ახალი ამბები

ხელშეკრულებები წინააღმდეგობებს იწვევენ


პოლიტიკოსების მხრიდან აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში დადებული შეთანხმებებიდან და ხელშეკრულებებიდან გამოსვლის მოთხოვნა სულ უფრო ხშირი ხდება.

ამ ხელშეკრულებების გადახედვაზე პრეზიდენტი შევარდნაძე და საგარეო უწყების ხელმძღვანელობაც საუბრობს.უფრო რადიკალური პოზიცია აქვთ პარლამენტარებს, განსაკუთრებით კი რეფორმატორთა ჯგუფს.

ფრაქცია “რეფორმები დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 27 იანვარს განაცხადა, რომ აუცილებელია გაუქმდეს ყველა ის ხელშეკრულება თუ შეთანხმება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 1992 წლიდან მოყოლებული აფხაზურ მხარესთან დადო.

“ფრაქცია პარლამენტის წინაშე დასვამს საკითხს კაბალური და ძალით თავსმოხვეული ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ,” განაცხადა კობა თავითაშვილმა.

ამავე ინიციატივით გამოსვლას აპირებს ფრაქცია “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატები”.

აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, გასული 10 წლის განმავლობაში დადებული შეთანხმებების გადახედვისა და გაუქმების საკითხი კოდორის გარშემო ბოლო დროს შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა.
 
საქართველოს განსაკუთრებულ საკითხტა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ, 17 იანვარს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში აფხაზურ მხარესთან მოაწერა ხელი ოქმს, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებმა კოდორის ხეობა უნდა დატოვონ. ჭუბურხინჯის შეხვედრაში, აფხაზურ მხარესთან ერთად რუსეთის სამშვიდო ძალების წარმომადგენლები და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი დეტერ ბოდენიც მონაწილეობდნენ.

ჭუბურხინჯში ხელმოწერილი ოქმის მიხედვით აფხაზური მხარე ვალდებულია გაიყვანოს მძიმე შეიარაღება კოდორის ხეობის ქვედა წელიდან და ტყვარჩელის რაიონიდან.

ოქმის ხელმოწერამ პარლამენტართა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან გაჩნდა შიში, რომ კოდორიდან ჯარების გამოყვანის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დაკარგავდა კონტროლს აფხაზეთში კონტროლირებად ერთადერთ ტერიტორიაზე.

აფხაზური მახარის, რუსეთისა და გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოთხოვნები საქართველოსადმი კოდორიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე 1994 წელს მოსკოვში დადებული შეთანხმების შედეგად მოხდა.

მოსკოვის შეთანხმების მიხედვითG საქართველო ვალდებულებას იღებდა კოდორის ხელბის ზედა წელიდან საკუთარი საჯარისო ნაწილები გაეყვანა.

სწორედ მოსკოვის შეთანხმება გახდა იმის მიზეზი, რომ ქართულ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო სერიოზულად დაიწყეს წარსულში დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გადახედვისა და გაუქმების მოთხოვნა.

საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიერ 23 იანვარს გაკეთებული მოხსენების შემდეგ, რომელიც აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ზემო კოდორის ხეობაში ქართული საჯარისო ნაწილების შეყვანით, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა.

საქართველოში პოლიტიკოსთა ნაწილმა კოფი ანანის მოხსენება უარყოფითად მიიღო. თუმცა როგორც პარლამენტარი კობა დავითაშვილი აცხადებს, პრეტენზიები კოდორთან მიმართებაში არა გაეროს გენერალურ მდივანს, არამედ, საქართველოს პრეზიდენტს უნდა წავუყენოთ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების ხელმოწერის გამო.

ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან მიმართებაში დეპუტატებისგან განსხვავებით უფრო ზომიერი პოზიცია გააჩნია აღმასრულებელ ხელისუფლებას. საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი არა მათ გაუქმებაზე არამედ, ყველა დოკუმენტის გადასინჯვაზე საუბრობენ.

“საქართველოს ხელშეკრულებებიდან ცალმხრივი გამოსვლა დაუშვებელია, რადგან ეს სამშვიდობა პროცესზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე უარის თქმას ნიშნავს,” განაცხადა 27 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

“ხელშეკრულებების გადახედვა და მათი ხელახალი ანალიზი, როგორც ეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ წამოაყენა, მოგვცემს იმის საშუალებას, რათა დავადგინოთ რომელია საჭირო და რომელია შესაცვლელი,” დასძინა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ხელშეკრულებებიდან საქართველოს გამოსვლის წინააღმდეგია აფხაზური მხარე და რუსეთიც. 22 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვასილი კოლოტუშამ განაცხადა, რომ “ყველა შეთანხმება რომელიც ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესში დაიდო უნდა შესრულდეს.”

გიორგი სეპაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button