
მოქალაქეთა კავშირის დაშლა დროებით შეჩერდა
სმკ ახალ წელს ახალი ხელმძღვანელობით ხვდება ზავი ამ ორ პოლიტიკოსს შორის 22 დეკემბრის ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე იქნა მიღწეული. კულუარული ინფორმაციით, 21 დეკემბერს მოქალაქეთა კავშირის ოფისში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა კონსულტაციები ჟვანიასა და მამალაძის მომხრეებს შორის. შედეგად, გარიგება შედგა და ყოველგვარი ხმაურისა და სკანდალის გარეშე ჩაიარა. 22 დეკემბრის ყრილობაზე არსებული მშვიდი გარემო იმანაც უზრუნველჰყო, რომ მას არ დასწრებიან ჟვანიას ის მოწინააღმდეგეები, რომელთაგანაც პარტიის გაწმენდას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გეგმავდა. არც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე და არც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი ყრილობაზე არ მისულა, თუმცა ორივე მათგანი პარტიის მმართველი ორგანოს – მთავარი საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ. აღსანიშნავია, რომ მთავარი საბჭო 22 დეკემბრის ყრილობის დელეგატებმა გააუქმეს, ისევე როგორც პარტიის თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის თანამდებობები. 22 დეკემბრიდან მოქალაქეთა კავშირის მმართველი ორგანო საორგანიზაციო საბჭოა, რომელშიც 9 გავლენიანი “მოქალაქე” შედის – ზურაბ ჟვანია, ედვარდ სურმანიძე, გიორგი ბარამიძე, ომარ გოგიაშვილი, ლევან მამალაძე, მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, ელდარ შენგელაია, მარინა მოლოდინი. პარტიის აღმასრულებელ მდივნად ყრილობამ ლევან მამალაძის ჯგუფის წევრი გელა კვარაცხელია აირჩია, რომელიც პარლამენტში სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულია ზურაბ ჟვანია, მის მოადგილედ კი პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი ედვარდ სურმანიძე. “ჩვენ უნდა გავხდეთ ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია. იმის მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდება, არასერიოზულია. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ყრილობაზე, რომელიც ორ-სამ თვეში უნდა გაიმართოს, ეს პროცესი საბოლოოდ დაგვირგვინდება”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც 2001 წლის ნოემბერში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ხელისუფლების პოლიტიკურ კურსთან შეუთანხმებლობის მოტივით დატოვა. მისი თქმით, ნოემბრის მოვლენებმა დააფიქსირა განხეთქილება პრეზიდენტსა და პარტიის ლიდერებს შორის, რასაც “წინ უძღოდა 1,5 წლის განმავლობაში პარტიის შიგნით ძალიან სერიოზული კამათი, დისკუსიები შიდა პოლიტიკის ყველაზე საკვანძო საკითხებზე და პირველ რიგში, მიდგომებზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით”. ამ გაცხადებული განხეთქილების მიუხედავად პრეზიდენტ შევარდნაძესა და მოქალაქეთა კავშირის ლიდერებს შორის, შევარდნაძე პარტიაში რჩება. 22 დეკემბერს ყრილობაზე გამოსვლისას ის, ძირითადად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და გლობალურ ეკონომიკურ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას. პრეზიდენტმა ნაკლები ისაუბრა საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე შიდაპარტიულ პრობლემებზე. მან საჭიროდ არ მიიჩნია გამოსვლაში ეხსენებინა ის “მოქალაქეები”, რომლებიც დაპირისპირებულნი არიან პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან. დაპირისპირებასთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ “პარტიას ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს. არ მინდა ამ პროცესს სკანდალური სახე ჰქონდეს. ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ დღეს სრულიად სხვაგვარი პარტია ყალიბდება”. პარტიის ყრილობას არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დაესწრნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინათ ახალი ნაციონალური მოძრაობა დააფუძნეს. მათ პარლამენტში საკუთარი 10-კაციანი ფრაქციაც შექმნეს. ფრაქციის შემადგენლობაში, ძირითადად, ის პარლამენტარები არიან, რომლებიც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიით გამოდიოდნენ და 2001 წლის შემოდგომამდე ამავე სახელწოდების ფრაქციის წევრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიხელი სააკაშვილის ე.წ. “რადიკალური რეფორმატორები” ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან, 22 დეკემბერს ყრილობაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “მოქალაქეთა კავშირი”, მართალია, არ იქნება ხელისუფლების ადვოკატი, მაგრამ ის არც რევოლუციურ სიტუაციებს შეუწყობს ხელს. გიორგი კალანდაძე, “სივილ ჯორჯია”მოქალაქეთა კავშირი დაშლას გადაურჩა. 22 დეკემბერს ჩატარებული ყრილობა მოსალოდნელი სკანდალის გარეშე წარიმართა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოქალაქეთა კავშირის რიგით წევრად დარჩენა ამჯობინა, თავად პარტიაში კი ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ზურაბ ჟვანია და ლევან მამალაძე მოქალაქეთა კავშირს, მინიმუმ, 2002 წლის გაზაფხულამდე, პარტიის მომავალ ყრილობამდე უხელმძღვანელებენ.