
რეფორმატორთა ანტიკორუფციული მოძრაობა
ინტევიუ ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” თავმჯდომარესთან კოტე კემულარიასთან საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით კორუფციის დაძლევა რადიკალ რეფორმატორთა ფრაქციის “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” ძირითადი მიზანია. ფრაქციის წევრები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც “ახალი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერია, კობა დავითაშილი, ვანო მერაბიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ ადეიშილი და სხვები. რეფორმატორ პარლამენტართა ერთ ფრაქციაში გაერთიანებას დიდად შეუწყო ხელი მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში დაბრუნებამ. “დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონი, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა და განათლების სფეროს რეფორმირება – ეს ის მიმართულებებია, რომლის მეშვეობითაც კორუფციის დაძლევა უნდა მოხდეს,” აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე კოტე კემულარია. ფრაქციის წევრის, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიხელ სააკაშვილის ინიციატივით, გასული წლის დეკემბერში პარლამენტს განსახილველად “დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის” შესახებ კანონპროექტი წარედგინა. კანონპროექტი სახელმწიფო მოხელეების მიერ უკანონოდ შეძენილი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების წესს განსაზღვრავს. მისი განხილვა კომიტეტებში უკვე დაიწყო და დეპუტატების ერთი ნაწილის მხრიდან დიდი წინააღმდეგობაც შეხვდა. ამის მიუხედავად კოტე კემულარია იმედოვნებს, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თებერვალში იქნება შესაძლებელი. ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტის მიღება მხოლოდ ერთი ნაბიჯია კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. “აუცილებელია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის ფუნდამენტალურად შეცვლა, რადგან იგი კორუფციის ხელშემწყობი და წამახალისებელია”, მიიჩნევს კოტე კემულარია. 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საშემოსავლო ნაწილი მილიარდ 65 მილიონი ლარია. მაშინ როდესაც, “ჩვენი ფრაქციისა და ექსპერტთა გათვლებით, იდეალურ შემთხვევაში, საქართველოში წელიწადში ოთხი მილიარდი ლარის შეგროვებაა შესაძლებელი. ბიუჯეტში ამ თანხის ნახევარი მაინც უნდა ჩაიდოს”, აცხადებს კემულარია. ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საშემოსავლო ნაწილის შემცირება განზრახ ხდება, რადგან პოტენციურად შესაძლებელი გადასახადები ჩინოვნიკების ჯიბეებში წავიდეს. “მაგალითისთვის ბაზრობებიც კმარა. ყოფელთვიურად ბაზრობებიდან სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები 100 მილიონ ლარს კრეფენ. ეს თანხა, რა თქმა უნდა, მათ ჯიბეებში მიდის და არა ბიუჯეტში”, ამტკიცებს კემულარია. რეფორმატორთა ფრაქციის კედევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას განათლების სფეროს რეფორმირება წარმოადგენს. “ჩვენი ფრაქციის დიდ წარმატებად მივიჩნევ გასული წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ დებულებებს “საქართველოს უმაღლესი განათლების ძირითადი მიმართულებების შესახებ”, რომლის მეხედვითაც უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები უნდა გაუქმდეს”. კემულარიას განცხადებით, განათლების მინისტრი ალეკო კარტოზია აღნიშნული დებულებების მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. კოტე კემულარიას აზრით, უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში კორუფციის ძირითად წყაროს სწორედ მისაღები გამოცდები წარმოადგენს. ყოველივე ამ მიზნის განსახორციელებლად ათ კაციან რეფორმატორთა ფრაქციას პარლამენტში მოკავშირეების მხადაჭერის იმედი აქვს. ამგვარ მოკავშირეებად კოტე კემულარია ფრაქციებს “ტრადიციონალისტს” და “მოქალაქეთა კავშირში” შემავალ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრებს მიიჩნევს. კორუფციასთან ბრძოლის პარალელურად ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” აქტიურად მუშაობს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიმართულებით, რათა შესაძლებელი გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ფრაქციას უკვე დაწყებული აქვს დეპუტატებს შორის ხელმოწერების შეგროვება, რათა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილოს. თუმცა ჯერ-ჯერობით ინიციატივას მხოლოდ 37-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი, მაშინ როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების განსახილველად 118 პარლამენტარის ან 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო. “დეპუტატების პასიურობის გამო გადავწყვიტეთ მოსახლეობაში დაგვეწყო ხელმოწერების შეგროვება. ჩვენ თუ შევძელით შემოდგომისთვის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ეს დიდი მიღწევა იქნება”, აცხადებს კოტე კემულარია. მანამდე კი ფრაქცია, “ახალ ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. მოძრაობამ, რომელიც პარტიად თებერვალში გაფორმდება, როდესაც მისი პირველი ყრილობა ჩატარდება, აქტიურად დაიწყო დასაყრდენების შექმნა საკრებულოებში. თბილისის საკრებულოში მოძრაობას უკვე ყავს თავისი ფრაქცია. კოტე კემულარია აცხადებს, რომ საქართველოს სხვა ოთხ საკრებულოშიც ფრაქციების შექმნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.ფრაქცია შეიქმნა 2001 წლის დეკემბერში.
გაერთიანებულია 10 დეპუტატი.
ფრაქცია ახლად ჩამოყალიბებული პარტია “ახალი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო დასაყრდენს წარმოადგენს.