევს ნატო-ს სტანდარტებს, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი იქნება. თურქეთის შეიარაღებული ძალები სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეხმარება”, განაცხადა საქართველოში სტუმრობისას თურქეთის გენერალური შტაბის ზურგის სამსახურის უფროსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაფერ ოზქანმა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების 3 კაციანი დელეგაცია თბილისს 26 იანვარს სამდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ზაფერ ოზქანისა გარდა, დელეგაციის წევრები იყვნენ თურქეთის გენშტაბის ზურგის სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი უნალ ონსიფაჰიოღლუ და საგარეო ურთიერთობათა დაგეგმვის სამმართველოს ოფიცერი – მაიორი ჰაირ ესენი.

ვიზიტის მსვლელობისას თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლება შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გენერალ-ლეიტენანთან დავით თევზაძესთან და გენერალური შტაბის მეთაურთან ჯონი ფირცხალაიშვილთან.  

თურქი სამხედროების საქართველოში ვიზიტის პარალელურად, ორმხრივი სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები ანკარაშიც განიხილება, სადაც 26-30 იანვარს თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური კონსულტაციები იმართება.

28 იანვარს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ თბილისში მყოფ თურქეთის დელეგაციის წევრებს საპატიო სიგელები გადასცა იმ შრომისა და დახმარების გამო, რომელიც მათ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გასწიეს.

“საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა თურქეთისთვის. საქართველოში სტაბილურობა და მშვიდობა სჭირდება არა მარტო მას და მის მეზობელ ქვეყნებს, არამედ მთელს ევრაზიას,” განაცხადა ზაფერ ოზქანმა.

დღემდე თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 706 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მოამზადა, მათგან 180-მა წვრთნები თურქეთში გაიარა.

ზაფერ ოზქანის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალები მზად არის ნატო-სთან ურთიერთობის სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიროს საქართველოს.

ვიზიტისას თურქეთის დელეგაციამ მოინახულა მე-11 ბრიგადა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყველაზე ახლოს დგას ნატოს სტანდარტებთან.

მხარეებმა დასახეს პრიორიტეტები, რაშიც შევიდა მე-11 ბრიგადის ინფრასტრუქტურის აღდგენა და უკვე დაწყებული პროექტების გაგრძელება, მათ შორის მარნეულის აეროდრომის რესტრუქტურიზაცია და წვრთნები სწრაფი რეაგირების ძალებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის განზრახვა დაეხმაროს საქართველოს, ვაზიანსი განთავვსებული რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის მოდერნიზაციაში. ამ მიზნით დაგეგმილია საქართველოსთივს ერთი მილიონი დოლარის გამოყოფა. 

თურქეთის ხელისუფლების მიერ 1998 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაწეულმა დახმარებამ 28 მილიონი ა.შ.შ დოლარი შეადგინა.

2001 წელს თურქეთმა საქართველოს გრანტის სახით 1,2 მლნ დოლარი გამოუყო. ამჟამად მზადდება ხელშეკრულებები ახალი გრანტის გამოყოფის შესახებ. სავარაუდოდ იგივე შემადგენლობის დელეგაცია საქართველოს კვლავ ესტუმრება.

უსაფრთხოების დარგში ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის უმნიშნვნელოვანეს მოვლენად უნდა ჩაითვალოს თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაგეგმილი ხელშეკრულების გაფორმება.

ხელშეკრულება, რომელიც ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სამი ქვეყნის ერთობლივ ღონისძიებებს ითვალისწინებს, პრაქტიკულად უკვე შემუშავებულია. მას ანკარაში პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტის დროეს მოეწერება ხელი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შედგეს.  

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button