ახალი ამბები

საწარმოთათვის დავალიანების გადავადება წინააღმდეგობას იწვევს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ სტრატეგიული დანიშნულების საწარმოებისთვის სახელმწიფოსათვის დავალიანების 15 წლით გადავადების შესახებ ექსპერთა კრიტიკა გამოიწვია.
 
პრეზიდენტ შევარდნაძის უშუალო დავალებით შექმნილი კანონპროექტით, შესაძლებელი გახდება 40-50 მსხვილი საწარმოსთვის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო ვალდებულებების გადავადება და ჩამოწერა. მთავრობის პოზიციით ეს სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფ საწარმოთა პრივატიზაციას შეუწყობს ხელს.

ექსპერტები შიშობეს, რომ ამ კანონპროექტით ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფინანსური ჯგუფები ისარგებლებენ. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტის ამოქმედებით მოხდება “მხოლოდ გავლენიანი ეკონომიკური წრეების ინტერესში მყოფი საწარმოების საგადასახადო დავალიანებისა გადავადება”.

ამავე მოსაზრებას იზიარებს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის წევრი დემურ გიორხელიძე. იგი დარწმუნებულია, რომ რესტრუქტურიზაციის უფლებას მიიღებენ ის საწარმოები, რომლებიც დაახლოებულნი არიან სახელისუფლო სტრუქტურებთან.

ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უსაფუძვლოს უწოდებს ამგვარ მოსაზრებას და აცხადებს, რომ “დავალიანების მქონე საწარმოთა წარმატებული პრივატიზება რომ მოხერხდეს, ინვესტორს საშუალება უნდა მიეცეს, საინვესტიციო სახსრები მიმართოს საწარმოს ფეხზე დასაყენებლად, ვალები კი შემდგომ გადაიხადოს”.

“საგადასახადო დავალიანებების, სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროში მომზადდა. საუბარია ისეთ საწარმოებზე, სადაც სახელმწიფოს წილი 50%-ზე მეტია. მათი დავალიანებები, ძირითადად, 1995-97 წლებში დააგროვეს და ამ ვალდებულებების გასტუმრებას ვერ ახერხებენ.

ექსპერტთა მოსაზრებით მრავალ საწარმოში ვალების დაგროვება ხელოვნურად მოხდა. ნულოვან აუქციონებზე დიდი საწარმოების პრივატიზაცია რამდენიმე ათას დოლარად მოხდა, რადგან ისინი იყიდებოდა ვალებთან ერთად, რაც მილიონებს შეადგენდა.

“ვალები იყო მიზეზი იმისა, რომ დიდი ინტერესი ამ საწარმოების შეძენისა, არ არსებობდა. ასეთი საწარმოები მათმა დირექტორებმა და მთავრობის გავლენიანმა პირებმა იაფად შეიძინეს. ახლა კი მათ ამ დავალიანების გადავადება და გაუქმება სურთ,” აცხადებს რომან გოცირიძე.

დავას იწვევს კანონპროექტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი. გადაწყვეტილება დავალიანების გადავადების თაობაზე პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. ეს კიდევ უფრო ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ამ კანონპროექტით გარკვეულ პრივილეგირებულ წრეთა კატეგორია ისარგებლებს.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დავალიანებათა გადავადება მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის მიერ შეიძლება მოხდეს. პრეზიდენტი კი უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ამ პროცესის მხოლოდ ინიციატორად გამოვიდეს.

ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელი იმ საწარმოთა შორის, რომლებიც კანონპროექტის ამოქმედებას ელიან ასახელებს “აზოტს”, “ფეროს”, “ჭიათურმანგანუმს”, რუსთავის მეტალურგიული ქარხანას და სხვა სამრეწველო საწარმოებს. მათი დიდი ნაწილი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მდებარეობს.

ზურაბ ნოღაიდელის მიერ ჩამოთვლილ საწარმოთა ერთი ნაწილი გაჩერებულია და არ მუშაობს. მაგალითად გამოდგება რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, რომლის ამოქმედების აუცილებლობაზე პრეზიდენტი შევარდნაძე თითქმის ყველა თავის საჯარო გამოსვლაში საუბრობს.

ყოველ ფინანსურ წელს ზარალით ასრულებს რუსთავის ქიმიური მრეწველობის გიგანტი “აზოტი”, რომლის პრივატიზაციამაც 1999 წელს სკანდალი გამოიწვია, იმის გამო რომ იგი პრეზიდენტის სიძის გია ჯოხთაბერიძის კომპანიამ შეიძინა. სკანდალის შედეგად ჯოხტაბერიძე იძულებული გახდა საწარმოს აქციები სახელმწიფოსთვის დაიბრუნებინა.

ასევე ხმაურით აღინიშნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმის” პრივატიზაცია, როდესაც ამ საწარმოებში მისულმა ინვესტორებმა ვერ შეძლეს აღებული ვალდებულებების შესრულება.

აღნიშნული საწარმოების პრივატიზაცია მილიონიანი დავალიანებებით მართლაც სიძნელეებთან არის დაკავშირებული. თუმცა საქართველოში არსებული კორუფციის მაღალი დონე მართლაც იწვევს ეჭვს, რომ ვალების გადავადებისა და ჩამოწერის შემთხვევაშიც ამ საწარმოებს კვლავ გავლენიანი ეკონომიკური ჯგუფები ჩაიგდებენ ხელში, რომლებიც ექსპერტთა მონაცემებით ხელოვნურად ახდენდნენ დავალიანებების დაგრობებას. ასეთ შემთხვევაში არანაირი გარანტია იმისა, რომ დავალინაებების გადავადების საკითხი 15 წლის შემდეგაც დადგება არ არსებობს.

ჯერ-ჯერობით უცნბია თუ როდის მოხდება პარლამენტის მიერ “საგადასახადო დავალიანებების სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონპროექტის განხილვა. სავარაუდოა, რომ მისი პარლამენტში განხილვა დროში გაიწელება, კანონპროექტის წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო. 

გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button